სამართალი

თავდაცვის სამინისტრო ბოდიშს იხდის

26 დეკემბერი, 2011 • 1402
თავდაცვის სამინისტრო ბოდიშს იხდის

თავდაცვის სამინისტრო ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ მათი თანამშრომლის მიერ განადგურდა ვიდეომასალა, რომელიც ჟურნალისტმა ზუგდიდში გადაიღო.

livepress.ge-ს კორესპონდენტი თამუნა ზანთარაია “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ მამუკა იოსავამ, რომელიც მას როგორც თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი, ისე გაეცნო, ვიდეოკადრები წაუშალა, რომელიც ზუგდიდის თეატრის წინ გადაიღო.

“ზუგდიდის თეატრში თავდაცვის სამინისტროს ჰქონდა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ახალგაზრდებიც და საპენსიო ასაკის ადამიანებიც. მათ თავაზობდნენ ნებაყოფლობითი სამხედრო–სარეზერვო სამსახურის გავლას, კერძოდ, 5–დღიან გადამზადებას სენაკის ბაზაზე,” – ამბობს თამუნა ზანთარაია.

მისივე თქმით, შეხვედრა დახურული იყო და ამის გამო თეატრიდან გამოსული ხალხისგან ინტერვიუებს თეატრის წინ, ქუჩაში, იწერდა.  იმ ადგილიდანვე იღებდა ვიდეოკამერით კადრებს, თუ როგორ გამოდიოდნენ თეატრიდან შეხვედრის მონაწილენი.

“ამ დროს ჩემთან მოვიდა რამდენიმე სამხედრო პირი. მათ მითხრეს, რომ გადაღება არ შეიძლებოდა. მე ავუხსენი, რომ ვიღებდი ქუჩაში, საჯარო სივრცეში და ამის უფლება მქონდა და წავიდნენ”, – ამბობს თამუნა ზანთარაია.

მისივე თქმით, როდესაც მან გადაღება დაასრულა და რედაქციისკენ წავიდა, გზაში მანქანა გაჩერდა, საიდანაც რამდენიმე სამხედრო პირი გადმოვიდა:

“ერთ–ერთმა მათგანმა მითხრა, რომ ის იყო მამუკა იოსავა, თავდაცვის უწყების წარმომადგენელი და მითხრა, ყველაფერი უნდა წაშალო, რაც გადაიღეო. მე ვუთხარი, რა არის აქ წასაშლელი, გარეთ, ქუჩაში, საჯარო სივრცეშია გადაღებული ეს კადრები–მეთქი. არ შეიძლებაო. თუ არ მოგვცემთ ამის უფლებას, კამერას წავიღებთო, თქვენც წამოხვალთ ჩვენთან ერთად და მაინც წავშლითო და წაშალეს კამერიდან ყველა კადრი”.

თავდაცვის სამინიტროს პრესსამსახურის უფროსი სალომე მახარაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ მამუკა იოსავა ნამდვილად მუშაობს მათ უწყებაში, კერძოდ კი, გვარდიაში. მისივე თქმით, ზუგდიდში შეხვედრა მოსახლეობასთან ნებაყოფლობითი რეზერვის თაობაზე გაიმართა.

“როგორც იქ მყოფმა სამხედროებმა მითხრეს, მათ თხოვნით მიმართეს ჟურნალისტებს. რა თქმა უნდა, არავითარი უფლება არ ჰქონდათ არც ამის, რომ  მასალა წაეშალათ. ჩვენდა სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ამ ადამიანმა პრესასთან ურთიერთობის წესები ან კარგად ვერ გაიხსენა, ან… მამუკა იოსავამ ჩემგან საყვედური მიიღო ამის გამო და ამას რა გაგრძელება მოყვება, არ ვიცი. მე ბოდიშს ვიხდი იმისთვის, რომ მასალა განადგურდა სამხედროს ინიციატივით. მან როგორც მითხრა, უბრალოდ ვითხოვეო, არ მინდა კადრში გამოჩენაო და წაშალეს ჩვეულებრივად ეს კადრები ისე, რომ ზედმეტ შელაპარაკებასაც არ ჰქონია ადგილიო. ნებისმიერ შემთხვევაში მე თავდაცვის სამინისტრო სახელით მაინც ბოდიშს ვიხდი”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” სალომე მახარაძემ.

მისივე თქმით, ის მზადაა, რომ ხვალ თავად ჩავიდეს ზუგდიდში და ანალოგიური შეხვედრა გადააღებინოს “ლაივრესის” ჟურნალისტებს. სამინისტროს ინიციატივით მოსახლეობასთან ნებაყოფლობითი რეზერვის შესახებ შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში იმართება, რომლებიც ჟურნალისტებისთვის ღიაა.

“უბრალოდ, სამხედროები მიჩვეულნი არიან, რომ ყოველთვის, როდესაც მათ კამერა უღებს და პრესაში შუქდებიან, იქვე არის პრესსამსახური. ამდენად, გარკვეული წესები არსებობს, რომ შეხვედრის გადაღება წინასწარ იყოს შეთანხმებული პრესსამსახურთან, თუმცა შეხვედრიდან გამოსული ხალხის გადაღება თავისუფლად არის შესაძლებელი”, – ამბობს სალომე მახარაძე.

სტატია მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “რეგიონული საკითხების გაშუქება” – ფარგლებში. სტატიის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი “ბათუმელები” | ნეტგაზეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი