სამართალი

სასამართლო: გოგორელიანის თანმხლები პირები არ გაუსამართლებიათ

20 აპრილი, 2012 • 1004
სასამართლო: გოგორელიანის თანმხლები პირები არ გაუსამართლებიათ

თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, ლაშა გოგორელიანი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად 500 ლარით იქნა დაჯარიმებული.

მასთან ერთად დაკავებული სხვა პირების შესახებ ინფორმაცია სასამართლოში, როგორც პრესსამსახურში აცხადებენ,  არ ფიქსირდება, ანუ გუშინ სასამართლოს წინაშე მხოლოდ გოგორელიანი იქნა წარდგენილი.

ლაშა გოგორელიანის ძმა ლევან გოგორელიანი (“ფაქო”) გუშინ ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებდა, რომ მის ძმასთან ერთად დააკავეს მისი კიდევ ორი მეგობარი:

“ჩემს მანქანაში იჯდა თავის 2 მეგობართან ერთად და სამივე წაიყვანეს და ჩემი მანქანაც წაიღეს. გაურკვეველი ადამიანები იყვნენ იმიტომ, რომ იყვნენ ჩვეულებრივად სამოქალაქო ფორმებში ჩაცმულები და 6 მანქანით იყვნენ. ჰყავთ მოდულის შენობაში,” – განაცხადა ლევან გოგორელიანმა.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლაშა გოგორელიანთან ერთად დაკავებულები იყვნენ მისი მეგობრები – თენგიზ აბდალაძე და რევაზ ქიტიაშვილი. თუმცა სასამართლოში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საქმეზე მათთან მხოლოდ გოგორელიანის პროცესი გაიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ლაშა გოგორელიანი იმის გამო დააკავეს, რომ ვახტანგ მელიქიძის თანმხლები პირი იყო, რომელსაც, ზურაბ გვენეტაძის თქმით, ნარკოტიკული ნივთიერება აღმოუჩინეს, მოგვიანებით გოგორელიანი ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანეს.

“ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდა ვახტანგ მელიქიძეს და ის მის თანმხლებ პირებთან ერთად დააკავეს. მელიქიძისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ”, – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ზურაბ გვენეტაძემ გუშინ “ნეტგაზეთთან” საუბარში.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლი, რომლითაც გაასამართლეს ლაშა გოგორელიანი, ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენას ან შენახვას გასაღების მიზნის გარეშე, ანდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას ექიმის დანიშნულების გარეშე, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

ლაშა გოგორელიანის ძმა ლევან გოგორელიანი (“ფაქო”) “რუსთავი 2”-ის “კომედი შოუს” თანამშრომელი იყო, რომელიც ცოტა ხნის წინ ბერა ივანიშვილის Georgian dreams studio-ში გადავიდა ამავე შოუს სხვა რამდენიმე წარმომადგენელთან ერთად.

ამავე თემაზე:

შსს: გოგორელიანი ნარკოლოგიურ შემოწმებაზეა გადაყვანილი

მასალების გადაბეჭდვის წესი