სამართალი

ზუგდიდისა და ბათუმის ციხეებში მღრღნელებს ვერ უმკლავდებიან

15 თებერვალი, 2012 • • 1085
ზუგდიდისა და ბათუმის ციხეებში მღრღნელებს ვერ უმკლავდებიან

სახალხო დამცველის მონიტორინგის სამსახურის შესფასებით, ზუგდიდისა და ბათუმის ციხეებში, არსებული პირობებიდან გამომდინარე, შეუძლებელია იქ განთავსებული პატიმრებისთვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფა. არსებული მდგომარეობა ასევე არ იძლევა დაწესებულებებში მღრღნელებისა და პარაზიტების განადგურების საშუალებას. მონიტორინგის შედეგები ომბუდსმენის ოფისმა დღეს, 15 თებერვალს, გამოაქვეყნა.

ომბუდსმენის პრესსამსახურის ცნობით, 2012 წლის იანვარში სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა მონიტორინგი განახორციელა ზუგდიდისა და ბათუმის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ომბუდსმენის შეფასებით, დაწესებულებებში, არსებული პირობებიდან გამომდინარე, შეუძლებელია იქ განთავსებული პატიმრებისთვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფა. არსებული მდგომარეობა ასევე არ იძლევა დაწესებულებებში მღრღნელებისა და პარაზიტების განადგურების საშუალებას.

სახალხო დამცველის ინფრომაციით, მონიტორინგის დროს ბათუმის #3 დაწესებულებაში, რომლის ლიმიტიც არის 557, განთავსებული იყო 564 პატიმარი, ხოლო ზუგდიდის #4 დაწესებულებაში განთავსებული იყო 342 პატიმარი, მაშინ, როდესაც დაწესებულების ლიმიტი შეადგენს 305–ს. აქედან გამომდინარე, მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებს ემატება გადატვირთულობაც, რაც კიდევ უფრო ამძიმებს პატიმრების ყოფას.

”მონიტორინგი მიმდინარეობდა ზამთრის განსაკუთრებით ცივ პერიოდში. ზუგდიდის და ბათუმის დაწესებულებებში არ არის დამონტაჟებული ცენტრალური გათბობის სისტემა, საკნების გათბობა ხდება ელექტროქურების მეშვეობით, რაც არასაკმარისია – მონიტორინგის დროს საკნებში იყო სიცივე. ზოგიერთ საკანში ელექტროქურა საერთოდ არ ჰქონდათ, ვინაიდან, პატიმრების თქმით, ადმინისტრაცია არ უზრუნველყოფს გათბობის საშუალების მიწოდებას. ასევე შეუძლებელია  ამანათით გამათბობლის მიღება. პატიმართა განცხადებით, მაღაზიაში შეძენილი ქურები უხარისხოა და რამდენიმე კვირაში იწვება. განსაკუთრებით აუტანელი სიცივე იყო ბათუმის #3 დაწესებულების ქალთა განყოფილებაში, რომელიც ორ საკანს მოიცავს. ერთ–ერთი საკანი შედგება სამი ოთახისგან, თუმცა პატიმრებს ჰქონდათ ერთი ელექტროღუმელი და მორიგეობით ათბობდნენ ოთახებს, ხოლო მეორე შემთხვევაში, 38 კვ.მ. საკნის გასათბობად გამოიყენებოდა ერთი ელექტროღუმელი, რომელსაც ერთი ფაზა გადამწვარი ჰქონდა.  პატიმრების გადმოცემით, ზუგდიდში საკნებს წყალი მიეწოდება დღეში სამჯერ, სხვადასხვა ხანგრძლივობით, მაქსიმუმ 3 საათით, ხოლო ბათუმში – დღეში ერთი საათით,” – წერია ომბუდსმენის ოფისის განცხადებაში.

მონიტორინგის ჯგუფმა ბათუმის #3 დაწესებულებაში მოინახულა უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ზოგიერთ მათგანს არ ჰქონდა არც გადასაფარებელი, არც თეთრეული და არც კოვზი და თეფში. მათი თქმით, ადმინისტრაციამ ვერ უზრუნველყო აღნიშნული ნივთების მიწოდება.

ორივე დაწესებულებაში პატიმრები სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან აღნიშნავენ, რომ მათთან მოპყრობა გაუმჯობესებულია და რაიმე მნიშვნელოვან პრეტენზიას თანამშრომელთა მიმართ არ გამოთქვამენ. მიუხედავად აღნიშნულისა, მონიტორინგის ჯგუფისთვის ზუგდიდის #4 დაწესებულებაში შესამჩნევი იყო პატიმართა დაძაბულობა საკნის კარის გაღების დროს – ყველა მათგანი სასწრაფოდ ზურგზე ხელებდაწყობილი დგებოდა ფანჯარასთან.

სახალხო დამცველის ცნობით, ზუგდიდისა და ბათუმის ციხეებში შეზღუდულია გასეირნებისა და ხანმოკლე პაემნების ხანგრძლივობა.

გარდა ამისა, სატელეფონო კავშირის უფლება კანონით დადგენილი ვადით უზრუნველყოფილია მხოლოდ ზუგდიდის #4 დაწესებულებაში, ხოლო ბათუმის #3 დაწესებულებაში, ისევე, როგორც წინა წლებში, არ არის სატელეფონო ხაზი და არც ტელეფონის აპარატებია დამონტაჟებული. შესაბამისად, პატიმრები უკვე რამდენიმე წელია ვერ სარგებლობენ კანონით მინიჭებული სატელეფონო საუბრის უფლებით. ომბუდსმენის ოფისის ცნობით, ეს არაერთხელ გამხდარა სახალხო დამცველის ყურადღების საგანი, თუმცა დღემდე პრობლემის მოგვარება ვერ მოხერხდა.

ომბუდსმენმა რუსთავისა და ბათუმის ციხეების ლიკვიდაციის რეკომენდაციით ხელისუფლებას ჯერ კიდევ 2009 წელს მიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი