სამართალი

სარჩელი 112-ის გაუქმების მოთხოვნით

15 მარტი, 2012 •
სარჩელი 112-ის გაუქმების მოთხოვნით

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე  მუხლი” თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ასაჩივრებს საქართველოს მთავრობის მიერ 2011 წლის 27 დეკემბრის გამოცემულ  #489 დადგენილებას  “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის -“112″-ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ” და მის ბათილად ცნობას ითხოვს.

არასამთავრობო ორგანიზაციის მტკიცებით, ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად, საქართველოს მთავრობის დადგენილება უნდა მიღებულიყო საქართველოს კონსტიტუციის, კანონებისა და საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების საფუძველზე. იმისათვის, რომ ნორმატიული აქტი ჩაითვალოს კანონიერად, იგი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მოქმედ კანონმდებლობას, მათ შორის კონსტიტუციის ნორმებს.

”აღნიშნულ შეთხვევაში სადავო ნორმატიული აქტი ეწინააღმდეგება მნიშვნელოვან კონსტიტუციურ პრინციპებს, კერძოდ,  თანასწორობის ძირითად უფლებას, რომელიც აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 38-ე მუხლებით, ასევე, ევროპის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-12 დამატებითი ოქმით.  მთავრობის დადგენილების სადავო პუნქტი არათანასწორ მდგომარეობაში აყენებს საქართველოს მოქალაქეებს, რადგანაც “112”-ის მომსახურების საფასურის გადახდა ეკისრებათ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც ფლობენ მობილურ ტელეფონებს და თვის განმავლობაში სატელეკომუნიკაციო მომსახურების შესაძენად ხარჯავენ 5 ლარზე მეტს,” – წერია განცხადებაში, რომელიც დღეს, 15 მარტს ”კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” გამოაქვეყნა.

ორგანიზაციის ცნობით, კონსტიტუცია არ მოითხოვს ყოვლისმომცველ, ტოტალურ გათანაბრებას, ის მხოლოდ მოითხოვს, რომ ადამიანთა ჯგუფებს შორის დიფერენცირება შეესაბამებოდეს მათ შორის რეალურ განსხვავებას და არ უნდა იწვევდეს მნიშვნელოვნად თანასწორთა მიმართ არათანასწორ მოპყრობას. ”კონსტიტუციის 42-ე მუხლში აცხადებენ,”თავისთავად ჩანს, რომ ამ შემთხვევაში ადამიანთა ჯგუფების  დიფერენცირების ისეთი კრიტერიუმი, როგორიცაა მობილური ტელეფონით სარგებლობა და თვის განმავლობაში მობილური ოპერატორის მომსახურებაში დახარჯული თანხის ოდენობა, არაგონივრულია, რადგანაც მობილური ტელეფონით სარგებლობა არ ნიშნავს იმას, რომ მობილურის მფლობელი უფრო მეტად საჭიროებს 112-ის დახმარებას, ვიდრე ადამიანი, რომელსაც არ აქვს ტელეფონი, ან საუბრისას მომჭირნედ ხარჯავს თანხებს. ვერ ვიტყვით, რომ ამ ადამიანებს “112”-ის არსებობის გამო რაიმე უპირატესობა ექნებათ, ან უკეთ იქნებიან დაცულები.

”დისკრიმინაცია და არათანასწორი მოპყრობა უფრო ნათლად იკვეთება, როდესაც განვიხილავთ იმ პირთა მდგომარეობას, რომლებიც ფლობენ რამოდენიმე მობილურ სააბონენტო ნომერს. მაგ: პირი, რომელიც ფლობს 3 მობილურ ნომერს, თვის განმავლობაში მის მიერ “112” -ისათვის გადახდილი თანხა სამჯერ აღემატება იმ პირის მიერ გადახდილ თანხას, რომელიც ფლობს მხოლოდ ერთ ნომერს, მიუხედავად იმისა, აღემატებოდა თუ არა, ჯამში, სამივე ნომრიდან  დახარჯული თანხა სხვა პირის მიერ ერთი ნომრიდან გახარჯულ თანხას და ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ იგი რაიმე უპირატესობით ისარგებლებს “112”-ის მომსახურებისას, ან უკეთ იქნება დაცული.  გარდა  თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპისა, დადგენილების სადავო მუხლები გაუმართლებლად ლახავს საკუთრების უფლებასაც.  პირი ვალდებულია გადაიხადოს ე.წ. “მომსახურების საფასური” იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი საერთოდ არ სარგებლობას ამ კონკრეტული მომსახურებით (შეგახსენებთ, მოსარჩელეების  სააბონენტო ნომრის ანგარიშიდან თანხის დაქვითვა მოხდა იმ დროს, როდესაც მომსახურების გამწევი სსიპ “112” არც კი არსებობდა). ყოველივე ეს   “მომსახურების საფასურის” ცნებას თავის ბუნებას უკარგავს, ასეთ დროს პირის მიერ გადახდილი თანხა არ შეიძლება წარმოადგენდეს მომსახურების  საფასურს, რადგანაც არ არსებობს პირის ნება მომსახურების მიღებაზე და რეალურად პირი არც სარგებლობს მომსახურებით. მიუღებელი მომსახურებისათვის საფასურის გადახდის დავალდებულება კი მნიშვნელოვნად ზღუდავს საკუთრების უფლებას, რადგანაც პირის მიერ გადახდილი თანხა ირიცხება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ანგარიშზე, ეს მოქმედება კი არაფრით განსხვავდება სახელმწიფოს მხრიდან საკუთრების ჩამორთმევისაგან,”- აცხადებს ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი.”

მთავრობის გადაწყვეტილებით, გასული წლის მიწურულს შეიქმნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „112“, რომლის საქმინობის ძირითადი სფერო იქნება – საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შესახებ ინფორმაციის მიღება, დამუშავება და მათზე შესაბამისი რეაგირება. ამ მიზნით იმუშავებს შეტყობინების მიღება ერთიანი სატელეფონო ნომრის საშუალებით (112). აღნიშნული სერვისის საფასური ფიზიკური პირებისთვის – 20 თეთრი – თვეში ერთხელ ჩამოიჭრება მობილური ტელეფონის ანგარიშიდან, თუ მობილურიდან თვის მანძილზე მინიმუმ 5 ლარი მაინც დაიხარჯა. იურიდიული პირებისთვის სერვისის საფასური 50 თეთრია.

მასალების გადაბეჭდვის წესი