სამართალი

“კაბელების საქმის” მსჯავრდებულების და უგულავას საკონტიტუციო სარჩელები შესაძლოა პლენუმმა განიხილოს

8 ივნისი, 2016 • 1351
“კაბელების საქმის” მსჯავრდებულების და უგულავას საკონტიტუციო სარჩელები შესაძლოა პლენუმმა განიხილოს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ცნობით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე (კაბელების საქმე) მსჯავრდებულებისა და გიგი უგულავას საკონსტიტუციო საქმის განხილვა გადაიდო.

საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, სასამართლოს პირველი კოლეგიის წევრმა დააყენა წერილობითი შუამდგომლობა ამ სარჩელების (N740 და N764 კონსტიტუციური სარჩელები) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისთვის განსახილველად გადაცემის მოთხოვნით. ცნობილი არ არის, თუ რომელმა მოსამართლემ მოითხოვა საქმის პლენუმისთვის გადაცემა.

შესაბამისი ცვლილება, რის საფუძველზეც ამ შუამდგომლობის დაყენება გახდა შესაძლებელი, კანონში რამდენიმე დღის წინ შევიდა. საქმე ეხება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21 პრიმა მუხლის მე-3 პუნქტს.

ამ ნორმის თანახმად, “თუ საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის წევრი მიიჩნევს, რომ მისი პოზიცია, რომელიც გამომდინარეობს განსახილველი საქმიდან, განსხვავდება სასამართლოს მიერ ადრე მიღებულ გადაწყვეტილებაში (გადაწყვეტილებებში) გამოხატული სამართლებრივი პოზიციისაგან, ან თუ განსახილველი საქმე თავისი შინაარსით წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას, იგი უფლებამოსილია საქმის განხილვისა და გადაწყვეტის ნებისმიერ ეტაპზე მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს დასაბუთებული წერილობითი შუამდგომლობით აღნიშნული საქმის პლენუმის მიერ განხილვის თაობაზე.”

კანონში ვკითხულობთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მისთვის მიმართვიდან 7 დღის ვადაში წყვეტს საქმის პლენუმის მიერ განხილვის საკითხს.

პლენუმის მიერ საქმის განხილვაზე უარის თქმის შემთხვევაში კი ეს საქმე განსახილველად უბრუნდება იმავე კოლეგიას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი