ნინო ბურჯანაძის მძღოლის, ზაქარია(შაქრო) ზურაშვილის საქმე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში უახლოეს მომავალში გასაჩივრდება. ამის შესახებ ”ნეტგაზეთს” ”დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” წევრმა ბესიკ ტაბატაძემ განუცხადა.
ბესიკ ტაბატაძისვე ინფრომაციით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უცვლელი დატოვა წინა ინსტანციების სასამართლო გადაწყვეტილებები.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2011 წლის 17 აგვისტოს 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ნინო ბურჯანაძის მძღოლს, შაქრო ზურაშვილს, რომელიც დამნაშავედ ცნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილის და 117-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის მიხედვით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ჩადენილი დანაშაული გულისხმობს ჯგუფის მიერ პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე, აშკარა უკანონო ქმედებისათვის მის იძულებას, ჩადენილს ძალადობით ან ძალადობის მუქარით, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
რაც შეეხება 117-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტს, ეს არის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან, ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე არ შეუცვლია თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2011 წლის 26 მაისს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, 2011 წლის 26 მაისს, 00:10 საათზე, ნინო ბურჯანაძემ თანმხლებ პირებთან ერთად ავტომობილების საშუალებით მიატოვა თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ განთავსებული სცენის მიმდებარე ტერიტორია.
„ნინო ბურჯანაძის ესკორტი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა თავისუფლების მოედნის მიმართულებით, რა დროსაც ესკორტის ორი მანქანა, რომელთაგან ერთ-ერთს მართავდა ნინო ბურჯანაძის თანაშემწე ივანე ჩიღვინაძე, ხოლო მეორეს ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრი ზაქარია [შაქრია] ზურაშვილი, შეეჯახა რამდენიმე ადამიანს. შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, ლეიტენანტი ვლადიმერ მანსურაშვილი და მოქალაქე ნოდარ ცხადაძე,” – წერია შსს-ს მიერ 26 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.
ნინო ბურჯანაძის პარტიაში მიაჩნიათ, რომ შაქრო ზურაშვილი უდანაშაულოა, ამის დამტკიცებას კი ისინი ევროსასამართლოში აპირებენ.