საქართველოს პარლამენტი სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანას გეგმავს, რომლის მიხედვითაც რელიგიური,
რასობრივი, ენობრივი, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის მოტივი წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა დანაშაულის ჩადენისას.
კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპის კომისიის რეკომენდაცია, რომლის თანახმად, სისხლის სამართლის კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს რასისტული შეუწყნარებლობის მოტივს, როგორც დანაშაულის ზოგად დამამძიმებელ გარემოებას.
როგორც კანონპროექტის ავტორები წერენ, კანონპროექტი ემსახურება ადამიანის დაცვას რასისტული, ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური, ენობრივი შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენისგან. დოკუმენტის ავტორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები– კახა ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა. დოკუმენტის განხილვა პარლამენტში ჯერ არ დაწყებულა.