სამართალი

სტრასბურგის სამართლომ აგვისტოს ომის საქმეზე 33 მოწმე დაკითხა

17 ივნისი, 2016 • 2334
სტრასბურგის სამართლომ აგვისტოს ომის საქმეზე 33 მოწმე დაკითხა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე (საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)) 33 მოწმე დაკითხა – ამის შესახებ ინფორმაციას თავად სტრასბურგის სასამართლო ავრცელებს.

მოწმეთა დაკითხვა სტრასბურგში 2016 წლის 6 ივნისიდან 17 ივნისამდე მიმდინარეობდა.

“სასამართლომ მოისმინა 33 მოწმის ჩვენება: 16 მათგანი გამოძახებული იყო საქართველოს მთავრობის მიერ, 11 – რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ, ხოლო 6 მოწმე უშუალოდ სასამართლოს მიერ იყო მოწვეული,”- ვკითხულობთ სასამართლოს მიერ გავრცლეებულ პრესრელიზში.

მოწმეებს ჩვენებები ჩამოართვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შვიდი მოსამართლისგან შემდგარმა დელეგაციამ, რომელთა შორის იყვნენ მირიანა ლაზაროვა-ტრაიკოვსკა („ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია“), ნონა წოწორია (საქართველო), ვინსენტ დე გაეტანო (მალტა), ჰელენ კელერი (შვეიცარია), დმიტრი დედოვი (რუსეთის ფედერაცია), ჯონ ფრიდრიკ კიორბო (დანია) და იონკო გროზევი (ბულგარეთი).

“საჩივარი სასამართლოში 2008 წლის 11 აგვისტოს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის 33-ე მუხლის (სახელმწიფოთაშორისი საჩივრები) საფუძველზე შემოვიდა. ის ეხება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტსა და მის შემდგომ პერიოდს. საჩივარი ეყრდნობა კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლებს, პირველი ოქმის 1-ელ და მე-2 მუხლებს (საკუთრების დაცვა და განათლების უფლება) და მეოთხე ოქმის მე-2 მუხლს (გადაადგილების თავისუფლება).

2011 წლის 22 სექტემბრის სასამართლო მოსმენის შემდეგ, 2011 წლის 13 დეკემბერს პალატამ საჩივარი დასაშვებად ცნო საქმის არსებითი მხარის წინასწარი შეფასების გარეშე.

2012 წლის 3 აპრილს პალატამ საჩივარი განსახილველად დიდ პალატას გადასცა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განაგრძობს საქმის განხილვას,”- ვკითხულობთ სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზში.

მასალების გადაბეჭდვის წესი