სამართალი

”ასავალ-დასავალის” ჟურნალისტები პროკურატურას მიმართავენ

21 მარტი, 2012 •
”ასავალ-დასავალის” ჟურნალისტები პროკურატურას მიმართავენ

2011  წლის 26 მაისს, თბილისში, ოპოზიციის აქციის დაშლისას დაშავებულმა ”ასავალ-დასავალის” ჟურნალისტებმა დღეს, 21 მარტს მეტროსადგურ ”თავისუფლების მოედანთან” აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ ისინი პროკურატურას მათ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

გაზეთ ”ასავალ-დასავალის” ჟურნალისტებმა, ბექა სივსივაძემ და გიორგი მამაცაშვილმა, 26 მაისის საპროტეტსო აქციის დაშლისას ფიზიკური დაზიანებები მიიღეს – თითოეულ მათგანს სპეცრაზემელები დამიზნებით ეზროდნენ რეზინის ტყვიებს. მათ სხეულზე ათეულობით რეზინის ტყვია მოხდვა. ჟურნალისტებისთვის რეზინის ტყვიების სროლის ფაქტი აღბეჭდილია სტუდია ”მონიტორის” მიერ გადაღებულ ფილმში.

კითხვაზე, 2011 წლის 26 მაისიდან დღემდე რატომ არ მიმართეს სამართლებრივ გზებს საკუთარი უფლებების დასაცავად, ჟურნალისტები პასუხობენ, რომ ისინი მთელი ამ დროის მანძილზე პროკურატურისგან ელოდნენ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დაწყებას, დაზარალებულად ცნობასა და იმ პირთა სისხლის სამართლის წესით დასჯას, ვინც ბექა სივსივაძესა და გიორგი მამაცაშვილს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.

გიორგი მამაცაშვილმა და ბექა სივსივაძემ ”ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ისინი 26 მაისს, აქციის დაშლისას სამართალდამცავების მიერ მიყენებული დაზიანებების გამო ახლაც აგრძელებენ მკურნალობას და ამის დამადასტურებელი დოკუმენტებიც აქვთ. მათ ასევე აქვთ კერძო ექსპერტიზის ბიურო ”ვექტორში” ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები, სადაც დეტალურადაა აღწერილი ჟურნალისტთა დაზიანებები აქციის დაშლის შემდგომ. აღნიშნული დოკუმენტები ვიდეომასალასთან ერთად გადაეგზავნება პროკურატურას.

ჟურნალისტთა ინტერესებს სამი ადვოკატი – ლია მუხაშავრია, ლალი აფციაური და ეკა ბესელია – იცავს.

ეკა ბესელიას თქმით, ისინი პირველ რიგში შეეცდებიან, პროკურატურამ დაიწყოს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება,  ჟურნალისტები  მიიჩნიონ, დაისაჯონ დამნაშავე სამართალდამცავები და ამის შემდეგ იფიქრებენ სასამართლოსთვის მიმართვას ზიანის ანაღაურების მოთხოვნით. ეკა ბესელია ამბობს, რომ ”ასავალ-დასავალის” ჟურნალისტების საქმეს ადვოკატები ბოლომე მიყვებიან და თუ საჭირო გახდა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც მიმართავენ.

გაზეთ ”ასავალ-დასავალის” ჟურნალისტების დღევანდელ აქციას ესწრებოდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათ შორის ელისო ჩაფიძე ”ქართული ოცნებიდან”, ინგა გრიგოლია ”ქრისტიან-დემოკრატებიდან”, ნონა გაფინდაშვილი ”სახალხო კრებიდან”, ასევე პარლამენტარები ჯონდი ბაღათურია და დიმიტრი ლორთქიფანიძე. აქციაზე ასევე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ობიექტურად გამოძიების მოთხოვნით.

2011 წლის 26 მაისს, თბილისში აქციის დაშლისას დაშავებულ ჟურნალისტთა და მედიასაშუალებათა ნაწილმა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოს რამდენიმე თვის წინ მიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თეა თადაშვილმა 2011 წლის 26 დეკემბერს ნაწილობრივ დააკმაყოფილა ჟურნალისტების სარჩელი შსს-ს წინააღმდეგ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, 26 მაისის აქციის დაშლისას დაზიანებული ჯანმრთელობის მკურნალობის ხარჯები აუნაზღაურდებათ ”ნეტგაზეთის” ჟურნალისტებს– თაზო კუპრეიშვილსა და კონსტანტინე სტალინსკის, ასევე, გაზეთ ”გურია ნიუსის” ჟურნალისტ ნატო გოგელიას.

გარდა ამისა, სპეცრაზმელების მიერ წართმეული ორი ვიდეოკამერის ღირებულება – 1940 ლარი, აუნაზღაურდება “ნეტგაზეთის” დამფუძნებელ შპს ”გაზეთ ბათუმელებს,” ერთი ფლიპ კამერის ღირებულება– 304 ლარი კი, შპს ”რადიოცენტრპლუსს”.

”ნეტგაზეთის” ჟურნალისტებმა საქართველოს მთავარ პროკურატურას 2011 წლის ივნისში მიმართეს დაწყებულიყო სისხლის სამართლის გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე. გარდა ამისა, ”ნეტგაზეთმა” ასევე მოითხოვა იმ პირთა ვინაობის გასაჯაროვება, რომლებიც, შსს-ს მტკიცებით, ძალის გადაჭარბების გამო დაისაჯნენ. მიუხედავად ამისა,  სახელმწიფო უწყებებმა არცერთი ეს მოთხოვნა არ დააკამყოფილეს. ”ნეტგაზეთი” თავისი მოთხოვნების შესასრულებლად სამართლებრივ ბრძოლას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით აგრძელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი