ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეშფოთებას გამოთქვამს განმუხურის მახლობლად მომხდარი ინციდენტის თაობაზე და ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
“ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეშფოთებას გამოთქვამს აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად უსაფრთხოების სფეროში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი, კვირას, 4 მარტს, დილით სოფელ განმუხურთან მომხდარი ინციდენტის თაობაზე.
კვირას, როგორც კი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ინციდენტის შესახებ შეიტყო, ინფორმაციის მოსაპოვებლად დამკვირვებლების რამდენიმე ჯგუფი ადგილზე გააგზავნა, თუ რა შეიძლება მომხდარიყო. ჯერჯერობით დეტალები მკაფიო არ არის და ანგარიშები ადგილიდან წინააღმდეგობრივია.
მისია გააგრძელებს მუშაობას ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირებთან ამ ინციდენტის შესასწავლად. რაც არ უნდა მომხდარიყო, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიჩინოს თავდაჭერა და თავი შეიკავონ ნებისმიერი სიტყვებისა ან მოქმედებებისგან, რომელიც პროვოკაციული შეიძლება იყოს. ბოლო თვეების განმავლობაში ამ ადგილებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოვლენების შემაშფოთებელი ზრდა შეინიშნება, რაზეც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საკითხი დააყენა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ წინა შეხვედრებზე. მისია გააგრძელებს მოვლენებზე ყურადღებით დაკვირვებას ადგილზე და ყველა მონაწილესთან მუშაობას შეხვედრებზე, ინციდენტების პრევენციისა და მათზერეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ასევე, ცხელი ხაზის საშუალებით, რათა შეინარჩუნოს უსაფრთხოება და სტაბილურობა ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობისთვის,”- ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხდებაში.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციის მიხედვით, 4 მარტს, 3 საათსა და 20 წუთზე, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსულმა დაახლოებით ექვსმა უცნობმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა ქართული პოლიციის საგუშაგოს მიმართულებით სოფელ განმუხურთან:
“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გმობს აღნიშნულ ქმედებას და მოუწოდებს რუსეთის საოკუპაციო ძალას, აღკვეთოს და თავი შეიკავოს შეიარაღებული პროვოკაციებისგან,”-ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მათივე თქმით, სროლამ დაახლოებით ათ წუთს გასტანა, შედეგად არავინ დაშავებულა.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გააკეთა, რომელშიც წერია, რომ “აღნიშნული შეიარაღებული პროვოკაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული მხარის მოთხოვნის სამართლიანობას იმის თაობაზე, რომ რეგიონში არსებული ვითარების დესტაბილიზაციის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია, რუსეთმა აიღოს ვალდებულება ძალის არგამოყენების თაობაზე, ითანამშრომლოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, როგორც ამას აკეთებს საქართველო, სრული მოცულობით შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და დაიწყოს საქართველოს ტერიტორიის სრული დეოკუპაციის პროცესი.”
მომხდარს გამოეხმაურა ამერიკის ელჩი საქართველოში, ჯონ ბასი, მან შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით:
“ ველოდებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების ინფორმაციას, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს ის, ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარემ უნდა იცოდეს, რომ აუცილებელია თავშეკავების გამოჩენა და არა ძალადობრივი ქმედებების გამოვლენა”, – განაცხადა ბასმა.
ამავე თემაზე:
ჯონ ბასმა განმუხურთან პოლიციის შენობაზე თავდახსმის შესახებ კომენტარი გააკეთა
საგარეო საქმეთა სამინისტრო შსს-ს განცხადებას ეხმაურება
შსს: “აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსულმა პირებმა ქართულ პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს”