სამართალი

”შეიარაღებული შეთქმულების” უიარაღო ორგანიზატორები

16 მარტი, 2012 •
”შეიარაღებული შეთქმულების” უიარაღო ორგანიზატორები

2011 წლის 26 მაისს, გამთენიისას, ქარელის რაიონში, ყინწვისის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს და 24 ადამიანი შეთქმულების ბრალდებით დააკავეს. ”ნეტგაზეთის” მიერ მოპოვებულ გამოძიების მასალებში კი ყველა მათგანის დაკავების ადგილად შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოა მითითებული, დაკავების დროდ კი – 27 მაისი. საქმეში სხვა ბუნდოვანი გარემოებებიც იკვეთება.

შეთქმულების პირვანდელი ვერსია

2010 წლის 30 მაისს, თბილისში აქციის დაშლიდან რამდენიმე დღეში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება: ”2011 წლის

ნიკა გოგუაძე დაკითხვისას
ნიკა გოგუაძე დაკითხვისას

26 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა  ყინწვისში [ქარელის რაიონი] დააკავეს შეიარაღებული დაჯგუფება 24 კაცის შემადგენლობით. როგორც დაკავებულების ჩვენებებიდან ირკვევა, მათ ხელმძღვანელობდა საქართველოს ყოფილი შსს მინისტრი და ასევე, მხედრიონის ერთ-ერთი ლიდერი თემურ ხაჩიშვილი, რომელიც ამ დროისთვის იმყოფება რუსეთის ფედერაციაში. ამ ჯგუფის მიზანი იყო საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული პროვოკაციების მოწყობა. დღეს წარმოგიდგენთ მტკიცებულების ერთ ნაწილს. კერძოდ, დაკავებულ პირთა აღიარებას და სატელეფონო საუბრებს.”

”ყინწვისის შეთქმულების” შესახებ ამ ინფრომაციას მასობრივი საინფორმაციო საშუალებები აქტიურად აშუქებდნენ და მუდმივად ციტირებდნენ შსს-ს ვებ-გვერდს, სადაც განცხადება იყო გამოქვეყნებული. დღეს, 2012 წლის 15 მარტს, აღნიშნული ინფორმაცია police.ge-დან წაშლილია და ყინწვისის შესახებ არაფერი იძებნება. მიუხედავად ამისა, პოლიციის ვებ-გვერდზე 2011 წლის მაისში გამოქვეყნებული ინფორმაცია ქეშირებული სახით შემოინახა საძიებო სისტემა Google-მა.

საინფორმაციო საშუალებებისგან განსხვავებით, გამოძიების მასალებში 24 ადამიანის ყინწვისში 26 მაისს დაკავება ნახსენები საერთოდ არ არის. ადვოკატების თქმით კი, 2011 წლის ზაფხულში გამართულ სასამართლო პროცესზე შეთქმულების ბრალდებით 24 ადამიანის ყინწვისში დაკავება პროკურორებმა საერთოდ უარყვეს.

”ნეტგაზეთის” მიერ მოპოვებულ დაკავების ოქმებში აღნიშნულია, რომ შეთქმულების მოწყობაში ბრალდებული პირები თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში მოწმის სახით დაკითხვის შემდეგ, 27 მაისს, გამთენიისას, 03:00 საათიდან 05:30 საათის შუალედში დააკავეს.

ჩვენ 15 მარტს მივმართეთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელს შოთა უტიაშვილს და ვკითხეთ, შსს-მ 2011 წლის 30 მაისს რატომ განაცხადა, რომ ყინწვისში შეთქმულები დააკავეს, როცა დაკავების ოქმებში თბილისია მითითებული. შოთა უტიაშვილი დაგვპირდა, რომ საკითხს 16 მარტისთვის გაგვირკვევდა, თუმცა დღეს უტიაშვილმა ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა. აღნიშნულ საკითხზე პასუხი გასამართლებული 24 პირის ადვოკატმა 2011 წლის ზაფხულიდან დღემდე ვერ მოიპოვა. სასამართლო პროცესზე ადვოკატები ითხოვდნენ გარკვევას, 26 მაისს, დილით დაკავებული პირები 27 მაისს გვიან ღამემდე სამართალდამცავებს სად ჰყავდათ და რატომ არის ფაქტობრივი უზუსტობა დაკავების ოქმებში. სასამართლოს აღნიშნული საკითხი არ გაურკვევია და მოსამართლემ არც მხარეთა შუამდგომლობა დააკმაყოფილა შოთა უტიაშვილის დაკითხვასთან დაკავშირებით.

გამოძიების მასალებიდან ირკვევა, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში დაიწყო და თბილისის მთავარ სამმართველოში გაგრძელდა. პროკურატურამ საქმის ბოლომდე გამოძიების უფლება შსს-ს დაუთმო.

დაკავებული 24 ადამიანიდან 22-მა პროკურატურასთან აღიარებითი ჩვენების საფუძველზე საპროცესო შეთანხმება გააფორმა. თუმცა ყველა მათგანი ციხეში დარჩა 3-დან 4.5 წლამდე პატიმრობის ვადით.

მიუხედავად აღიარებითი ჩვენებისა, იარაღის უკანონო შენახვისა და შეთქმულების ბრალდებით გასამართლებულ ნიკა გოგუაძეს 2011 წლის 12 აგვისტოს 12 წლით პატიმრობა მიესაჯა, კიდევ ერთ დაკავებულ ოლეგ კეშელავას კი – 8 წლით.

ჩხრეკის ოქმების მიხედვით, დაკავებულთა უმრავლესობის პირადი, ასევე, საცხოვრებლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას სამართალდამცავებმა ძირითადად ამოიღეს მხოლოდ ტელეფონები, გასაღებები, საბუთები და ”სხვადასხვა” ნივთები.

ოქმებში ასევე წერია, რომ დაკავებულთა პირადმა ჩხრეკამ ”მშვიდ გარემოში ჩაიარა” და ყველა მათგანმა განაცხადა, რომ პირადი ჩხრეკისას ”მოწმეთა დასწრებას არ ითხოვენ.” ჩხრეკის ჩატარების შემდეგ პროკურორმა პროკოფი ჭანკოტაძემ სასამართლოს მიმართა, რომ სასამართლო ნებართვის გარეშე, გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარებული ჩხრეკები კანონიერად მიჩნეულიყო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მამია ფხაკაძემ მისი ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა.

შსს-ს მიერ 2011 წლის მაისში გამოქვეყნებული განცხადება
შსს-ს მიერ 2011 წლის მაისში გამოქვეყნებული განცხადება

შსს–ს მიერ ”შეიარაღებულ დაჯგუფებად” დასახელებულ ადამიანთაგან, ჩხრეკისას, TT-ს სისტემის პისტოლეტი მხოლოდ ნიკა გოგუძის ავტომობილში აღმოჩნდა. მიხეილ ცილიკიშვილს ასევე აღმოაჩნდა იარაღი, რომლის შენახვა-ტარების უფლებაც მას ჰქონდა. სამართალდამცავებმა შაშხანა ამოიღეს დავით შუკაკიძის ჩხრეკისას, რომლის შენახვა-ტარების უფლებაც დაკავებულს ჰქონდა. კიდევ ერთი დაკავებულის, ბადრი ჩიგოგიძის სახლის ჩხრეკისას, მცხეთაში, სამართალდამცავებმა ხელყუმბარა და ლითონის ”ვაზნის მსგავსი” ნივთი იპოვეს. საქმის მასალების მიხედვით, სხვა შეიარაღება დაკავებულებს არ ჰქონიათ. ადვოკატთა კითხვაზე, თუ როგორ შეძლებდნენ შეუიარაღებელი ადამიანები ”შეიარაღებული შეთქმულების” მოწყობას და ხელისუფლების დამხობას, პროკურორებმა სასამართლო პროცესზე პასუხი ვერ გაცეს.

ადვოკატები ამბობენ, რომ 26 მაისს ყინწვისში დაკავებულები 27-ში იმიტომ გამოაცხადეს დაკავებულებად, რომ ამ ერთი დღის მანძილზე მათზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდნენ. დაკავებულთა ფიზიკური დაზიანებები 27 მაისს შედგენილ დაკავების ოქმებშიც არის აღნიშნული, თუმცა იქვე მითითებულია, რომ აღნიშნულმა პირებმა დაზიანებები დაკავებმადე მიიღეს.

სახეზე სისხლჩაქცევები ეტყობა ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის დამფუძნებელს ნიკა გოგუაძეს, რომელიც შსს-ს მიერ 2011 წლის 30 მაისს გავრცელებულ აღიარებით ჩვენებაში ყვება, თუ როგორ გეგმავდა ხელისუფლების დამხობას რუსეთის დახმარებით.

საბრალდებო დასკვნა და აღიარებითი ჩვენებები

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, 2010 წლის სექტემბერში ნიკოლოზ გოგუაძემ, რამაზ ღვალაძემ, ჯემალ გუნდიშვილმა და სხვებმა გადაწყვიტეს,
შეექმნათ მოძრაობა, რომელიც ჩამოაყალიბეს 2011 წლის 11 მაისს და დაარქვეს „ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობა უფლისა და სარწმუნოებისთვის.“ საბრალდებო დასკვნაში ასევე წერია, რომ აღნიშნულ მოძრაობაში ხელისუფლებაზე განაწყენებული ადამიანები გაწევრიანდნენ და გადაწყვიტეს არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების დამხობა.

გამოძიების ინფორმაციით, ამ მიზნით ნიკოლოზ გოგუაძე, რამაზ ღვალაძე, ჯემალ გუნდიშვილი და მათი სხვა თანამოაზრეები დანაშაულებრივად დაუკავშირდნენ კახაბერ თოდაძეს და სხვებს. მათი გეგმით კი ხელისუფლების დამხობა უნდა მომხდარიყო შემდეგნაირად: თბილისში სახალხო კრების აქციების ხელისუფლების მიერ დაშლის შემდეგ შეიქნებოდა ქაოსი, რა დროსაც, გამოძიების ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონიდან შემოვიდოდა 2000-მდე შეიარაღებული, ქართულად მოსაუბრე პირი და ისინი დაიკავებდნენ საქართველოს ხელისუფლების მეირ კონტროლირებად რომელიმე  დასახლებულ პუნქტს და რადიკალურ მოთხოვნებსაც წამოაყენებდნენ.

სამართალდამცავთა ცნობითვე, ბრალდებულები რეგულარულ შეხვედრებს აწყობდნენ თბილისში, ბაზალეთის ქუჩაზე მდებარე ნაქირავებ ოფისში და მოქმედების გეგმებს ადგენდენ. ბრალდების მხარის მტკიცებით, ისინი 24 მაისს გაემართნენ ქარელის რაიონში, ყინწვისის მონასტრისკენ, საიდანაც უნდა შეერთებოდნენ ცხინვალიდან შემოსულ 2000 შეიარაღებულ ადამიანს. მათი ქმედება კი სამართალდამცავებმა აღკვეთეს.

საბრალდებო დასკვნა მთლიანად ეფუძნება დაკავებული 24 ადამიანი ჩვენებას და მათი ნაამბობიდან გამომდინარეობს.

”ეროვნულ-სარწმუნოებირივი მოძრაობის” დამფუძნებელი ნიკა გოგუაძე ჩვენებაში ამბობს, რომ ხელისუფლების დამხობის იდეა და გეგმა მას რუსეთიდან მიაწოდეს, კერძოდ, ვალერი გელბახიანმა, გენერალმა რომან დუმბაძემ, პაატა მოდებაძემ და ყოფილმა მხედრიონელმა თემურ ხაჩიშვილმა.

ვალერი გელბახიანს სხვა დაკავებულებიც ასახელებენ ერთ-ერთ ორგანიზატორად. გელბახიანი ასევე ნახსენებია 2011 წლის მაისში მედიაში გავრცელებულ ცნობებში ყინწვისის საქმესთან დაკავშირებით.

ყოფილი დეპუტატი ვალერი გელბახიანი 2012 წლის 20 თებერვალს შსს-მ დააკავა სულ სხვა ბრალდების გამო, რისთვისაც ის 2008 წლიდან იძებნებოდა. ამ საქმეს კი ”ყინწვისის შეთქმულებასთან” კავშირი არა აქვს. გელბახიანი გირაოს წესით სასამართლო დარბაზიდან მალევე გაათავისუფლეს ისე, რომ ”ყინწვისის შეთქმულების” ორგანიზებისთვის მისთვის ბრალიც არ წაუყენებიათ.

კითხვაზე, რატომ არ დადგა ვალერი გელბახიანის პასუხისმგებლობის საკითხი, შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ვალერი გელბახიანს ამ საქმესთან არანაირი კავშირი არა აქვს და შეთქმულება თემურ ხაჩიშვილის გარემოცვამ დაგეგმა. მიუხედავად შსს-ს მაღალჩინოსნის მტკიცებისა, ვალერი გელბახიანი დაკავებულთა ჩვენებებში ერთ-ერთ ორგანიზატორადაა დასახელებული. საბრალდებო დასკვნა კი მთლიანად ბრალდებულთა აღიარებით ჩვენებებს ემყარება.

ოჯახი გაურკვევლობაში

ერთ-ერთი გასამართლებულის, ჯემალ გუნდიშვილის ცოლმა, ქეთევან კობერიძემ ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ჯემალ გუნდიშვილი ბოლო წლების

ქეთევეან კობერიძე
ქეთევეან კობერიძე

მანძილზე სხვადასხვა საეკლესიო დღესასწაულებს მონასტრებში აღნიშნავდა და ამის გამო სახლიდან 2-3 კვირითაც კი მიდიოდა.

”26 მაისს ვიცოდი სადაც იყო, ის ყინწვისის მონასტერში უნდა ყოფილიყო. 26-ში დილით ველაპარაკებოდი და მერე გავუბრაზდი, სახლში რატომ არ ბრუნდები-მეთქი. ამის შემდეგ მხოლოდ ჩემი და ესაუბრებოდა, რომელმაც მითხრა, რომ დილის 10-ზე მისი ტელეფონი გაითიშა. 27-ში საღამოს გავიგეთ, რომ დაუკავებიათ,” – ამბობს ქეთევან კობერიძე.

კობერიძის თქმით, ”ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობა” ”სახალხო კრების” აქციაზე მხოლოდ პირველ დღეს, 2011 წლის 21 მაისს მივიდა, აქციის ორგანიზატორებთან წარმოქმნილი უკმაყოფილების გამო კი აქციაზე შემდეგ არ გამოჩენილან.

ამ ფაქტს თავის ჩვენებაში მოძრაობის დამფუძნებელი, ნიკა გოგუაძეც ადასტურებს. მისი თქმით, ”სახალხო კრების” ლიდერებმა მას სცენაზე სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს.

ქეთევან კობერიძეს მიაჩნია, რომ ჯემალ გუნდიშვილი და მისი რამდენიმე მეგობარი ყველა დაკავებულს არც კი იცნობდნენ. შეთქმულების ბრალდებით გასამართლებული პირის ცოლს მიაჩნია, რომ თავისი ქმარი ხელისუფლების შურისძიების მსხვერპლი გახდა. კობერიძის თქმით, ჯემალ გუნდიშვილი ომის ვეტერანი და იმ შიმშილობის აქციის ორგანიზატორი იყო, რომელიც სამართალდამცავებმა 2011 წლის იანვრის დასაწყისში თბილისში, გმირთა მოედანზე დაშალეს.

ერთ-ერთი დაკავებულის, კახაბერ თოდაძის ადვოკატმა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა მიხეილ ღოღაძემ ”ნეტგაზეთს” რამდენიმე თვის წინ, განაჩენის გამოტანის შემდეგ განუცხადა: ”თავიდან ჩვენ, ადვოკატები, დარღვევად ვთვლიდით იმას, რომ მსჯავრდებულთა დაკავება მოხდა დარღვევით, თუმცა ამაზე დავა შევწყვიტეთ, რადგან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და არც კი გვიდავია მტკიცებულებებთან დაკავშირებით და არც დაკავების ოქმის კანონიერება არ გაგვისაჩივრებია.“

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის მიმართვას და საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას მხოლოდ ორი პირი  – ნიკა გოგუაძე და ოლეგ კეშელავა აპირებს. მათ ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ დაკავებულთა ჩვენებები სამართალდამცავებმა ფიზიკური ზეწოლის შედეგად მიიღეს და ისინი პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლნი გახდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი