საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უახლოეს მომავალში კიბერ-დანაშაულზე რეაგირების სამსახური ”24/7” შეიქმნება. მანამდე კი შსს-ს თანამშრომლებისთვის 20-21 მარტს თბილისში იმართება რეგიონული სემინარი კიბერ–დანაშაულთან ბრძოლის საკითხზე.
”კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გასული წლის პირველი მარტიდან ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მხარდაჭერით და გაგრძელდება 2013 წლის 31 აგვისტომდე. პროექტის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ევროპისა და საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენებით კიბერდანაშაულთან ბრძოლის ეფექტური სისტემის შექმნა,” – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რაც შეეხება კიბერ-დანაშაულზე რეაგირების სამსახურის შექმნას, ეს არის საქართველოს პირველი კიბერ-უსაფრთხოების კონცეფციის ერთ-ერთი კომპონენტი. საქართველოს პირველი კიბერ-უსაფრთხოების კონცეფცია რამდენიმე დღის წინ საქართველოს უშიშროების საბჭომ წარმოადგინა. პროექტის პირველი საჯარო განხილვაც უკვე გაიმართა. აღნიშნული პროექტი საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში უნდა დაამტკიცოს.