სამართალი

ევროკავშირის 18 მილიონი სისხლის სამართლის რეფორმისთვის

1 მარტი, 2012 •
ევროკავშირის 18 მილიონი სისხლის სამართლის რეფორმისთვის

ევროკავშირი საქართველოს „სისხლის სამართლის რეფორმის სექტორული პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 18 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, გიორგი ბარამიძის პრესსამსახური ავრცელებს.

ოფიციალური ინფორმაციით, ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე  სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულესთან შეხვედრა გამართა.

როგორც სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახური იუწყება, ოფიციალური შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს მთავრობის სახელით გიორგი ბარამიძემ, როგორც ევროკავშირის დახმარებათა ეროვნულმა კოორდინატორმა და ევროკომისარმა შტეფან ფულემ ხელი მოაწერეს ევროკავშირის დახმარების ეროვნული ინდიკატური პროგრამის 2011 წლის სამოქმედო გეგმით  გათვალისწინებული „სისხლის სამართლის რეფორმის სექტორული პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამის“ საფინანსო შეთანხმებას. დოკუმენტი  საქართველოსთვის 18 მილიონი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს.

საფინანსო შეთანხმებით განსაზღვრული 18 მილიონი ევროდან, 16 მილიონი ევრო პირდაპირ მიმართული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელსაც საქართველო სამ ტრანშად მიიღებს, ხოლო 2 მილიონი ევრო მოხმარდება ტექნიკური დახმარების პროექტების განხორციელებას.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ეს პროექტი წარმოადგენს ამ სფეროში საქართველოსთვის დახმარების მეორე ფაზას, რომლის პირველი ეტაპი 2008 წლის სამოქმედო გეგმიდან 16 მილიონი ევროთი დაფინანსდა.

სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერის პროგრამა ითვალისწინებს სისხლის სამართლის რეფორმის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფების შეხვედრების გაგრძელებას, რეფორმების მომიტორინგს, მიღწევათა შესახებ       სტატისტიკის წარმოებას, შესაბამისი ანგარიშების მომზადებას და გამოქვეყნებას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის შესაბამისად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის დანერგვის პროცესის გაუმჯობესებას ბავშვთა უფლებების შესახებ.

რეფორმით ასევე გათვალისწინებულია პატიმართა უფლებების დაცვის მექანიზმების დახვეწა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პირობების გაუმჯობესება, პრობაციის სისტემის გაუმჯობესება, რეფორმების მონიტორინგის პროცესში სახალხო დამცველის აპარატის მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა.

გიორგი ბარამიძესა და შტეფან ფულეს შორის გამართულ შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს. ხაზი გაესვა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების მნიშვნელობას. საუბარი შეეხო ასევე ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებში მიღწეულ პროგრესსა და ”აღმოსავლეთ პარტიორობის” ფარგლებში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი