შს სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, 2012 წლის 8 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილე, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი დავით რეხვიაშვილი დააკავეს.
“დავით რეხვიაშვილმა შპს „ინდუსტრია 2”-ის წარმომადგენელს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში (ქ.თბილისში კახეთის გზატკეცილის 38-ე კმ-ზე ავტომანქანების სადგომის მოწყობის სამუშაოების შესყიდვაში), გამარჯვების და შემდგომში მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის სახით გამოსძალა 60 000 ლარი.
ბრალდებულის სახით დაკავებული დავით რეხვიაშვილი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილით, გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია.
მოქმედი კანონმდებლობა აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის ითვალისწინებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას,”-ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.