სამართალი

მომაკვდავი პატიმრები, რომლებიც ციხეს ვერ ტოვებენ

6 მარტი, 2012 •
მომაკვდავი პატიმრები, რომლებიც ციხეს ვერ ტოვებენ

დღეს, 6 მარტს, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” ადვოკატებმა ჟურნალისტებს იმ პატიმრის ამბავი გააცნეს, რომელსაც  ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის გადავადება ან გაუქმება ეკუთვნოდა. მიუხედავად ამისა, პატიმარი ისე გარდაიცვალა, რომ ამ უფლებით ვერ ისარგებლა, მეორე პატიმარი კი შეღავათს ამ დრომდე ელოდება.

”ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატებმა” ნინო ანდრიაშვილმა და ეკა ქობესაშვილმა ჯანდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების იმ ერთობლივი კომისიიის უმოქმედობაზე გაამახვილეს ყურადღება, რომელსაც უკურნებელი სენით დაავადებული მსჯავრდებულების საქმის შესწავლა და სასჯელისგან გათავისუფლება ევალება, რათა პატიმრებმა სიცოცხლის ბოლო წუთები ოჯახის გარემოცვაში გაატარონ.

”ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტმა ეკა ქობესაშვილმა კომისიას 2011 წლის 5 აგვისტოს მიმართა რუსთავის #17 დაწესებულებაში მყოფ თემურ ახმედოვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და მისი ვადაზე ადრე გათავისუფლების მოთხოვნით. ამის შემდეგ ახმედოვის საქმეზე ცენტრმა კომისიას კიდევ არაერთხელ მიმართა, მაგრამ არც ერთ მიმართვზე პასუხი არ მიუღია.

ეკა ქობესაშვილი თემურ ახმედოვის უფლებებს მას შემდეგ იცავს, რაც მსჯავრდებულის მდგომარეობა დამძიმდა. ადვოკატი ამტკიცებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ციხეში არასათანადო მკურნალობის გამო გაუარესდა, თუმცა, როცა პატიმარს არასათანადოდ უმკურნალეს, მას ადვოკატი არ ჰყავდა და, შესაბამისად, ქობესაშვილს ამის დამადასტურებელი დოკუმენეტები არა აქვს.

ეკა ქობესაშვილმა ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ თემურ ახმედოვს აქვს ქრონიკული ასთმა მძიმე ფორმაში და ის სასუნთქ სისტემაში შეერთებული კათეტერიდან იღებს ჟანგადს, უჭირს გადაადგილება,  ასევე, აქვს ტუბერკულოზის გართულებული ფორმაც, რასაც ბოლო დროს შაქრიანი დიაბეტიც დაემატა. ქობესაშვილის განმარტებით, მსჯავრდბულის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეესაბამება კანონის იმ მოთხოვნებს, რომლის მიხედვითაც ის სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს.

ადვოკატის ინფორმაციით, მსჯავრდებული ახმედოვი ამჟამად რუსთავის №17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სხვა, ჯანმრთელ პატიმრებთან ერთად იმყოფება. ქობესაშვილის თქმით, ციხის ადმინისტრაციის დასკვნით, ახმედოვს ტუბერკულოზის ის ფორმა არა აქვს, რომელიც გადამდებია, ამიტომ მისი იზოლირება ჯანმრთელი პატიმრებისგან საჭიროდ არ მიიჩნიეს. გარდა ამისა, ის სამკურნალო დაწესებულებაში მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაჰყავთ, როცა უფრო ცუდად ხდება და გონებას კარგავს. აზრზე მოსვლის შემდეგ კი კვლავ ციხის საკანში აბრუნებენ.  ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” ადვოკატს მაიჩნია, რომ თემურ ახმედოვმა უნდა ისარგებლოს კანონიერი უფლებით და სიცოცხლის ბოლო დღეები ოჯახში გაატაროს.

სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივ კომისიას უმოქმედობაში ”ადამიანის უფლებათა ცენტრის”  კიდევ ერთი წარმომადგენელი ნინო ანდრიაშვილი ადანაშაულებს.

ნინო ანდრიაშვილი იცავდა 41 წლის მსჯავრდებულის, გოჩა არჩაიას ინტერესებს, რომელიც გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში 2012 წლის 22 თებერვალს გარდაიცვლა. მიუხედავად პირადი, ასევე ადვოკატის რამდენიმე მცდელობისა, უკურნებელი სენით დაავადებულმა არჩაიამ კანონიერი უფლებით ვერ ისარგებლა და სიცოცხლის ბოლო დღეები ოჯახთან ერთად ვერ გაატარა.

ნინო ანდრიაშვილის ინფორმაციით, გოჩა არჩაია მკურნალობდა დიაგნოზით: ფილტვების კეროვანი ტუბერკულიოზი ინფილტრაციის ფაზაში, აივ ინფექცია– შიდსი c3 კატეგორია, განლევის სინდრომი, გახანგრძლივებული დიარეა; ქრონიკული c ვირუსული ჰეპატიტი; ქრონიკული ფარინგიტი.

პატიმრის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო ანდრიაშვილი იცავდა.  მისი თქმით,  შიდსის საწინააღმდეგო თერაპია გოჩა არჩაიამ თვითნებურად შეწყვიტა, რადგან, როგორც თავად აცხადებდა, მკურნალობისას პრეპარატებს ჰქონდა ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა: სისუსტე, თავბრუსხვევა, კიდურების ტკივილი და მოძრაობის გაძნელება.

”ადამიანის უფლებათა ცენტრის” ადვოკატმა – ნინო ანდრიაშვილმა ჯერ კიდევ 2011 წლის 22 სექტემბერს მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ კომისიას გოჩა არჩაიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად და მისი სასჯელისაგან გათავისუფლების მოთხოვნით. კომისიას ერთი თვის ვადაში უნდა მიეღო გადაწყვეტილება, მაგრამ ადვოკატის დაინტერესების მიუხედავად, საქმე დღემდე არ განხილულა.

მსჯავრდებული ადვოკატთან შეხვედრისას ითხოვდა, რომ მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, ცხოვრების ბოლო დღეები გაეტარებინა მის ოჯახთან, შვილებთან და მეუღლესთან ერთად.

ნინო ანდრიაშვილის თქმით, 2011 წლის ზაფხულამდე დამოუკიდებლად მიმართავდა შესაბამის უწყებებს სასჯელისგან გათავისუფლების თხოვნით. მას 2011 წლის ზაფხულში უპასუხეს, რომ მისი განცხადება კომისიას გადაეცა განსახილველად.

გოჩა არჩაიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების არმიღებას ერთობლივი კომისია ადვოკატ ნინო ანდრიაშვილს იმით უხსნიდა, რომ კომისიის ყველა წევრის შეკრება ერთდროულად ვერ მოხერხდა. ადვოკატი იხსენებს, რომ ის კომისიაში არჩაიას ამბის გასარკვევად ყოველკვირა რეკავდა, თუმცა, უშედეგოდ. მსჯავრდებული 22 თებერვალს გარდაიცვალა.

”ადამიანის უფლებათა ცენტრი” შეშფოთებულია პატიმრებისადმი უგულისყურო დამოკიდებულებით და უყურადღებობით, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი კომისიას. იმედია, პატიმარ გოჩა არჩაიას გარდაცვალების ფაქტი უკანასკნელი იქნება და სამომავლოდ კომისია შეასრულებს კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს – დროულად შეისწავლის მსგავს საქმეებს და სწრაფად მიიღებს ადეკვატურ გადაწყვეტილებებს,” – აცხადებენ ”ადამიანის უფლებათა ცენტრი”.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი კომისიის თავმჯდომარეა ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე. კომისია სულ სამი წევრისგან შედგება. კონკრეტული საქმის განხილვისას კომისია ხელშეკრულებას აფორმებს ექიმებთან, რომლებიც შეისწავლიან კონკრეტული პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობას და წერენ დასკვნას. ამ დასკვნის საფუძველზე კი გადაწყვეტენ პატიმრის სასჯელის გადავადების, ან მოხსნის საკითხს.

წარდგენილ ბრალდებებზე საპასუხოდ განმარტებების გასაკეთებლად ”ნეტგაზეთი” შეეცადა დაკავშირებოდა სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროებს, თუმცა, უშედეგოდ.

ამავე თემაზე:

პატიმარი, რომელიც გარდაცვალებამდე სიკვდილს ნატრობდა

მასალების გადაბეჭდვის წესი