სამართალი

თამაზაშვილის საქმეზე ექსპერტები დაკითხეს

27 მარტი, 2012 • 1166
თამაზაშვილის საქმეზე ექსპერტები დაკითხეს

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლში თამაზ თამაზაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა. სხდომაზე ექსპერტები დაკითხეს. თამაზაშვილი “ქართული ოცნების” საინიციატივო ჯგუფის წევრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრია.

იგი 2011 წლის ოქტომბერში დააკავეს და ბრალი იარაღის უკანონოდ შეძენა/ შენახვა/ტარებისთვის წაუყენეს. თამაზ თამაზაშვილი კახეთის პოლიციის უფროსი იყო.

დღევანდელ სხდომა თავად თამაზაშვილიც ესწრებოდა, თუმცა მისი დაკითხვა მომავალ სასამართლო მოსმენაზე იგეგმება, თავად დაცვის მხარის მოთხოვნით.

პროცესზე 3 ექსპერტი დაიკითხა. მათ სასამართლოს თავიანთი დასკვნები გააცნეს და მხარეების შეკითხვებს უპასუხეს. საქმიდან ამოღებული იარაღებიდან ერთეული იარაღები პირდაპირი დანიშნულებით გამოყენებისთვის გამოუსადეგარი აღმოჩნდა, თუმცა დიდი ნაწილი იარაღებისა, მათ შორის ცეცხლასროლი სამონადირეო იარაღები, სრულფასოვან მდგომარეობაშია. ასევე  ამოღებულია ვაზნები.

შეუსაბამობა, რომელიც დაფიქსირდა ექსპერტების დასკვნაში, ექსპერტიზისთვის გადაცემულ იარაღის ფუთების რაოდენობას უკავშირდება.  ექსპერტს, ზაზა ზაზაძეს ექსპერტიზის დასკვნაში უწერია, რომ გადასცეს 13 ფუთა, თუმცა იმავე დასკვნაში აღნიშნულია 14 ფუთაც. დაცვის მხარის შეკითხვას აღნიშნულ შეუსაბამობასთან დაკავშირებით, ზაზაძემ უპასუხა, რომ ეს მექანიკური შეცდომაა, რადგან კვლევაშიც და ფოტოცხრილშიც 13 ფუთა ფიქსირდება.

თამაზ თამაზაშვილის  ადვოკატმა ლილი გულაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ექსპერტების დაკითხვის პროცედურა დაცვის მხარისთვის მეორეხრისხოვანია:

“ფორმალურ მხარეს ატარებდა მხოლოდ, ვინაიდან ექსპერტები იარაღის ვარგისიანობაზე მსჯელობდნენ, მაგრამ ჩვენ სადავოს ვხდით მთელ რიგ იარაღების არსებობას. ავტომანქანიდან იარაღის ამოღება არ მომხდარა და ჩხრეკა არ ჩატარებულა”.

ადვოკატის განცხადებით, თამაზაშვილს ტარების უფლება ჰქონდა, იარაღების ნაწილზე შენახვის ვადა გასული ჰქონდა. აქედან გამომდინარე, ადვოკატის განცხადებით, შენახვის ვადების დარღვევისთვის მისი ადმინისტრაციული წესით დასჯა საკმარისი იქნებოდა და არა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. გარდა ამისა, ადვოკატის ამბობს, რომ იარაღი, რომელიც ამოიღეს ავტომანქანიდან და რომლის საფუძველზეც აღიძრა სისხლის სამაღთლის საქმე, ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ უვარგისი იყო გამოყენებისთვის. თუმცა დაცვის მხარე ხაზსგასმით აღნიშნავს, რომ ჩხრეკა არ ჩატარებულა და იარაღი საერთოდ არ ამოუღიათ.

ბრალდების მხარემ, პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარზე უარი განაცხადა.

საქმეს მოსამართლე გიორგი არევაძე უძღვება. სასამართლო პროცესი 6 აპრილს განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი