სამართალი

აღასრულა თუ არა გირგვლიანის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილება საქართველომ

30 მარტი, 2012 • • 2294
აღასრულა თუ არა გირგვლიანის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილება საქართველომ

დავით ჯანდიერი
დავით ჯანდიერი

გირგვლიანის საქმის ადვოკატი მცდარს უწოდებს იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადებას, თითქოს  საქართველომ აღასრულა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით.

იუსტიციიის მინისტის მოადგილემ თინათინ ბურჯალიანმა 29 მარტს პარლამენტში განაცხადა, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საქართველოს მთავრობას დაეკისრა 50 ათასი ევროს გადახადა ოჯახის სასარგებლოდ იმ ხარვეზებისთვის, რასაც გამოძიებისას ჰქონდა ადგილი, უკვე აღსრულებულია.  მან ასევე  დასძინა, რომ ახლა მიმდინარეობს მუშაობა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტთან, რომელიც ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას ზედამხედველობს.

სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით შეკითხვა იუსტიციის მინისტრს ფრაქციამ “ერთობა სამართლიანობისთვის” გაუგზავნა  პარლამენტის სამთავრობო საათისთვის. თუმცა იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, ისევე როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, სამთავრობო საათზე არ მივიდა, ამიტომაც მის მაგივრად შეკითხვას მისმა მოადგილემ უპასუხა.

კითხვის ფორმულირება ასეთი იყო: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2011 წლის 14 იანვარს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სახელზე წარდგენილ იქნა სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისთვის მოქმედების წინასწარი გეგმა. ჩვენ გვაინტერესებს, რას ითვალისწინებს ხსენებული წინასწარი მოქმედების გეგმა. რა სახის ღონისძიებები აქვს დაგეგმილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სანდრო გირგვლიანის საქმეზე
გამოტანილი გადაწყვეტილების აღსასრულებლად.

 გარდა იმისა, რომ ბურჯალიანმა განაცხადა, ევროსასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებულიაო, მან სანდრო გირგვლიანის საქმეს უბედური შემთხვევა უწოდა.
იუსტიციის მინისტრის მოადგილის ასეთ შეფასებას ქრისტიან- დემოკრატების ლიდერი გიორგი თარგამაძე პარლამენტშივე გამოეხმაურა:

“ არ მეგონა, თუ დამჭირდებოდა პარლამენტში იმის ხაზგასმა და შეხსენება, რომ ამ მოვლენაზე არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება და ეს არის კრიმინალი, რომელშიც მონაწილეობდნენ შსს–ს თანამშრომლები. ეს არ არის უბედური შემთხვევა, სწორედ ამიტომაც არის აქტუალური საზოგადოებისთვის და იქნება მანამ, ვიდრე ყველა დამნაშავე შესაბამისად არ იქნება დასჯილი”.

ბურჯალიანმა ამაზე უპასუხა, რომ როგორც იურიტს, კარგად ესმის, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, თუმცა, მისი განმარტებით, “ადამიანურ ენაზე” ეს “უბედური შემთხვევა და ტრაგედიაა”.

ბურჯალიანის განმარტებით, გირგვლიანის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა და კონკრეტულმა პირებმა პასუხი აგეს ამ დანაშაულისთვის.

გირგვლიანის საქმის ადვოკატის დავით ჯანდიერის შეფასებით, იუსტიციის მინისტრის მოადგილის თინათინ ბურჯალიანის განცხადება სანდრო გირგვლიანის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე სიმართლეს არ შეესაბამება.  

“ამ განცხადებით ქალბატონი ბურჯალიანი თავის თავს ეწინააღმდეგება. თუკი გადაწყვეტილება აღსრულებულია, მაშინ რის თაობაზე აგრძელებს თანამშორმლობას მინისტრთა კომიტეტი. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის წესების მიხედვით, გადაწყვეტილება აღსრულებულად ჩაითვლება, როდესაც სათანადო რეზოლუციას მიიღებს მინისტრთა კომიტეტი”, – აღნიშნავს გირგვლიანების ოჯახის ადვოკატი ჯანდიერი ნეტგაზეთთან” საუბარში.  

ჯანდიერის აზრით,  ბურჯალიანი ამ განცხადებით ახდენს ევროპის სასამართლოს დისკრედიტაციას – თითქოს ევროპის სასამართლოში მომჩივანი იღებს მხოლოდ თანხობრივ კომპენსაციას და მეტი რეალურად ქმედითი დახმარების მიღება არ შეუძლიათ.

“ევროპის სასამართლოს ორი კომპეტენცია აქვს:

  1. თქვას, კონკრეტული მუხლის დარღვევას ჰქონდა თუ არა ადგილი და ამ შემთხვევაში თქვა, რომ სიცოცხლის უფლება დაირღვა, კონვენციის მე–2 მუხლი;
  2. განსაზღვროს თანხობრივი კომპენსაცია. ამ შემთხვევაში განისაზღვრა თანხობრივი კომპენსაცია 50 ათასი ევროს ოდენობით.

მეტი ევროპის სასამართლოს კომპეტენცია არ არის, ანუ მას არ აქვს უფლება, მოსთხოვოს სახელმწიფოს ხელახალი გამოძიება. ეს უკანასკნელი არის მინისტრთა კომიტეტის კომპეტენცია, რომელიც არის გადაწყვეტილებების აღმსრულებელი ორგანო.

ასევე მოხდა ცნობილი ჟურნალისტის ღონღაძის საქმის შემთხვევაშიც. როდესაც ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ სიცოცხლის უფლება დაირღვა  და გამოძიება არ იყო სათანადოდ ნაწარმოები, მოახდინა თანხობრივი კომპენსაცია, მაგრამ შემდგომ უკვე ეს გადაწყვეტილება უნდა გამოძიებულიყო ხელახლა თუ არა, ამის თაობაზე რეზოლუცია მიიღო მინისტრთა კომიტეტმა”, – აღნიშნავს ჯანდიერი.

ჯანდიერი აქვე განმარტავს, რომ მინისტრთა საბჭოს გადაეცა ეს საქმე მას შემდეგ, რაც ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოო გახდა. წესების მიხედვით, ის გადაეცა მინისტრთა კომიტეტს, რომელიც ზედამხედველობს გადაწყვეტილებების აღსრულებას.

სანდრო გირგვლიანი
სანდრო გირგვლიანი

“საქართველოს მთავრობა ვალდებული იყო წარედგინა გეგმა, თუ რა ღონისძიებების გატარებას აპირებს ამ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. 15 იანვარს მათ წარადგინეს წინასწარი გეგმა და არა სრულყოფილი გეგმა, ხოლო ამ გეგმის შინაარსი უცნობია, ვინაიდან მოითხოვეს კონფიდენციალურობის დაცვა. მინისტრთა კომიტეტის წესები ითვალისწინებს ასეთ შემთხვევაში კონფიდენციალურობის დაცვას. სრული გეგმა მათ წარდგენილი არ აქვთ იმის თაობაზე, თუ რის გაკეთებას აპირებენ. აქედან გამომდინარე, ვიდრე გეგმა არ იქნება წარდგენილი მთავრობის მიერ, ვიდრე ეს გეგმა არ იქნება დამტკიცებული ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ, ვიდრე ამ გეგმაში მითითებული გარემოებები არ მიიღებს შესრულების შემდეგ საბოლოო რეზოლუციას, თვითონ მინისტრთა კომიტეტის წესების მიხედვით, ეს გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული”, – განმარტავს ჯანდიერი.

მისივე თქმით, შეიძლება ძალიან უნდოდა ქალბატონ ბურჯალიანს იმის დემონსტრირება, რომ თითქოს მათ კეთილსინდისიერად აღასრულეს ევროსაბჭოს გადაწყვეტილება, მაგრამ ეს ასე არ არის.

“განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთი გარემოება. მინისტრთა კომიტეტის წესები ითვალისწინებს ორი პროცედურით საქმის აღსრულებას. პირველი, ეს არის მარტივი, ანუ სტანდარტული პროცედურა, როდესაც მთავრობასთან საპრობლემო არაფერია გადაწყვეტილების აღსრულების კუთხით და მეორეა არასტანდარტული, ანუ მხარდაჭერილი პროცედურა, როდესაც საჭიროა გარკვეული რეკომენდაციების მიცემა გადაწყვეტილების აღსრულებისთვის, ან როდესაც ხელისუფლება არ ასრულებს სათანადოდ გადაწყვეტილებას. ეს საქმე მინისტრთა კომიტეტმა სწორედ დაარეგისტრირა მხარდაჭერილი პროცედურის შესაბამისად და როგორც რამდენიმე ხნის წინ თვითონ ბურჯალიანმა აღიარა, მინისტრთა კომიტეტის ექსპერტები იყვნენ ჩასულები და კონკრეტულად წარუდგინეს ის წინადადებები და ღონისძიების პაკეტი, რაც მათ უნდა განახორციელონ”, – ამბობს ჯანდიერი.

გირგვლიანის საქმის ადვოკატის განცხადებით, მინისტრთა კომიტეტი უყურებს, რა წერია გადაწყვეტილებაში. თუ გადაწყვეტილებაში წერია, რომ ის არ არის გამოძიებული, შესაბამისად, ის დაავალებს მთავრობას, რომ ეს საქმე იქნას გამოძიებული.

“მინისტრთა კომიტეტი ნახავს, რომ პრეზიდენტის მიერ იმ ოთხი მსჯავრდებული პირის შეწყალება არ იყო სწორი და ამის გამოც მოხდა მე–2 მუხლის დარღვევა (სიცოცხლის უფლების უპატივცემულობა), შესაბამისად, ეს ხალხი უნდა შეაბრუნონ უკან და მათ მოიხადონ სასჯელი ბოლომდე”, – აღნიშნავს ჯანდიერი.

გადაწყვეტილება საქმეზე “ირინა ენუქიძე და გურამ გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ”  ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2011 წლის აპრილში გამოაქევეყნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი