სამართალი

პატიმარ ქალებზე ძალადობის ფაქტები

22 თებერვალი, 2012 • • 1344
პატიმარ ქალებზე ძალადობის ფაქტები

ქალთა კოლონიაში მსჯავრდებულ ნონა მიქელაძეს ექიმთან შელაპარაკებისას თითი მოტყდა. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას ითხოვს.

საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფი გეგმიურ შემოწმებაზე იმყოფებოდა რუსთავის №5 ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. სხვა მსჯავრდებულებთან ერთად ომბუდსმენის წარმომადგენლებმა მოინახულეს ნონა მიქელაძეც. მსჯავრდებულმა სახალხო დამცველის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ რამდენიმე  დღის წინ ციხეში მოხდა ინციდენტი, რა დროსაც მან ხელი დაიზიანა. თუმცა 7 თებერვალს ნონა მიქელაძემ არ ისურვა მონაყოლის წერილობითი დადასტურება. მონიტორინგის ჯგუფმა მიქელაძე 12 თებერვალს განმეორებით მოინახულა და მან ინციდენტის დეტალები წერილობით აღწერა.

სახალხო დამცველისადმი მიცემულ ახსნა-განმარტებაში მიქელაძე აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო 2012 წლის 6 თებერვალს მივიდა რუსთავის N5 დაწესებულების „D“ საცხოვრებელი კორპუსის სამედიცინო პუნქტში და კონსულტაცია ითხოვა, თუმცა ექიმმა ოთახის დატოვება მოსთხოვა. ნონა მიქელაძემ მთავარი ექიმის ნახვა მოისურვა, რაზეც პასუხად მიიღო, რომ მთავარი ექიმი არ იმყოფებოდა დაწესებულებაში. მსჯავრდებულის თქმით, მას და ექიმს შორის შელაპარაკება მოხდა და ექიმმა მას ძალით მიუხურა კარი, რა დროსაც მიქელაძეს ხელი მოყვა კარში.

მსჯავრდებულის თქმით, ძლიერი ტკივილისა და სისხლდენის გამო იგი სამედიცინო ნაწილში გადაიყვანეს, სადაც მთავარი ექიმი, კესარია დანელია იმყოფებოდა. ნონა მიქელაძე ამბობს, რომ ის სამი საათის შემდეგ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც დაუდგინდა მოტეხილობა, რის გამოც ხელის შუა და საჩვენებელი თითი თაბაშირში ჩაუსვეს. მიქელაძე ექიმების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას და გამოკვლევებისა და ადეკვატური მკურნალობის ჩატარებას ითხოვს.  

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინციდენტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედების ნიშნებს. ომბუდსმენმა საქმის მასალები წინასწარი გამოძიების დაწყების მოთხოვნით უკვე გადაუგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურას.

სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის აზრით, სახეზეა ექიმების მხრიდან გულგრილობა და არაეთიკური მოპყრობა მსჯავრდებულისადმი. 2012 წლის 13 თებერვალს ნონა მიქელაძისთვის ჩამორთმეული ახსნა-განმარტების ასლი შესაბამისი რეაგირებისთვის გაეგზავნა სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს.

მოჰყვა თუ არა აღნიშნულ ფაქტს სასჯელაღსრულების დაწესებულების რომელიმე თანამშრომლის დასჯა, ან ვინ დაისაჯა და რა ფორმით _ ამ კითხვებით “ნეტგაზეტმა” სასჯელაღსრულების სამინისტროს 17 თებერვალს მიმართა, თუმცა პასუხი დღემდე არ მიგვიღია.

რუსთავის ქალთა კოლონიაში კიდევ ერთი მსჯავრდებულის – ირინა კვარაცხელიასადმი არასათანადო მოპყრობის შესახებ ”ნეტგაზეთს” ინფორმაცია ჟურნალისტმა ზაზა დავითაიამ მიაწოდა. მან ამის შესახებ სახალხო დამცველის ოფისსაც აცნობა. ზაზა დავითაიას თქმით, ნონა მიქელაძის მსგავსად, დროულ და ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას ითხოვდა, რის გამოც მას დაწესებულების თანამშრომელმა ელენე გრემელაშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შემდეგ კი კვარაცხელიამ ვენები გადაიჭრა.  

ომბუდსმენის ოფისის ცნობით, მათ ნამდვილად მიიღეს ჟურნალისტ ზაზა დავითაიას შეტყობინება. გამომდინარე იქიდან, რომ 7 თებერვლის ვიზიტისას სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის კვარაცხელიას არაფერი უთქვამს ცემის შესახებ, ის განმეორებით მოინახულეს. მეორე ჯერზე ირინა კვარაცხელიამ განაცხადა, რომ ციხის თანამშრომელმა მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, თუმცა დეტალების დაზუსტებისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ არ საჭიროებს სახალხო დამცველის დახმარებას. მან ასევე არ ისურვა ცემის თაობაზე სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენელი ნინო გობრონიძე რამდენიმე კვირის წინ რუსთავის ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მონიტორინგის მიზნით იმყოფებოდა. როგორც მან ნეტგაზეთს განუცხადა, მსჯავრდებულებს მონიტორინგისას არ უსაუბრიათ არასათანადო მოპყრობაზე, თუმცა იყო ცნობები სხვა ტიპის პრობლემებზე.

ნინო გობრონიძის თქმით, მსჯავრდებულები აცხადებენ, რომ ციხეში პრობლემაა ექიმის მომსახურება და უმეტეს შემთხვევაში, დროულად ვერ ხერხდება ექიმთან ვიზიტი და გამოკვლევების ჩატარება. ქალთა ციხეში ასევე პრობლემაა არასაკმარისი გათბობა და ზედმეტად ცხიმიანი საკვები, რისი ჭამაც, პატიმრების თქმით, შეუძლებელია.

ქალთა სასჯელაღსრულების სპეციალური დაწესებულების მშენებლობა რუსთავში 2010 წელს დასრულდა და ამავე წლის ნოემბერში გაიხსნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი