სამართალი

სასჯელაღსრულების სამინისტრო ბათუმისა და ზუგდიდის ციხეებს დახურავს

17 თებერვალი, 2012 • • 1037
სასჯელაღსრულების სამინისტრო ბათუმისა და ზუგდიდის ციხეებს დახურავს

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა დახმარების სამინისტროსთვის ცნობილია ბათუმისა და ზუგდიდის ციხეებში არსებული ინფრასტრუქტური პრობლემები. აღნიშნული განცხადება სამინისტრომ ომბუდსმენის განცხადების საპასუხოდ გავრცელა, სადაც ეწერა, რომ ზუგდიდისა და ბათუმის ციხეებში მღრღნელებს ვერ უმკლავდებიან, რაც პატიმართა ყოფას ართულებს.

სამინისტროს ცნობით, მათ ჯერ კიდევ 2010 წელს იცოდნენ ზემოაღნიშნულ დაწესებულებებში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების შესახებ, რა მიზნითაც დაიწყო დაბა ლაითურის(გურია) პენიტენციური დაწესებულების პროექტირება, რომლის მშენებლობაც მიმდინარე წელს დაიწყება და რომლის ექსპლოატაციაში შესვლისთანავე დაიხურება ბათუმისა №3 და ზუგდიდის №4 საპატიმრო დაწესებულებები.

საქართველოს სახალხო დამცველი 15 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ბათუმისა და ზუგდიდის ციხეებში, მღრღნელების გარდა, პრობლემაა ყინვაში საკამრისი გათბობის არქონა, ციხის გადატვირთულობა, ასევე, შეზღუდულია ხანმოკლე პაემნებისა და გასეირნების ხანგრძლივობა და სიხშირე, უცხოეთის მოქალაქე მსჯავრდებულებს კი არა აქვთ თეთრეული და ჭურჭელი. ომბუდსმენის მონიტორინგის სამსახურის ცნობით, ბათუმის ციხეში საერთოდ არ არის ტელეფონის ხაზი, რის გამოც მსჯავრდებულები კანონით მინიჭებული უფლებით ვერ სარგებლობენ.

სასჯელაღსრულების სამინისტროს მტკცებით, წელს არსებული კლიმატური პირობების გათვალისწინებით, ზუგდიდისა და ბათუმის ციხეებში დამატებითი ელ. ქურები შეიტანეს, რამაც გათბობის პრობლემა მოხსნა.
”რაც შეეხება ანგარიშში ასახულ  გადატვირთულობას, რომელიც ჯამურად 30 ადამიანს შეადგენს, სამინისტრო მიიჩნევს, რომ აღნიშნული მინიმალური ციფრი, წინა წლებთან შედარებით, რადიკალურად განსხვავებულია, რაც სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმების და პატიმრობის ალტერნატიული სასჯელების გამოყენების მექანიზმის წარმატებულობის შედეგია. ჩვენს ხელთ არსებული გეგმების მიხედვით, ზემოაღნიშნული საკითხიც უმოკლეს ვადაში მოიხსნება დღის წესრიგიდან,”- აცხადებს სამინისტრო.
გარდა ამისა, კალმახელიძის უწყების ცნობით, ომბუდსმენის მონიტორინგის შედეგებში ასახულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით ფაქტების გადამოწმება მყისიერად დაიწყო, რომელთა დადასტურების შემთხვევაშიც მიღებული იქნება შესაბამისი ზომები.
ამავე თემაზე:

ზუგდიდისა და ბათუმის ციხეებში მღრღნელებს ვერ უმკლავდებიან

მასალების გადაბეჭდვის წესი