სამართალი

საქალაქო სასამართლო”ქართული ოცნების” ბრალდებებს პასუხობს

7 მარტი, 2012 • • 1104
საქალაქო სასამართლო”ქართული ოცნების” ბრალდებებს პასუხობს

თბილისის საქალაქო სასამართლომ საფუძველს მოკლებული უწოდა ”ქართული ოცნების” ბრალდებას სარჩელის წარმოებაში არმიღებასთან დაკავშირებით. შესაბამისი განცხადება სასამართლომ დღეს, 7 მარტს გამოაქვეყნა.

”ქართული ოცნების” ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 2012 წლის 2 მარტს შპს ”ქართუ მშენებლის” თანამშრომელმა ნუგზარ ხუციშვილმა პირველ მარტს შეტანილი სარჩელის საპასუხოდ მიიღო სასამართლო განჩინება, რომლითაც მას უარი ეთქვა სარჩელის განხილვაზე და სასამართლომ მას მოუწოდა, სასამართლოში შეეტანა არა სარჩელი, არამედ – საჩივარი.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს კონტროლის პალატამ 200-200 ათასი ლარით დაჯარიმა შპს ”ქართუ მშენებელი”, მოძრაობა ”ქართული ოცნება” და ნუგზარ ხუციშვილი. კონტროლის პალატის ვერსიით, ”ქრთუ მშენებლმა” ნუგზარ ხუციშვილს უჩვეულოდ მაღალი პრემია – 40 ათასი ლარი ჩაურიცხა, საიდანაც ხუციშვილმა 20 ათასი ლარი ”ქართულ ოცნებას” შესწირა. კონტროლის პალატამ მიიჩნია, რომ ეს კორუფციული გარიგება იყო და სამივე სუბიექტი თანხის ათმაგი ოდენობით – ჯამში, 600 ათასი ლარით დააჯარიმა.

კონტროლის პალატის ამ დადგენილების გასასაჩივრებლად ნუგზარ ხუციშვილმა სარჩელი სასამართლოში პირველ მარტს შეიტანა. ადვოკატების მტკიცებით კი მას სარჩელის განხილვაზე უარის უთხრეს და საჩივრის შეტანა შესთავაზეს.

”ეს განცხადება საფუძველს მოკლებულია, რადგან სასამართლოს უარი არ განუცხადებია სარჩელის განხილვაზე, არამედ სასამართლოს 2012 წლის 2 მარტის განჩინებით, ნუგზარ ხუციშვილს სარჩელზე დაუდგინდა ხარვეზი იმ საფუძვლით, რომ ნაცვლად სარჩელისა, მას სასამართლოსათვის უნდა მიემართა საჩივრით. ხარვეზის დადგენა არ წარმოადგენს სარჩელზე უარის თქმას და ამით პირს არ ეზღუდება სასამართლოსათვის მიმართვის უფლება. სასამართლოს განჩინებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 342-ე მუხლის მე-9 პუნქტით, განსაზღვრულია ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების სასარჩელო სამართალწარმოებისაგან განსხვავებული წესი. კერძოდ, ხსენებული ნორმის იმპერატიული დანაწესის თანახმად, ამ საქმეთა მიმართ გამოიყენება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალწარმოების წესი, რაც გამორიცხავს ამ კატეგორიის საქმეთა სხვა სამართალწარმოების წესით განხილვას,” -წერია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

სასამართლოს ინფორმაციით, ნუგზარ ხუციშვილს დაუბრუნდა სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 3 000 ლარი, ვინაიდან საჩივრის წარდგენისას სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება.

”აღნიშნულიდან გამომდინარე, სრულიად უსაფუძვლოა განცხადებაში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ამ შემთხვევაში ადგილი აქვს სასამართლო პრაქტიკის იგნორირებას, ან შეცვლას. თბილისის საქალაქო სასამართლო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ იგი ნებისმიერ საქმეს განიხილავს კანონმდებლობით დადგენილი წესით.  შესაბამისად, ზემოაღნიშნული განცხადება წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, ”- აცხადებს თბილისის  საქალაქო სასამართლო.

ადვოკატ არჩილ კბილაშვილის თქმით, სარჩელის შეტანა საჩივრის ნაცვლად მათთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რადგან სარჩელთან დაკავშირებით გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრება სამ ინსტანციაში შეიძლება და დაცვის მეტი ბერკეტი არსებობს, ვიდრე საჩივრის შეტანისას. თან საჩივარი მაქსიმუმ 2-3 კვირაში განიხილება.

ამავე თემაზე:

სასამართლომ “ქართული ოცნების” სარჩელის განხილვაზე უარი თქვა

მასალების გადაბეჭდვის წესი