სამართალი

სასამართლოს გადაწყვეტილება ჟურნალისტების საჩივარზე

26 დეკემბერი, 2011 • • 1292
სასამართლოს გადაწყვეტილება ჟურნალისტების საჩივარზე

26 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თეა თადაშვილმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა ჟურნალისტების სარჩელი შსს-ს წინააღმდეგ. საქმე ეხება 26 მაისის აქციის დაშლისას მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, 26 მაისის აქციის დაშლისას დაზიანებული ჯანმრთელობის მკურნალობის ხარჯები აუნაზღაურდებათ ”ნეტგაზეთის” ჟურნალისტებს– თაზო კუპრეიშვილსა და კონსტანტინე სტალინსკის, ასევე, გაზეთ ”გურია ნიუსის” ჟურნალისტ ნატო გოგელიას.

გარდა ამისა, სპეცრაზმელების მიერ წართმეული ორი ვიდეოკამერის ღირებულება – 1940 ლარი, აუნაზღაურდება “ნეტგაზეთის” დამფუძნებელ შპს ”გაზეთ ბათუმელებს,” ერთი ფლიპ კამერის ღირებულება– 304 ლარი კი, შპს ”რადიოცენტრპლუსს.” სასამართლომ არასაკმარისი მტკიცებულებების გამო არ ჩათვალა საჭიროდ, შსს-სთვის დაეკისრებინა შპს ”ახალი ამბებისთვის” ორი კამერის ღირებულების ანაზღაურება, შპს ”ჩოხატაურის მაცნისთვის” ფოტოაპარატის დაზიანებული ბატარეისა და მეხსირების ბარათის,  ჟურნალისტ ნატო გოგელიასთვის კი დაკარგული მობილური ტელეფონის ფასი.

ჟურნალისტებმა სასამართლოში საერთო სარჩელი რამდენიმე თვის წინ შეიტანეს. მათ ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტები– ნათია კაპანაძე და თამარ კორძაია– იცავდნენ.

ნათია კაპანაძის თქმით, სასარჩელო მოთხოვნა ზიანის პირვანდელი სახით ანაზღაურება იყო, ანუ, მომჩივანები ზუსტად იმ კამერებს ითხოვდნენ, 26 მაისს გადაღებული კადრებითურთ, რომლებიც მათ სპეცრაზმელებმა აქციის დაშლის დროს წაართვეს. ადვოკატის თქმით, შსს-ს წარმომადგენელებმა განაცხადეს, რომ მათ არ შეეძლოთ ზიანის პირვანდელი სახით ანაზღაურება. ამიტომ მზადყოფნა გამოთქვეს, კამერების ღირებულება აენაზრაურებინათ. მოსამართლე თეა თადაშვილმა ჟურნალისტთა სარჩელის მხოლოდ ის ნაწილი დააკამყოფილა, რომელსაც შსს ეთანხმებოდა. მოსამართლის სამართლებრივად დასაბუთებული გადაწყვეტილება 14 დღის ვადაში გამოქვეყნდება.

გაზეთ ”ბათუმელების” დირექტორი მზია ამაღლობელი მიიჩნევს, რომ ის თანხა, რომელიც ჟურნალისტებს ჯანმრთლეობის ზიანის სახით აუნაღაურდებათ, მიზერულია და არ შეედრება 26 მაისს მათ მიერ გადატანილ სტრესს. მიუხედავად იმისა, რომ ”ბათუმელებს” 26 მაისს წართმეული ვიდეოკამერების ღირებულებას აუნაზღაურებენ, მზია ამაღლობელი მიიჩნევს, რომ მისთვის გაცილებით ღირებული იქნებოდა, თუნდაც  კამერების გარეშე, იმ დღეს გადაღებული ვიდეომასალა დაებრუნებინა შსს-ს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, შსს-მ ჟურნალისტ ნატო გოგელიას ჯანმრთლეობისთვის მიყენებული ზიანი – 17 ლარი უნდა აუნაზღაუროს. ეს არის თანხა, რაც ჟურნალისტს 26 მაისს ცრემლსადენი გაზით გამოწვეული მოწამვლის სამკურნალოდ დაუჯდა.

ნატო გოგელია მიიჩნევს, რომ თანხის რაოდენობას მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, შსს-მ აღიარა, რომ 26 მაისს ჟურნალისტებს ნამდვილად შეექმნათ სერიოზული პრობლემები. მისი აზრით, ეს ფაქტი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ჟურნალისტებმა კოლექტიურად იჩივლეს შსს-ს წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, რაც არც ისე ხშირად ხდება ხოლმე. ნატო გოგელია იურისტებთან კონსულტაციის მერე ჩივილს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად აპირებს.

გარდა ადმინისტრაციული სარჩელისა, რაც მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას გულისხმობს, 26 მაისს დაზარალებულმა “ნეტგაზეთის” ოთხმა თანამშრომელმა  პროკურატურას მიმართა, დაწყებულიყო სისხლის სამართლის გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტზე, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია.  პროკურატურას გამოძიების თხოვნით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველმაც.

შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომ სანქციები დააკისრა 14 თანამშრომელს აქციის დაშლისას ძალის გადამეტების გამო. თუმცა სამართალდამცავ უწყებას არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რომელი თანამშრომელი რომელი ფატქის გამო დაისაჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი