2011 წელს სახელმწიფოს სასარგებლოდ საქართველოს რეგიონებში მიწის და ქონების ჩუქებისა და მიტოვების ფაქტები დაფიქსირდა.
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წევრი კახა კოჟორიძე ამბობს, რომ პირები, რომლებმაც ქონება სახელმწიფოს აჩუქეს ან მიატოვეს, საჯარო განცხადებებს არ აკეთებენ, მედიასთან ურთიერთობას გაურბიან და არც სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავენ.
არასამთავრობო ორგანიზაციების „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი კვლევის თანახმად, 2010 წელს საირმეში 13–დან 23 დეკემბრის ჩათვლით სახელმწიფოსათვის ქონების ჩუქების ოცი და უძრავი ქონების მიტოვების ორი შემთხვევა დაფიქსირდა. კურორტ ბახმაროში მსგავსი ფაქტი 2011 წლის 13–25 იანვარს მოხდა. 79–მა კერძო პირმა უძრავი ქონება მოულოდნელად მიატოვა.
„ქონების ჩუქებისა და მიტოვების დოკუმენტურად დადასტურება საჯარო რეესტრის მონაცემთა საშუალებით ადვილია. როგორც წესი, ქონების ჩუქებისა და მიტოვების შემთხვევები არა მხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ დროშიც ემთხვევა ერთმანეთს. საირმეში და ბახმაროში რამდენიმე ათეულმა ადამიანმა გააჩუქა და მიატოვა ქონება სახელმწიფოს სასარგებლოდ. უმრავლესობა ფიზიკური პირია, რომელსაც, მოტოვებული და სახელმწიფოსათვის გაჩუქებული ქონების გარდა, სხვა საკუთრება არ გააჩნია,“ – ამბობს კოჟორიძე.
2010 წლის 10 მაისიდან 2011 წლის 21 იანვრამდე პერიოდში სახელმწიფომ, საჯარო რეესტრისთვის მიმართვის გზით, კურორტ საირმეში მდებარე მიწის ნაკვეთები საკუთრებაში დაირეგისტრირა. მიწის ნაკვეთები საკუთრებაში შპს “კურორტ საირმეს“ გადაეცა (376 477 კვადრატული მეტრი. შპს–ს საინდენტიფიკაციო კოდი 22508576). 13 დეკემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით სახელმწიფომ კერძო მესაკუთრეებისგან ჩუქებით მიიღო 25 137 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთები, რომლებიც მოგვიანებით შპს „კურორტ საირმეს“ დაურეგისტრირდა საკუთრებაში.
2011 წლის 18 თებერვლამდე შპს „კურორტ საირმეს“ 100– პროცენტიან წილს სახელმწიფო ფლობდა. 18 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულებით, კურორტი საკუთრებაში გადეცა „საირმის განვითრების კომპანიას“. იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის თანახმად, შპს „საირმის განვითერბის კომპანიის“ 100 პროცენტს საქართველოს მეშვიდე მოწვევის პარლამენტის (ორი კომიტეტის) და „ნაციონალური მოძრაობის წევრი“ თემურ კოხოძე ფლობს, რომელიც “თეგეტა მოტორსის” მეპატრონეცაა.
კახა კოჟორიძის განცხადებით, კოხოძე აცხადებს, რომ მან საირმის 100 პროცენტი კანონდარღვევის გარეშე შეიძინა. მოსახლეობა კი, რომელმაც სახელმწიფოს თავისი ქონება აჩუქა, ამ თემაზე არ საუბრობს.
„კურორტ ბახმაროში, ვიდრე მოსახლეობა ქონებას მიატოვებდა, ის საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა. რატომ დაარეგისტრირეს ქონება საჯარო რეესტრში და შემდეგ რატომ მიატოვეს, ამ საკითხზე ბახმაროს მოსახლეობა არ საუბრობს,“ –ამბობს კოჟორიძე.
საირმისა და ბახმაროს შემდეგ ყველაზე გახმაურებულად ანაკლიის საქმე ითვლება. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელი ეკა ბოკუჩავა ამბობს, რომ ომარ აქუბარდიას საქმეს სტრასბურგის სასამართლო განიხილავს. აქუბარდიას სახელმწიფომ ანაკლიაში მის საკუთრებაში არსებული 47,92 ჰექტარი მიწა ჩამოართვა და გაუყიდა. ის ერთადერთი მესაკუთრეა, რომელიც უკანონოდ გაყიდული მიწის დაბრუნებას დღემდე ცდილობს.
ანაკლია საკურორტო ზონად საქართველოს პრეზიდენტმა 2009 წლის 8 სექტემბერს გამოაცხადა. კურორტის განვითრების პროექტი ესპანელმა არქიტექტორებმა შეადგინეს. კომპანია „ანაკლია– პორტმა“ ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტებში საერთო სატრანსპორტო კვანძის მშენებლობის პროექტი წარადგინა. ამ პროექტის განსახორციელებლად „ანაკლია–პორტთან“ ხელშეკრულება დაიდო. კომპანიას პროექტზე 5 მილიარდი აშშ დოლარი უნდა დაეხარჯა.
„ანაკლია–პორტის“ 100– პროცენტიანი წილის მესაკუთრე რუსეთში მოღვაწე ქართველი მილიონერი თემურ ქარჩავაა. პრეზიდენტის 2009 წლის 21 დეკემბრის განკარგულებით, კომპანია „ანაკლია–პორტს“ პირდაპირი მიყიდვის წესით 6 340 455 ლარად ანაკლიაში 2 113 ჰექტარი (298 მიწის ნაკვეთი) გადაეცა.
ეკა ბოკუჩავას ინფორმაციით, ამ ფაქტს წინ უსწრებდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბრძანებულება საჯარო რეესტრის ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურისადმი, რომლის თანახმადაც, ანაკლიაში მდებარე 150 მიწის ნაკვეთი სამინისტროს საკუთრებაში უნდა გადასცემოდა. როგორც ჩანს, რეესტრს არც კი გადაუმოწმებია ინფორამცია მოთხოვნილ მიწებზე სხვისი საკუთრების უფლების არსებობის შესახებ.
ომარ აქუბარდია „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ მიწა, რომელსაც საკუთრებაში 2007 წლიდან ფლობდა და საჯარო რეესტრში ჰქონდა დარეგისტრირებული, 2010 წელს გაუყიდეს.
მან საჯარო რეესტრის ამონაწერში ცვლილებები 2009 წლის 3 დეკემბერს აღმოაჩინა. ამონაწერის გრაფაში სიტყვა „დაზუსტებული“ „დაუზუსტებლით“ შეიცვალა. მოხდა ნაკვეთის საკადასტრო კოდის შეცვლაც.
„2010 წელს გამოვიდა ბრძანება, რომელიც მიწის მფლობელს ელექტრონული აზომვითი ნახაზის შედგენას ავალდებულებდა. საჯარო რეესტრში მივედი, რომ მიწა ელექტრონულადაც დამერეგისტრირებინა. საჯარო რეესტრში მითხრეს, რომ მიწა სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდაო. 48 ჰექტრიდან ჩემს საკუთრებაში მხოლოდ ერთი ჰექტარი ფიქსირდებოდა,“ – ამბობს აქუბარდია.
ომარ აქუბარდიამ „ანაკლიის საქმე“ საქართველოში ყველა ინსტანციის სასამრთლოში წააგო. ეკა ბოკუჩავა „ნეტგაზეთან“ საუბარში ამბობს, რომ 2010 წელს საჯარო რეესტრის მიერ ელექტრონული აზომვითი ნახაზის შემოღების შემდეგ მსგავსი ტიპის პრობლემა მიწის სხვა მესაკუთრეებსაც შეექმნათ:
„საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ქონებას სახელმწიფო ელექტრონული ვერსიით თვითნებურად ირეგისტრირებს. ხდება ე.წ „ზედდება“. მესაკუთრის მიერ ფურცელზე დარეგისტრირებული ქონება რეესტრში არ ჩანს. ასეთი ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში მესაკუთრეს სახელმწიფომ უნდა აღუდგინოს საკუთრების უფლება. ქაღალდზე და ელექტრონულად დარეგისტრირებული ქონება უნდა მოხვდეს ერთ ბაზაში, მაშინ ასეთი პრობლემები მიწის მესაკუთრეებს აღარ შეექმნებათ“.