საინფორმაციო სააგენტოებმა საქართველში ამერიკის ელჩის კომენტარი გამოაქვეყნეს, რომელშიც ჯონ ბასი სოფელ განმუხურთან ქართული პოლიციის პოსტზე თავდასხმის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, დღეს ამერიკის ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარემ უნდა იცოდეს, რომ “აუცილებელია თავშეკავების გამოჩენა და არა ძალადობრივი ქმედებების გამოვლენა”.
“ქართული პოლიციის საგუშაგოზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციას გავეცანი. ეს ნამდვილად შემაშფოთებელია. ადმინისტრაციულ საზღვარზე ნებისმიერი ძალადობის გამოვლენა ჩვენს შეშფოთებას იწვევს. ველოდებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების ინფორმაციას, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს ის, ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარემ უნდა იცოდეს, რომ აუცილებელია თავშეკავების გამოჩენა და არა ძალადობრივი ქმედებების გამოვლენა”, – აღნიშნა ბასმა.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 4 მარტს, 3 საათზე და 20 წუთზე, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსულმა დაახლოებით ექვსმა უცნობმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა ქართული პოლიციის საგუშაგოს მიმართულებით სოფელ განმუხურთან.
“თავდასხმის დროს გამოყენებული იქნა ავტომატური იარაღი და “რპგ 7″-ის ტიპის ორი ყუმბარმტყორცნი. სროლამ დაახლოებით ათი წუთი გასტანა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. თავდამსხმელები მიიმალნენ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გმობს აღნიშნულ ქმედებას და მოუწოდებს რუსეთის საოკუპაციო ძალას, აღკვეთოს და თავი შეიკავოს შეიარაღებული პროვოკაციებისგან,”-ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გააკეთა, რომელშიც წერია, რომ “აღნიშნული შეიარაღებული პროვოკაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული მხარის მოთხოვნის სამართლიანობას იმის თაობაზე, რომ რეგიონში არსებული ვითარების დესტაბილიზაციის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია, რუსეთმა აიღოს ვალდებულება ძალის არგამოყენების თაობაზე, ითანამშრომლოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან (EUMM), როგორც ამას აკეთებს საქართველო, სრული მოცულობით შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და დაიწყოს საქართველოს ტერიტორიის სრული დეოკუპაციის პროცესი.”