სამართალი

მემკვიდრეებმა ოტია იოსელიანის ანდერძის გამო სასამართლოს მიმართეს

7 მარტი, 2012 •
მემკვიდრეებმა ოტია იოსელიანის ანდერძის გამო სასამართლოს მიმართეს

მწერალ ოტია იოსელიანის ანდერძის ბათილად ცნობის მოთხოვნით, მწერლის შვილებმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს. მათი მოთხოვნა პირველი ინსტანციის სასამართლომ დღეს, 7 მარტს მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, მოსარჩელეებმა, ოტია იოსელიანის შვილებმა – მანანა, რამაზ და აბესალომ იოსელიანებმა– 2011 წლის 3 ივნისსა და 2011 წლის 7 ივლისს შედგენილი ოტია იოსელიანის ანდერძების სრულად გაბათილება მოითხოვეს იმ საფუძვლით, რომ სადავო ანდერძები არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.  მწერალმა სიკვდილამდე თავის მემკვიდრეებს შორის შვილებთან ერთად ოჯახის ახლობლებიც დაასახელა. მან მანანა, რამაზ და აბესალომ იოსელიანებს საქართველოს ბანკის ბარათზე არსებული მთლიანი თანხა დაუტოვა. მეგობარ თეიმურაზ კეპულაძეს ,,ვოლვოს” მარკის ავტომანქანა და ”ტოიოტას”ჯიპი, ხოლო ლიბერთი ბანკის ბარათზე არსებული თანხა  თამარ გელოვანს უანდერძა. მანვე ეკლესიას 8000 ლარი უანდერძა, სამხატვრო სკოლას კი – 1000 ლარი. მწერლის შვილებმა თავიანთი სარჩელის მოპასუხეებად მხოლოდ თამარ გელოვანი და თეიმურაზ კეპულაძე დაასახელეს.

სასამართლოს პრესსამსახურის ცნობით, განხილვისას დადგინდა, რომ 2011 წლის 3 ივნისს შედგენილი ანდერძი არ იყო დაწერილი ოტია იოსელიანის მიერ, მასზე არსებული ხელმოწერა კი  ნამდვილად მწერალს ეკუთვნის. ამასთან, 2011 წლის 7 ივლისს  ტექნიკური საშუალებების გამოყენებით შესრულებული ანდერძის შედგენა და მასზე მოანდერძის  მიერ ხელმოწერის შესრულება არ მომხდარა ორი მოწმის თანდასწრებით.

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომლის თანახმად,  მოანდერძეს შეუძლია თავისი ხელით დაწეროს ანდერძი და ხელი მოაწეროს მას. ამავე   კოდექსის მიხედვით,   ანდერძის ტექსტი შეიძლება გადმოიცეს საზოგადოდ მიღებული ტექნიკური საშუალებებით, ოღონდ ხელმოწერილი უნდა იყოს მოანდერძის მიერ. ასეთ შემთხვევაში ანდერძის შედგენა და მოანდერძის მიერ ხელის მოწერა უნდა მოხდეს ორი მოწმის თანდასწრებით. მოწმეთა მიერ ანდერძის დადასტურება უნდა მოხდეს მოანდერძის მიერ ანდერძზე ხელის მოწერის შემდეგ დაუყოვნებლივ, მოანდერძისა და ორივე მოწმის თანდასწრებით ანდერძზე სათანადო წარწერის გაკეთებით, მოწმეთა სახელის, გვარისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით.

საქმის განხილვის დროს სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეთა მიერ მოპასუხედ არ იქნა დასახელებული ყველა ის პირი, ვისაც მოანდერძემ 2011 წლის 03 ივნისის და 2011 წლის 07 ივლისის  ანდერძებით ქონების გარკვეული ნაწილი უანდერძა. შესაბამისად, სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსზე დაყრდნობით   უარი უთხრა მოსარჩელეებს მწერლის ანდერძების სრულად ბათილად ცნობაზე და მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა ნაწილობრივ, მხოლოდ მოპასუხედ დასახელებული თამარ გელოვანის და თეიმურაზ კეპულაძის მიმართ გაცემული საანდერძო განკარგულების ნაწილში.

ეკლესიისა და სამხატვრო სკოლისთვის გადაცემული თანხასთან დაკავშირებით ანდერძი არ შეცვლილა.

ოტია იოსელიანი 2011 წლის 14 ივლისს წყალტუბოს რაიონის სოფელ გვიშტიბში 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი