სამართალი

ტრეფიკინგი საქართველოში

7 თებერვალი, 2012 • • 2063
ტრეფიკინგი საქართველოში

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფმა დღეს, 7 თებერვალს, სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღწერილია საქართველოში არსებული მდგომარეობა ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით. სპეციალისტები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, ტრეფიკინგთან ბრძოლა უფო ინტენსიური გახადონ და გააღრმავონ თანამშრომლობა სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის თურქეთთანაც.

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფი(GRETA) შექმნილია იმ მიზნით, რომ მონიტორინგი გაუწიოს ადამიანთა ტრეფიკნგის წინააღმდეგ ევროსაბჭოს კონვენციის შესრულებას. აღნიშნული კონვენცია 2005 წლის 3 მაისს შეიქმნა და მისი წევრი საქართველოც არის. კონვენციის ეფექტურობისთვის შექმნილი მონიტორინგის ჯგუფი – GRETA – რეგულარულად ამოწმებს, რამდენად ასრულებენ ქვეყნები მათ მიერ კონვენციით ნაკისრ მინიმალურ ვალდებულებებს. GRETA-ს წევრებს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი ირჩევს და მისი რაოდენობა 10-დან 15 წევრს შორის მერყეობს. წესების შესაბამისად, ექსპერტთა ჯგუფის წევრებს შორის დაცული უნდა იყოს როგორც გენდერული, ისე რეგიონული ბალანსი. ამჟამად GRETA-ს პრეზიდენტია ფრანგი ნიკოლას ლე კოზი, ხოლო პირველი ვიცე-პრეზიდენტი– გულნარა შაჰინიანი სომხეთიდან.

GRETA მიესალმება საქართველს ხელისუფლების  ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ცნობიერებისა და განათლების ამაღლებისაკენ.  მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ  ცნობიერების ამაღლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოციალურ-ეკონომიურად ადვილად მოწყვლადი ადამიანთა ჯგუფების – იძულებით გადაადგილებული პირების, პოტენციური მიგრანტებისა და ბავშვების– მიმართ.. GRETA მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააგრძელოს ძალისხმევა ცნობიერების ასამაღლებლად, რომ აიცილოს მოქალაქეთა ტრეფიკინგი(განსაკუთრებით შრომითი), როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფი მიესალმება საქართველოს მცდელობებს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ სპეციალისტებს მიაჩნიათ,  რომ ეს ქმედებები უფრო ინტენსიური უნდა გახდეს და გასცდეს კრიმინალური დანაშაულის სფეროს.

მოხსენებაში მიმოხილულია საქართველოს ხელსიუფლების პოლიტიკა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. დადებით ტენდენციად არის მიჩნეული ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის სახელმწიფო ფონდისა და მსხვერპლთა თავშესაფრების შექმნა. სპეციალისტები ასევე წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ საქართველოს კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან ტრეფიკინგის მსხვერპლნი იმ დანაშაულისთვის, რომელიც მათ ჩაიდინეს ტრეფიკინგის მსხვერპლად ყოფნის დროს. მიუხედავად ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ ტრეფიკიორთა დევნა 2010 წლიდან ნაკლები ინტენსივობით ხდება, რაც მისახედი პრობლემაა.

GRETA მიიჩნევს, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების საქმეში უდიდესი მნიშვნელობა ზუსტ იდენტიფიკაციას აქვს. ექსპერტთა რეკომენდაციით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააძლიეროს თავისი მცდელობები, რომ გააუმჯობესოს ტრეფიკინგის მსხვერპლთა აღმოჩენა და იდენტიფიცირება. ძალისხმევის გაუმჯობესება კი გულისხმობს უფრო მეტი პროფესიონალის დატრენინგებას.

მოხსენების ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ყურადღება განსაკუთრებით  უნდა გაძლიერდეს საქართველოს ფარგლებში უცხოეთის მოქალაქეთა შრომის ტრეფიკინგული გამოყენების გამოვლენაზე. გარდა ამისა, ტრეფიკინგის მსხვერპლნი და  პოტენციური მსხვერპლნი ადეკვატურად უნდ იყვნენ დაცულნი და ინფორმირებულნი.

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის მოსაზრებით, საქართველოს ხელისუფლებამ ტრეფიკინგის მსხვერპლნი უნდა უზრუნველყოს ინფორმაციით კომპენსაციისა და ადეკვატური სამართლებრივი დაცვის შესახებ, რათა მათ შეძლონ კომპენსაციის მიღება ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდისა და ტრეფიკიორისგან.

სპეციალისტები მოხსენებაში ხაზს უსვამენ იმას, რომ საჭიროა ისეთი ღონისძიებების გატარება, რომლებიც დაიცავს ტრეფიკინგის მსხვერპლ ბავშვთა საუკეთესო ინტერესს, რაც გულისხმობს მათ ფიზიკურ დაცვას, სამართლებრივ მხარდაჭერას, განათლებასა და ბავშვის საჭიროების მიხედვით სხვადასხვა პროგრამების განხორციელებას.

15 ექსპერტისგან შემდგარი მონიტორინგის ჯგუფი ინტერესით მოელის 2012 წელს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შესაძლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც ტრეფიკინგის მსხვერპლ ბავშვთა ინტერესები განსაკუთრებით იქნება დაცული.

GRETA-ს რეკომენდაციით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს ძალისხმევა, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლთა და მოწმეთა უსაფრთხოება და სიცოცხლე ადკვატურად იყოს დაცული სასამართლო განხილვებისას.

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანია როგორც სახელისუფლებო, ისე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების კოორდინირებული ქმედება.

მოხსენების მომზადებისას  დელეგაცია GRETA  საქართველოში შეხვდა როგორც სხვადასხვა მინისტრებს, ასევე, პარლამენტარებს, საქართველოს სახალხო დამცველს, მოსამართლეებსა და პროკურორებს.

მონიტორინგის ჯგუფმა ინფორმაცია მიიღო არასამათვარობო და იმ საერთაშორისო ორგანიზაციებიდანაც, რომლებიც ახლა საქართველოში არიან წარმოდგენილი. მოხსენებაზე მუშაობის პერიოდში სპეციალისტები ეწვივნენ ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფარს თბილისში.

მოხსენების ავტორები ხაზს უსვამენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას არა აქვს კონტროლის განხორციელების საშუალება ოკუპირებულ ორ რეგიონზე. შესაბამისად, GRETA-ს  არა აქვს საშუალება, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ სიტუაციაზე ისაუბროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი