სამართალი

სასჯელაღსრულების სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს

21 იანვარი, 2012 • • 1396
სასჯელაღსრულების სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო უარყოფს არასამთავარობო ორგანიზციათა ნაწილის ბრალდებას პატიმართა არაჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხზე ხათუნა კალმახელიძის უწყება დღეს, 21 იანვარს სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

”ზოგიერთი ე.წ. „ადამიანის უფლებათა დამცველი“ სუბიექტი საზოგადოებაში შეგნებულად ავრცელებს აბსოლუტურად მცდარ ინფორმაციას, რომელიც შეურაცხყოფს არა მხოლოდ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, არამედ ასევე ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ღირსებასა და პატივს (პატიმრების ინფორმაციაზე დაყრდნობით),” – წერია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ ”სამინისტროს პრიორიტეტია ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ჯანსაღი კვება, როგორც სასიცოცხლო მნიშვნელობის კომპონენტი.”

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ თბილისში, 19 იანვარს, გამართულ პრესკონფერენციაზე სასჯელაღსრულების სამინისტრო დაადანაშაულა იმაში, რომ პატიმრებს ვადაგასული, გაფუჭებული საკვებით კვებავენ და ანტისანიტარიის გამო პატიმრები საკვებში თმასა და მწერებს ხშირად პოულობენ.

სამოქალაქო  მოძრაობამ “სოლიდარობა  უკანონო  პატიმრებს,”  მოძრაობამ “არა” და  “პატიმართა უფლებების  დაცვის  საქველმოქმედო  ფონდმა” ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებულ სიტუაციაზე 17 იანვარს ცენტრალური მაუწყებლების ეთერში გასული რეპორტაჟები არ ასახავდა სინამდვილეს და რეალური სიტუაცია გაცილებით უარესია. ამის დასტურად არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჟურნალისტებს ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პატიმრების მიერ გამოგზავნილი წერილი გადასცეს, რომელსაც ხელს ხუთი პატიმარი აწერს. ისინი წერილში საუბრობენ ციხეში არსებულ ზეწოლაზე, ანტისანიტარიასა და გაუსაძლის პირობებზე.

საპირისპიროს ამტკიცებს სასჯელაღსრულების სამინისტრო. ოფიციალური უწყების მტკიცებით,   პენიტენციურ სისტემაში ყოველდღიური საკვები მენიუს შედგენა ხშირ შემთხვევაში პატიმრების ინტერესთა გათვალისწინებით ხდება, საკვები ულუფის კალორიულობის მკაცრი დაცვით და  გათვალისწინებულია სხვადასხვა სარწმუნოების მიმდევართა მოთხოვნებიც და თავისთავად დიეტური მაგიდებიც, ექიმის დანიშნულებით.

ამავე სამინისტროსვე ცნობით, უკლებლივ ყველა პენიტენციური დაწესებულების კვების ბლოკი, საწყობი და სასადილო სისტემატურად ექვემდებარება შემოწმებას როგორც სან-ჰიგიენური, ასევე სხვა პარამეტრების გათვალისწინებით.

ამავე თემაზე:

არასამთავრობოები და პატიმრები ციხეში არსებულ ”გაუსაძლის ყოფაზე” საუბრობენ


მასალების გადაბეჭდვის წესი