სამართალი

სააკაშვილის განცხადებამ შესაძლოა სასამართლოზე გავლენა მოახდინოს

29 თებერვალი, 2012 •
სააკაშვილის განცხადებამ შესაძლოა სასამართლოზე გავლენა მოახდინოს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია(საია) მიხეილ ალექსიძის ხულიგნად მოხსენიებას დაუშვებლად მიიჩნევს და გამოთქვამს ვარაუდს, რომ პრეზიდენტის განცხადება გავლენას მოახდენს სასამართლო პროცესზე, რომელიც ხვალ უნდა გაიმართოს.

“საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება არღვევს არა მხოლოდ უდანაშაულობის პრეზუმფციას, არამედ ქმნის ვარაუდს, რომ მან სასამართლოში საქმის განხილვის შედეგებზეც შეიძლება მოახდინოს გავლენა”, – აღნიშნულია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სპეციალურ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მიხეილ ალექსიძის მიმართ არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი და იგი ბრალდებულსაც კი არ წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმეში. ამასთან, მიმდინარეობს ადმინისტრაციული დავა ალექსიძის გარიცხვის შესახებ მიღებული უკანონო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

2012 წლის 28 თებერვალს, პარლამენტში გამოსვლის დროს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა #53 საჯარო სკოლიდან გარიცხული მიხეილ ალექსიძე ხულიგნად მოიხსენია.

მიხეილ ალექსიძე 2011 წლის 13 ოქტომბერს 53-ე საჯარო სკოლიდან გარიცხეს, რის საფუძვლადაც მითითებულ იქნა სკოლის შინაგანაწესის უხეში დარღვევა. თუმცა საიას განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილებაში არ არის აღნიშნული, “რაში გამოიხატა ეს დარღვევა და რა მტკიცებულებებით დადასტურდა”.

2011 წლის 13 ოქტომბერს დაიწყო გამოძიება 53-ე საჯაროს სკოლის დირექტორის მიმართ განხორციელებული ხულიგნობის ფაქტზე (და არა ალექსიძის წინააღმდეგ). აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება კვლავ გრძელდება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ალექსიძის მიმართ დარღვეული განათლების უფლების აღდგენის რეკომენდაციით საქართველოს სახალხო დამცველმაც მიმართა, მის რეკომენდაციას რეაგირება არ მოჰყოლია.

მიხეილ ალექსიძის გარიცხვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სასამართლოში, სადაც მის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს.

“ხულიგნობა წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს, ხოლო პირის დამნაშავედ ცნობის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ სასამართლოს. პირი დამნაშავედ ითვლება მხოლოდ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიხეილ ალექსიძის ხულიგნად მოხსენიებით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით აღიარებულ უდანაშაულობის პრეზუმფცია და უხეშად შეილახა არასრულწლოვნის უფლებები” , – ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფიციალურ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი