”თავისუფალი დემოკრატების” ზუგდიდის ორგანიზაციის წევრ სერგო ჩაჩიბაიას ბრალს, სავარაუდოდ, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დღეს, 26 მარტს წაუყენებენ. ამის შესახებ ”ნეტგაზეთს” ”რესპუბლიკური პარტიის” ზუგდიდის ორგანიზაცის ხელმძღვანელმა ნონა თოლორაიამ განუცხადა.
ნონა თოლორაიას თქმით, სერგო ჩაჩიბაია გუშინ, 26 მარტს, ზუგდიდის ერთ-ერთ ავტოპროფილაქტიკაში იყო მისული, რა დროსაც მას უცნობი ადამიანი მიუახლვდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც გადაიზარდა შეხლა-შემოხლაში. უცებ გამოჩნდა პოლიციის მანქანა, პოლიციელებმა კი სერგო ჩაჩიბაია დააკავეს.
”ნეტგაზეთი” დაუკავშირდა შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხლემძღვანელს შოთა უტიაშვილს, რომელმაც სერგო ჩაჩიბაიას დაკავების ფაქტი დაადასტურა, თუმცა დეტალების გასარკვევად პრესსამსახურთან დაკავშირება გვირჩია. შსს-ს პრესამსახურის ხელმძღვანელმა ზურა გვენეტაძემ კი განგვიცხადა, რომ ”თავისუფლაი დემოკრატების” წევრის დაკავებაზე არაფერი არ იცის.
”რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენლის, ნონა თოლორაიას თქმით, სერგო ჩაჩიბაიას დაკავების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათის მანძილზე ცნობილი არ იყო. დაკავებულთან გუშინვე შევიდა საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელმაც ჩაჩიბაიას თანაპარტიელებს განუცხადა, რომ დაკავებულს ცემის კვალი არ ეტყობა.
”ამწუთას ვიმყოფებით ზუგდიდის პოლიციის განყოილების წინ და ველოდებით ადვოკატს, რომელიც შიგნით არის შესული. ჩაჩიბაიას ბრალს, ალბათ, ახლა წაუყენებენ,” – განუცხადა ”ნეტგაზეთს” ნონა თოლორაიამ. ის მიიჩნევს, რომ სერგო ჩაჩიბაია პოლიტიკური ზეწოლის მიზნით დააკავეს.