სამართალი

ომბუდსმენი ქიმერიძის გარდაცვალების ყოველმხრივ და ობიექტურ გამოძიებას ითხოვს

1 მარტი, 2012 •
ომბუდსმენი ქიმერიძის გარდაცვალების ყოველმხრივ და ობიექტურ გამოძიებას ითხოვს

ხაშურის პოლიციის რაიონული განყოფილება
ხაშურის პოლიციის რაიონული განყოფილება

საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში მიმართავს პროკურატურას, ჩაატაროს სრული, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიება, რათა დადგინდეს სოლომონ ქიმერიძის როგორც უშუალოდ გარდაცვალების მიზეზი, ასევე, ხომ არ დაექვემდებარა გარდაცვალებამდე არაადამიანურ ან სასტიკ მოპყრობას. ვრცელი განცხადება ქიმერიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ომბუდსმენის ოფისმა დღეს, 1 მარტს გამოაქვეყნა.

გიორგი ტუღუშის განცხადების მიხედვით, სოლომონ ქიმერიძემ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო მაშინ, როდესაც პოლიციის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. ომბუდსმენის მოსაზრებით, ნებისმიერი ასეთი დაზიანება ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად დამკვიდრებული სტანდარტით, წარმოშობს პრეზუმფციას, რომ შესაძლოა პირი არაადამიანური ან სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი იყოს. მსგავს შემთხვევაში სახელმწიფოს ეკისრება განსაკუთრებული ვალდებულება, აწარმოოს სრული, ყოველმხრივი და ობიეტური გამოძიება და წარმოადგინოს დამაჯერებელი ახსნა-განმარტება, თუ რამ გამოიწვია ხსენებული დაზიანებები.

ომბუდსმენი ასევე მოუწოდებს შიდა ქართლისა და მცხეთა–მთიანეთის საოლქო პროკურატურას,  გამოძიების წარმოებისას ყურადღება გამახვილდეს იმ ფაქტობრივ გარემოებაზეც, რომ  სოლომონ ქიმერიძე ხაშურის პოლიციის რაიონული სამმართველოს შენობაში პოლიციის მიერ ყოველგვარი პროცესუალური სტატუსის გარეშე იქნა „წარმოდგენილი“. ის არ გახლდათ ბრალდებული, დოკუმენტაციის მიხედვით არ იყო დაკავებული, თუმცა, როგორც სახალხო დამცველის მიერ მიღებული ინფორმაცია ცხადყოფს, მას ამავდროულად, ფაქტობრივად, შეზღუდული ჰქონდა თავისუფლება.

სახალხო დამცველის ოფისის ამ განცხადებამდე, 28 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც საპირისპირო წერია.

”შსს-ს ხაშურის რაიონულ  სამმართველოში 27 თებერვალს დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ბინის ქურდობის ფაქტზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით,  ხაშურის რაიონულ პოლიციაში ბრალდებულის სახით იკითხებოდა წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი 1965 წ.დ. სოლომონ გივის ძე ქიმერიძე,” – ვკითხულობთ სამართალდამცავი უწყების ვებგვერდზე.

ომბუდსმენის განცხადებიდან ირკვევა, რომ 2012 წლის 28 თებერვლის ღამეს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები იმყოფებოდნენ ხაშურის პოლიციის რაიონულ სამმართველოში, 27 თებერვალს სამმართველოს შენობაში მოქალაქე სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ს.ქიმერიძე სამმართველოს კიბის მოაჯირიდან გადავარდნის შედეგად სასიკვდილოდ დაშავდა. სახალხო დამცველის რწმუნებულებმა დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, გაესაუბრნენ სამმართველოს უფროსის მოადგილეს ავთანდილ სამსონიძეს და სამმართველოს თანამშრომლებს.

”ავთანდილ სამსონიძის თქმით, 2012 წლის 27 თებერვალს, ნაშუადღევს, ხაშურის პოლიციის თანამშრომლებმა სოფელ ქვიშხეთში მომხდარი ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით, სოლომონ ქიმერიძე ხაშურის რაიონული სამმართველოს შენობაში მიიყვანეს. ქიმერიძეზე არსებობდა ინფორმაცია, რომ მან ქვიშხეთში მცხოვრები თამაზ გამგონიძის კუთვნილი ნიკელის ჩაიდანი და ალუმინის ქვაბი მოიპარა. ვინაიდან სოლომონ ქიმერიძისთვის ბრალის წაყენება და მისი დაკავება იმ ეტაპზე არ განხორციელებულა, იგი ხაშურის რაიონული სამმართველოს დაკავებულ პირთა აღრიცხვის წიგნშიც არ გაუტარებიათ,” – წერს ომბუდსმენის ოფისი, ” – როგორც ახსნა–განმარტებიდან ირკვევა, ქიმერიძეს გაესაუბრნენ სამმართველოს მესამე სართულზე მდებარე ერთ–ერთ ოთახში. გასაუბრების დასრულების შემდგომ, დაახლოებით 17.25 სთ-ზე, იგი ჩამოჰყავდათ მეორე სართულზე, იმ მიზეზით, რომ მესამე სართულზე დაზარალებულს უნდა გასაუბრებოდნენ. ჩამოსვლისას სოლომონ ქიმერიძე მესამე სართულის კიბის მოაჯირიდან გადავარდა. ხაშურის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის თქმით, კიბეზე ჩამოსვლისას ქიმერიძეს წინ სამმართველოს თანამშრომელი მალხაზ ციყელაშვილი მიუძღოდა. არც ამ უკანასკნელს და არც სხვა თანამშრომლებს უშუალოდ გადავარდნის ფაქტი არ დაუნახავთ, თუმცა ვარაუდობენ, რომ დიდი სიმაღლის და წონის გამო შესაძლებელია, ქიმერიძემ წონასწორობა დაკარგა და მოაჯირიდან გადავარდა.”

კიბე, საიდანაც, პოლიციის ვერსიით, გადმოვარდა ქიმერიძე
კიბე, საიდანაც, პოლიციის ვერსიით, გადმოვარდა ქიმერიძე

ავთანდილ სამსონიძემ სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება შიდა ქართლის და მცხეთა–მთიანეთის საოლქო პროკურატურაში, 27–დან 28 თებერვლის ღამეს ჩატარდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, დაიკითხნენ სამმართველოს თანამშრომლები.

საქმის დამატებითი დეტალების გარკვევის მიზნით სახალხო დამცველის აპარატმა წერილობით მიმართა შიდა ქართლისა და მცხეთა–მთიანეთის საოლქო პროკურატურას და მოითხოვა ინფორმაცია სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტთან მიმდინარე გამოძიების თაობაზე. კერძოდ, როდის და ვისი შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლით, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, დაინიშნა თუ არა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და ამჟამად რა ეტაპზეა გამოძიება.

გარდაცვლილის ოჯახს ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთში 29 თებერვალს ”ნეტგაზეთიც” ესტუმრა, რა დროსაც ოჯახის მხოლოდ ერთმა წევრმა – სოლომონ ქიმერიძის რძალმა განგვიცხადა, რომ ქიმერიძე სახლიდან ისე გაიყვანეს, რომ სამართალდამცავებს არც თავიანთი თავი წარუდგენიათ და არც პოლიციაში გადაყვანის მიზეზები განუმარტავთ ოჯახისთვის. ოჯახის დანარჩენმა წევრებმა ჩვენთან გასაუბრება არ ისურვეს, რის შემდეგაც სახლი დაგვატოვებინეს. ქიმერიძეების მეზობლებმა კი გარდაცვლილის სახლის წინ მდგარ ლექსუსის მარკის ავტომობილზე მიგვითითეს და გვითხრეს, რომ ის პოლიციელებს ეკუთვნით, რომლებიც ქიმერიძეების სახლში იმყოფებიან.

ამავე თემაზე:

სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ბუნდოვანი გარემოებები [Video]

მასალების გადაბეჭდვის წესი