საქართველოში ნარკოდანაშაულის რაოდენობა 2011 წელს, წინა წელთან შედარებით, 33%-ით შემცირდა. საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიაჩნიათ, რომ ეს არის იმ ომის შედეგი, რომელიც სახელმწიფომ ნარკორეალიზატორებს გამოუცხადა.
შემცირებული ნარკოდანაშაულის სტატისტიკა
საქართველოში ნარკოტიკული ვითარების შესახებ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია დღეს, 21 თებერვალს, სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამართა. შსს-სა და იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2011 წელს ნარკოდანაშაული, 2010 წელთან შედარებით, 32-ით შემცირდა, 2007 წელთან შედარებით კი, კლება 53%-ია.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ნარკოტიკული დანაშაულის კლება უშუალო კავშირშია ყველაზე გავრცელებული ე.წ. ”მძიმე ნარკოტიკების” შავ ბაზარზე შემცირებულ ბრუნვასთან. კონკრეტულად, 2011 წელს სტაბილურად დაბალი იყო შავ ბაზარზე ”ჰეროინის,” ”სუბოტექსისა” და ”მეთადონის” ბრუნვა.
2011 წელს ნარკოტიკულ თრობაზე სამართალდამცავებმა 27 ათასზე მეტი ადამიანი შეამოწმეს, რომელთაგან 9181 ადამიანს დაუდგინდა ნარკოტიკული ზემოქმედება. 2010 წელს მსგავსი პირების რაოდენობა 14 166 იყო.
საქართველოს მთავარი პროკურორის, მურთაზ ზოდელავას თქმით, ”მძიმე ნარკოტიკები” ბაზარზე ”მსუბუქმა ნარკოტიკებმა” ჩაანაცვლა. მაგალითად, 2010 წელს სუბოტექსის მოხმარება 8.2% იყო, 2011 წელს კი, მხოლოდ 1.9%. ჰეროინს 2010 წელს ნარკომომხმარებელთა 7% მოიხმარდა, 2011-ში კი, 2.2%.
აღნიშნული მონაცემებისგან განსხვავებით, გაიზარდა მარიხუანას მომხარებელთა რაოდენობა. 2010 წელს მარიხუანას მოიხმარდა 40%, 2011 წელს კი – 47%. ე.წ. ნიანგს 2010 წელს 13% მოიხმარდა, 2011 წელს – 21.6%.
ოფიციალური ინფორმაციით, ”შავ ბაზრზე” გაიზარდა მარიხუანას ბრუნვა. 2007 წელს მარიხუანას ბრუნვა იყო 1400 გრამი, 2011 წელს კი– 32 124 გრამი.
საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე განმარტავს, რომ ”შავ ბაზარზე” არსებული დეფიციტისა და გაზრდილი ფასის გამო მომხმარებლები ძვირადღირებული ”მძიმე ნარკოტიკებიდან” შედარებით იაფ, ადვილად მოსაპვოვებელ ”მსუბუქ ნარკოტიკზე” გადადიან. საყვარელიძის თქმით, ”მარიხუანას” ხვედრითი წილის ზრდა იმანაც გამოიწვია, რომ ნარკოდანაშაულის შემცირების გამო ”მძიმე ნარკოტიკებზე” მომუშავე სამართალდამცავებში რესურსი გამოთავისუფლდა და ისინი ”მსუბუქი ნარკოტიკების” აღმოჩენაზე გადაერთნენ, რამაც გაზარდა დაფიქსირების სიხშირე და რაოდენობა.
ომი ნარკორეალიზატორებს
საქართველოს მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა აცხადებს, რომ ნარკოდანაშაულთან ბრძოლის პოლიტიკა არ შეიცვლება, რადგან ამ პოლიტიკამ გამოიღო ეს შედეგი – ნარკოდანაშაულის შემცირება. ზოდელავას მიაჩნია, რომ პნარკოდანაშაულს მიმართ მთავრობის მკაცრ პოლიტიკას მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს. ამის დასტურად მთავარ პროკურორს მოჰყავს სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომელიც პროკურატურის დაკვეთით 2012 წლის 6-8 თებერვალს ჩატარდა და გამოიკითხა 1028 ადამიანი. კვლევის შედეგად, 77% იზიარებს ხელისუფლების მკაცრ პოლიტიკას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით. ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 73% მიიჩნევს, რომ მთავრობა ზედმეტად მკაცრი არ არის, ხოლო ნარკორეალიზატორთა სრული სიმკაცრით დასჯას 82% მიიჩნევს. მთავარი პროკურორის მაოდგილემ დავით საყვარელიძემ თქვა, რომ ზოგიერთი ადამიანი ძალიან მკაცრია ნარკორეალიზატორებთან დაკავშირებით, მათ არ იცოდნენ, რომ სიკვდილით დასჯა საქართველოში გაუქმებულია. რამდენიმე გამოკითხულმა ისიც კი თქვა, რომ ნარკორეალიზატორები სიკვდილით უდნა დაისაჯონ.
”პირველადი მოთხოვნა ჩვენი საზოგადოებისა არის ის, რომ ჩვენ მკაცრად ვებრძოლოთ ამ დანაშაულს, რომ მან არ შეაღწიოს კონკრეტული ადამიანის, კონკრეტული ოჯახის ცხოვრებაში და არ დაანგრიოს ის. ბოლო ორი ათეული წელია ნარკოდანაშაულმა დაიწყო მნიშვნელოვანი კლება. ეს არის პირდაპირი დამსახურება იმ მკაცრი პოლიტიკისა, რომელიც სახელმწიფომ გაატარა ამ კუთხით. ჩვენ ფაქტიურად ომი გამოვუცხადეთ ნარკორეალიზატორებს, შედეგად კი შეიზღუდა რეალიზება,” – განაცხადა მურთაზ ზოდელაავმ.
მთავარი პროკურორის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი პოლიტიკა არ შეიცვლება, ნარკოდანაშაულთან ბრძოლის სფეროში გარკვეული ლიბერალური პოლიტიკის პროექტები განხორციელდება, მაგალითად, როგორიცაა არასრულწლოვანთა განრიდების პროგრამა, ”უფროსი მეგობარი” და ა.შ. მსგავსი პროექტები იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუკი ხელისუფლება დაადგენს, რომ ეს არ გამოიღებს ცუდ შედეგებს და არ დაზიანდება საზოგადოების ინტერესი.
მურთაზ ზოდელავამ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე ასევე განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში სახელმწიფო დაიწყებს ნარკომომხმარებელთა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობას, რაშიც მნიშვნელოვანი რესურსები ჩაიდება. გარდა ამისა, ნარკომომხმარებელთა მიერ გადახდილი ჯარიმების მნიშვნელოვანი პროცენტული წილი ამავე ნარკოდამოკიდებულთა მკურნალობას მოხმარდება.
შემოსული ჯარიმებიდან ჯარიმის გადამხდლთა მკურნალობის აუცილებლობაზე ისაუბრა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიგი წერეთელმა.
”ჯარიმებიდან შემოსული თანხა აუცილებლად მოხმარდება ნარკომანების მკურნალობას. დღეს ჩვენ რეალისტები თუ ვართ, უნდა ვთქვათ, რომ სახელმწიფოს მხრიდან კანონით გათვალისწინებული თუნდაც ერთხელ მკურნალობის უფლება არ არის რეალიზებული. ჩვენ დღეს არ გვაქვს ასეთი დახმარება. ნარკოდამოკიდებულთა სერიოზული ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური მკურნალობა საქართველოში არ არის ხელმისაწვდომი და აქ მხოლოდ მცირე მასშტაბის დეზინტოქსიკაციის ცენტრები არსებობს. გვინდა, ეს ხელმისაწვდომობა გაჩნდეს. დონორებს მოვუწოდებთ, აქტიურად ჩაერთონ ამ საკითხებში,” – განაცხადა გიგი წერეთელმა.
პარლამენტარს მიაჩნია, რომ იმ ”რეპრესიულმა პოლიტიკამ, რომლიც წინა პლანზე იყო წამოწეული, მოიტანა მნიშვნელოვანი შედეგები.”
გიგი წერეთელის თქმით, ნარკოტიკთა მიწოდება სამართალდამცავთა აქტიურობის შედეგად შემცირდა, თუმცა მოთხოვნა არ შემცირებულა. მისი აზრით, ნარკოტიკზე მოთხოვნის შესამცირებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი. პარლამენტარს მიაჩნია, რომ უფრო ეფექტური უნდა იყოს ჯანდაცვა და საგანმანათლებლო სისტემა, რომ მოხდეს პრევენცია.
მთავარი პროკურატურა, ასევე, პარლამენტარი გიგი წერეთელი მიიჩნევენ, რომ ჯერჯერობით ნაადრევია საუბარი ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზებაზე. მათი აზრით, ქვეყანა ამისათვის ჯერ მზად არ არის.
პროკურატურის იდეა ნარკომომხმარებელთა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა არასამთავრობო ორგანიზაცია ”ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის” ხელმძღვანელის, ნატო შავლაყაძისთვის.
”უკვე წლებია ვთხოვთ, ვცდილობდით, რომ დაგვერწმუნებინა ჩვენი ხელისუფლება, სარეაბილიტაციო პროგრამები ნარკოდამოკიდებულებისთვის აუცილებლად გახსნილიყო და გვიხარია, რომ მომწიფდა მოთხოვნა და გაიხსნება სარეაბილიტაციო ცენტრები,” – განუცხადა ”ნეტგაზეთს” ნატო შავლაყაძემ.
ნატო შავლაყაძეს მიაჩნია, რომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკა რეალობას ასახავს, რადგან ”ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელს” ნარკომომხმარებლებთან ყოველდღიური შეხება აქვს და, შესაბამისად, ორგანიზაცია ანალოგიურ ინფორმაციას ფლობს.
”ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის” ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ნარკომანიასთან ბრძოლაში მხოლოდ ხელისუფლების ძალისხმევა შედეგს არ გამოიღებს.
”საზოგადოების დამოკიდებულება ამ კუთხით არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის, რომ საზოგადოება ამ ადამიანებს მიიჩნევდეს არა კრიმინალებად, არამედ ავადმყოფებად, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი,” – ამბობს ნატო შავლაყაძე. მისივე თქმით, ნარკომოხმარების დეკრიმინალიზებამდე აუცილეებლია სარეაბილიტაციო ცენტრების გახსნა. მას იმედი აქვს, რომ სარეაბილიტაციო ცენტრების გახსნის შემდეგ ხელისუფლება ნარკომოხმარების დეკრიმინალიზებაზეც იფიქრებს.