სამართალი

არასამთავრობოები და პატიმრები ციხეში არსებულ ”გაუსაძლის ყოფაზე” საუბრობენ

19 იანვარი, 2012 • • 2198
არასამთავრობოები და პატიმრები ციხეში არსებულ ”გაუსაძლის ყოფაზე” საუბრობენ

სამზარეულო ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში/ფოტო: სამინისტროს პრესსამსახური
სამზარეულო ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში/ფოტო: სამინისტროს პრესსამსახური

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს, 19 იანვარს, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე სასჯელაღსრულების სამინისტრო დაადანაშაულა იმაში, რომ პატიმრებს ვადაგასული, გაფუჭებული საკვებით კვებავენ და ანტისანიტარიის გამო პატიმრები საკვებში თმასა და მწერებს ხშირად პოულობენ.

სამოქალაქო  მოძრაობამ “სოლიდარობა  უკანონო  პატიმრებს,”  მოძრაობამ “არა” და  “პატიმართა უფლებების  დაცვის  საქველმოქმედო  ფონდმა” დღეს ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებულ სიტუაციაზე 17 იანვარს ცენტრალური მაუწყებლების ეთერში გასული რეპორტაჟები არ ასახავდა სინამდვილეს და რეალური სიტუაცია გაცილებით უარესია.

მოძრაობა ”არას” ლიდერმა, ლევან ჩიტაძემ განაცხადა, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, მათ შორის ქსნის დაწესებულებაში, დიდი სუპერმარკეტებიდან გამოტანილი ვადაგასული პროდუქცია შეაქვთ და პატიმრები იძულებული არიან, მსგავსი პროდუქცია იყიდონ.  ჩიტაძის მტკიცებით, შუამავალი კომპანია აგროვებს ვადაგასულ პროდუქციას სუპერმარკეტებიდან და სხვა შუამავალი კომპანიების მეშვეობით შეაქვს ციხეში.

ლევან ჩიტაძემ ”ნეტგაზეთის” კითხვის საპასუხოდ ვერ დაასახელა ვერც ერთი სუპერმარკეტი, საიდანაც გადაყრილი ვადაგასული პროდუქცია ციხეში ხვდება. მან ასევე ვერ დაასახელა ის შუამავალი კომპანიები, რომლებსაც ვადაგასული, გაფუჭებული საკვები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების გამოსაკვებად შეაქვთ.

მოძრაობა ”არას” ლიდერის თქმით, მას კონკრეტული ფაქტების დასახელება იმიტომ არ შეუძლია, რომ ინფორმაცია სასჯელაღსრულების სისტემის საკვებით მომმარაგებელი კომპანიების შესახებ სათანადოდ ღია და საჯარო არ არის, რაც ეჭვებისა და ჭორების გავრცელების საფუძველი ხდება.

ლევან ჩიტაძის თქმით, პატიმრებისთვის ხორცი შემოაქვთ ინდოეთიდან. მისი მტკიცებით, ეს არის ცხოველ ”ზებუს” ხორცი და ამ ხორცის ჭამაზე პატიმრები უარს აცხადებენ, რადგან ის ადამიანებს წამლავს.

ორგანიზაციის ”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” წარმომადგენელმა ზურა დიასამიძემ განაცხადა, რომ ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ყველა სხვა ციხესთან შედარებით, პატიმრებზე ყველაზე დიდი ზეწოლაა. როგორც ის ამბობს, ორგანიზაციის იურისტები ხშირად შედიან აღნიშნულ ციხეში და პატიმრების პირადი მონაყოლით იციან, რომ სიტუაცია, განსაკუთრებით კვების თვალსაზრისით, არ აკმაყოფილებს არანაირ სტანდარტს. რაც შეეხება 17 იანვარს სხვადასხვა ტრელეკომპანიების ეთერით გასულ სიუჟეტებს, ზურა დიასამიძე ამბობს, რომ ეს იყო სასჯელარსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა დახმარების სამინისტროს პიარ–აქცია.

2012 წლის 17 იანვარს ნაციონალური მაუწყებლების ეთერში გავიდა სიუჟეტი ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა კვების კუთხით არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით.


სიუჟეტში ჩანს, რომ მინისტრი ხათუნა კალმახელიძე რამდენიმე ადამიანთან ერთად, რომლებიც ჟურნალისტებმა პატიმართა ნათესავებად წარმოადგინეს, მოინახულა #15 დაწესებულების კვების ობიექტი.

”რუსთავი 2-ზე” გასულ რეპორტაჟში ჟურნალისტი ამბობს, რომ პატიმართა ყოველდღიურ რაციონში შედის ქათმის, ღორისა და ძროხის ხორცი, ასევე რძის ნაწარმი და ბოსტნეული. ჟურნალისტის თქმით, პატიმრები ყოველდღიურად ახალი საკვებით იკვებებიან და მათთვის პურიც კი ყოველდღე ცხვება.

აღნიშნულის საპირისპიროდ, ”სოლიდარობა უკანონო პატიმრების” წარმომადგენელმა, ზურა დიასამიძემ ”ნეტგაზეთს” გადასცა ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პატიმრების მიერ რამდენიმე დღის წინ გამოგზავნილი წერილი, რომელიც ციხიდან ამავე ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ეკა ბესელიას გამოუგზავნეს. წერილს ხელს ხუთი ადამიანი აწერს: გივი ხორგუანი, ბაქარ დევდარიანი, კახა აბულაძე, სამველ ეგიზაროვი და თორნიკე მახარაძე.

მსჯავრდებულები წერილში წერენ, რომ მათი გვარები კონტროლზე აიყვანონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რადგან, შესაძლოა, ციხის ამბების გახმაურებისთვის მათზე სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან ზეწოლა გაძლიერდეს.

”გვაჭმევენ რაღაც საშინელ ცხიმზე დამზადებულ საჭმელებს, რაზეც არაერთხელ გამოვთქვით პროტესტი, მაგრამ– არანაირი ყურადღება ადმინისტრაციის მხრიდან. ხორცი მოდის აქ, რომელიც ”ზებუს” ხორცით არის ცნობილი, არავინ არ ჭამს. ყოველდღე მაკარონი და ვერმიშელი მოაქვთ, არადა, სხვადასხვა ბურღულეული გვეკუთვნის. ეტყობა, იაფად ჩამოაქვთ მაკარონი და ჩვენი ულუფის ფული მიდის მავანთა ჯიბეში,” – წერია ციხიდან გამოგზავნილ წერილში.

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ”რაც ამ დაწესებულებაში ხდება, ყველანაირ ადამიანურ ზღვარს სცილდება. დროზე თუ არ მოხდა ამ ტირანიის შეჩერება, ჩვენ, უმეტესობას, პირველი ჯგუფის ინვალიდობა გვაქვს გარანტირებული, დანარჩენებს-ფსიქიკური დაავადება.”

მსჯავრდებულები ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერენ აბანოში და საკნებში არსებულ ანტისანიტარიაზეც. მათი თქმით, კედლებში სხვადასხვა სახის მწერები ბინადრობენ, რაც ანტისანიტარიითაა გამოწვეული. არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, ისინი თავიანთი საქმის პირად კონტროლზე აყვანას სთხოვენ სახალხო დამცველსაც, რადგან მიაჩნიათ, რომ აღნიშნული წერილის გავრცელების შემდეგ მათ საფრთხე შეექმნებათ.

”სოლიდარობა უკანონო პატიმრების” წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აღნიშნულის გარდა, ორგანიზაციამ კიდევ არაერთი წერილი მიიღო ქართული ციხეებიდან, სადაც ასევე საუბარია არსებულ გაუსაძლის ყოფაზე. თუმცა ზურა დიასამიძე ამბობს, რომ მსჯავრდებულებისვე თხოვნით, მათი წერილების გასაჯაროებას ერიდება.

აღნიშნულ ბრალდებებზე განმარტების გასაკეთებლად ”ნეტგაზეთი” შეეცადა დაკავშირებოდა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა დახმარების სამინისტროს, თუმცა ჩვენს სატელეფონო ზარებს მობილურ ტელეფონზე  სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა არ უპასუხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი