ნანეტაშვილი კუპრაშვილთან მომხდარ ინცინდენტს ხელისუფლების ზეწოლას უკავშირებს

ტელეკომპანია ”თრიალეთის” დამფუძნებელი და შიდა ქართლის ყოფილი ვიცე-გუბერნატორი ბადრი ნანეტაშვილი, რომელიც რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღამსურულებელ დირექტორს, ნათია კუპრაშვილს რამდენიმე დღის წინ იარაღით დაემუქრა, აცხადებს, რომ ხელისუფლების ინტერესებში შედის მის მიმართ ზეწოლის განხორციელება, რადგანაც ხელისუფლებისთვის მიუღებელია ”თრიალეთის” ობიექტური მუშაობა.

 

ბადრი ნაენტაშვილი
ბადრი ნაენტაშვილი

ტელეკომპანია ”თრიალეთის” დამფუძნებელი და შიდა ქართლის ყოფილი ვიცე-გუბერნატორი ბადრი ნანეტაშვილი, რომელიც რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღამსურულებელ დირექტორს, ნათია კუპრაშვილს რამდენიმე დღის წინ იარაღით დაემუქრა, აცხადებს, რომ ხელისუფლების ინტერესებში შედის მის მიმართ ზეწოლის განხორციელება, რადგანაც ხელისუფლებისთვის მიუღებელია ”თრიალეთის” ობიექტური მუშაობა.

 

”რეგიონული ტელევიზიების განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, ჩემი ინიციატივით, 2005 წელს დავაფუძნეთ “რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია”. ასოციციაში ყოფნის დროს, რამდენიმე თანამოაზრე ტელეკომპანიის ხელმძღვანელთან ერთად, ვიბრძოდი იმისათვის, რომ ასოციაციისთვის გრანტის ფარგლებში გამოყოფილი თანხები ყოფილიყო გამჭირვალე და მთლიანად მოხმარებოდა თავისუფალ ტელევიზიებს. იმის გამო, რომ ვერ შევძელი ასოციაციაში გამეფებული კორუფციის შეჩერება, პროტესტის ნიშნად დავტოვე ასოციაცია,” – წერს ბადრი ნანეტაშვილი დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

ნათია კუპრაშვილი, რომელიც რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი 2009 წელს გახდა, ბადრი ნანეტაშვილთან მომხდარ პირველ დაპირისპირებას ასე იხსენებს:

”როცა მე დავინიშნე რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღამსრულებელ დირექტორად და მივედი ასოციაციის პირველ კრებაზე, იქ დამხვდა ადამიანი, რომელიც აპროტესტებდა იმ პროექტების დაწყებას, რომელსაც ასოციაცია ახლაც ახორციელებს.  ის კატეგორიულად ითხოვდა, რომ არ დაწყებულიყო ეს პროექტები. მე ვიკითხე, ვინ იყო ეს ადამიანი, რადგან ბადრი ნანეტაშვილი – ასეთი სახელის ადამიანი ვიცოდი, რომ იყო ვიცე-გუბერნატორი, ”- ამბობს ნათია კუპრაშვილი, ”- მე მას ვუთხარი, რომ ვიცე-გუბერნატორს არ ჰქონდა უფლება, ჩარეულიყო იმ ასოციაციის საქმიანობაში,  რომლის წევრიც არის ტელეკომპანია.  მან მაშინვე მომაყენა შეურაცხყოფა და როგორც მერე გავიგე, გაღიზიანებული იყო ამ პოზიციაზე ჩემი კანდიდატურის შერჩევით. როგორც ვიცი, მას ჩემამდე ჰქონდა მცდელობა, თავისი კადრი დაესვა ამ პოზიციაზე, მაგრამ მე ეს არ მაინტერესებდა.”

ბადრი ნანეტაშვილს, რომელიც ტელეკომპანია ”თრიალეთის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელია, 2008-10 წლებში მართლაც იყო შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე და ”თრიალეთის” რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციიდან  გამოსვლა სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება. გარდა ამისა, ბადრი ნანეტაშვილმა ცალკე ჩამოაყალიბა ასოციაცია, რომელიც ოთხ რეგიონულ მაუწყებელს აერთიანებს.

”დახლოებით წელიწადნახევარი ასოციაციასთან გაწყვეტილი მქონდა ურთიერთობა, მაგრამ რამდენიმე თვეა, საქრთველოში არსებული მედიის მხარდამჭერი ორგანიზაციის IREX-ის დირეტორის ჯო რეფელბერგის მხრიდან იყო თხოვნა, რომ “თრიალეთი” დაბრუნებულიყო რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციაში, რადგანაც მას ტელეკომპანია “თრიალეთი” მიაჩნია წარმატებულ და ობიექტურ ტელევიზიად. მე თავს ვიკავებდი, რადგანაც ვფიქრობდი, რომ ეს გამოიწვევდა ხელახალ დაპირისპირებას, მაგრამ მან მითხრა, რომ ასოციაციას დაარწმუნებდა, რომ ორივე მხარისთვის უკეთესი იქნებოდა ჩვენი ასოციაციაში ყოფნა,” – წერს ბადრი ნაეტაშვილი დღეს, 23 დეკემბერს, გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც მან 21 დეკემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გაავრცელა. როგორც ნანეტაშვილი ამბობს, ხუთი დღის წინ მას დაუკავშირდა ”აირექსის” დირექტორი და შესთავაზა, რომ 21 დეკემბერს მის ოფისში მისულიყო, სადაც შედგებოდა ნანეტაშვილისა და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ნათია კუპრაშვილის შეხვედრა.

”შეხვედრის მომენტში მე დავინახე, რომ ნათია კუპრაშვილი ცდილობდა ჩემს პროვოცირებას, რომლის მიზანი იყო, IREX-ის დირექტორის სურვილის მიუხედავად, “თრიალეთის” ასოციაციაში დაბრუნებისთვის ხელშეშლა. მისი მოქმედება იყო გამომწვევი და ჩემთვის მიუღებელი, რაზედაც რამოდენიმეჯერ მივუთითე.

მაპროვოცირებელი განცხადებები და მუქარა ჩემი მისამართით მან შეხვედრის შემდეგაც გააგრძელა, ხოლო შენობიდან გამოსვლისას კი დამახვედრა მისი მეუღლე, რომლისგანაც იყო ჩემ მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა, სიცოცხლის მოსპობის მუქარა და ფიზიკური ძალადობის მცდელობა. ძალადობის განხორციელების მიზნით, იგი დაახლოებით 200 მეტრის მანძილზე გამომედევნა. სიტუაციის განსამუხტავად და თავდაცვის მიზნით მოვახდინე ჩემი კუთვნილი ტაბელური იარაღის დემონსტრირება. ტაბელური იარაღის, რომლის ტარების უფლება, როგორც ყოფილ პარლამენტარს, კანონიერად მაქვს. ამის შემდეგ მე დავურეკე საპატრულო პოლიციას და მივაწოდე სრული ინფორმაცია მომხდარის შესახებ.  “რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის” დირექტორის მიერ გაკეთებული განცხადებები არის ცილისწამება და მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, მისი და მისი მეუღლის მიერ ჩემ მიმართ ჩადენილი დანაშაულისგან თავის არიდებას და მეორე მხრივ, ჩემს დისკრედიტაციას,” – აცხადებს ნანეტაშვილი

ნათია კუპრაშვილს მომხდართან დაკავშირებით განსხვავებული ვერსია აქვს. ის იხსენებს, რომ გუშინდელ შეხვედრაზე ბადრი ნანეტაშვილი რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის დისკრედიტაციას ცდილობდა და სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდა მას. შეხვედრის დასრულების შემდგე სიტყვიერი შელაპარაკება ლიფტშიც გაგრძელდა, ლიფტიდან გამოსულებს ქვემოთ დახვდათ ნათია კუპრაშვილის მეუღლე, რომელთან ერთადაც ნათია საქმეზე წასვლას აპირებდა.

”დათომ რომ დამინახა, ანერვიულებული ვიყავი, იკითხა, რა ხდებოდა. ამ დროს ბადრიმ გვითხრა, ჩაჯექით ჩემს მანქანაში, იქ ვილაპარაკოთო  და მანქანისკენ მივყავდით. თვითონ ჩაჯდა, როგორც ჩანს, იარაღის გადმოსაღებად. გადმოვიდა, ამოიღო იარაღი და მიბჯენით დაგვიმიზნა. ამას ახლდა პირდაპირი მუქარა,” – უთხრა ნათია კუპრაშვილმა ”ნეტგაზეთს.” მისივე თქმით, ნანეტაშვილმა ხელით მისი წაქცევაც სცადა.

”-მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ კაცმა ეს ყველაფერი იმიტომ გააკეთა, რომ დღეს გამოვიდეს და თქვას, რას უშვრება ეს მთავრობა და რას უშვრება ასოციაცია. მე ამის გამო ამ შეურაცხყოფას არ ავიტან,” – ამბობს კუპრაშვილი.

ბადრი ნანეტაშვილი დღეს აცხადებს, რომ გუშინ საღამოს პოლიციამ ის მოწმის სტატუსით დაკითხა, რა დროსაც მას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ”აღნიშნული პროვოკაცია შესაძლებელია იყოს ხელისუფლებისგან ორგანიზებული ან მისი მხრიდან ჩემ წინააღმდეგ გამოყენებული.”

”ხელისუფლების ინტერესებში შედის ჩვენ მიმართ ზეწოლის განხორციელება, რადგანაც მისთვის მიუღებელია ჩვენი ტელევიზიის ობიექტური მუშაობა. განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, არაერთი ფიზიკური ზეწოლის ფაქტი მომხდარა ჩვენი ტელევიზიის ჟურნალისტებისა და ხელმძღვანელების მიმართ, რომელთაგან დღემდე არცერთი საქმე არ არის გამოძიებული. აღსანიშნავია, რომ დაკითხვის პარალელურად მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი “თრიალეთის” სარჩელზე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი ჩიქოვანის წინააღმდეგ,” – აცხადებს ბადრი ნანეტაშვილი.

რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის დირექტორმა ინციდენტის შემდეგ პროკურატურას მიმართა და ჩვენებაც მისცა. ის სამართალდამცავებისგან ქუჩის ვიდეოკამერების მიერ გადაღებული კადრების ამოღებას ითხოვს, სადაც ასახული იქნება მომხდარი.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, პროკურატურაში ნათია კუპრაშვილის განცხადებაზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, რაც გულისხმობს ხულიგნობას ცეცხლსასროლი იარაღით და მუქარით. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი