სამართალი

მერაბიშვილი: პოლიციას უფრო მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე – „ნაციონალურ მოძრაობას“

26 აპრილი, 2012 • 1168
მერაბიშვილი: პოლიციას უფრო მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე – „ნაციონალურ მოძრაობას“

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა პარლამენტში სამთავრობო საათზე აღნიშნა, რომ არც ოსეთი და არც აფხაზეთი რუსეთს არ სჭირდება. რუსეთს აფხაზეთი და ოსეთი სჭირდება საქართველოს წინააღმდეგ.

“მე ვაცხადებ ახლა, რომ არც ოსეთი და არც აფხაზეთი რუსეთს არ სჭირდება. რუსეთს აფხაზეთი და ოსეთი სჭირდება საქართველოს წინააღმდეგ. მათ სჭირდებათ საქართველო მთლიანად, ერთიანად და მათი მარიონეტული მთავრობები არიან რიგითი ჩინოვნიკები დიდ რუსულ იერარქიაში, რომელთა შემადგენლობაშიც არიას ფეესბე, გრუც. მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს წინააღმდეგ აქტიურად მუშაობს გრუ და ჩვენს სამსახურს უხდება ამ სამსახურის წინააღმდეგ მოქმედება”, – განაცხადა მერაბიშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა პარლამენტში სამთავრობო საათზე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ქვეყნის მასშტაბით კრიმინალი შემცირდა და საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც პოლიციას დამნაშავის წინააღმდეგ ბოლო 3 წლის განმავლობაში იარაღი არ გამოუყენებია.

ვანო მერაბიშვილმა სამთავრობო საათზე გამოსვლისას უარყო საპარლამენტო უმცირესობის, ოპოზიციური ფრაქციის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ  საქართველოს პოლიცია პოლიტიზებულია.

„საზოგადოებაში რომ არსებობდეს განცდა, რომ პოლიცია პოლიტიზებულია, მისი რეიტინგი დაბალი იქნებოდა“, – აღნიშნა მერაბიშვილმა და დასძინა, რომ საზოგადოებაში პოლიციას უფრო მეტი რეიტინგი აქვს (87 პროცენტი), ვიდრე – „ნაციონალურ მოძრაობას“.   

მინისტრმა სიახლეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოხდება ქართული პოლიციის გამჭვირვალე შენობების ექსპორტი ლიტვაში.

“ეს იქნება ქართული რეფორმის პირველი ექსპორტი, ქართული პოლიციის შენობა დაიდგმება ლიტვაში”, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა და აღნიშნა, რომ მინიმუმ ხუთ ქვეყანაში იგეგმება მსგავსი გამჭვირვალე შენობების დადგმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა პარლამნეტი უკვე დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი