პოლიციამ ჟურნალისტს გადაადგილების უფლება შეუზღუდა [video]

სამხედრო და საპატრულო პოლიციამ დღეს, 12 დეკემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, თამარ მეფის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე დამოუკიდებელი ჟურნალისტი თამარ ჩხეიძე იმ დროს გააჩერა, როცა ხიდიდან მდინარე მტკვრის ხედებს ფოტოკამერით იღებდა.

სამხედრო და საპატრულო პოლიციამ დღეს, 12 დეკემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, თამარ მეფის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე დამოუკიდებელი ჟურნალისტი თამარ ჩხეიძე იმ დროს გააჩერა, როცა ხიდიდან მდინარე მტკვრის ხედებს ფოტოკამერით იღებდა.

თამარ ჩხეიძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ კადრების გადაღებისას მასთან მივიდა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა კაცი, მოსთხოვა გადაღების შეწყვეტა და გადაღებული მასალის ჩვენება. ახალგაზრდა კაცის თქმით, ის პოლიციელი იყო. ჟურნალისტმა მას განუცხადა, რომ ფოტოკამერა იყო კერძო საკუთრება და მას არ ჰქონდა უფლება, კამერა ჟურნალისტისთვის გამოერთმია.

ამის შემდეგ თამარ ჩხეიძემ თამარ მეფის ხიდიდან აღმაშენებლის გამზირისკენ გადაინაცვლა, მას წამოეწია ორი მამაკაცი, ასევე სამოქალაქო ტანსაცმელში ჩცმული. ერთ–ერთი აღმოჩნდა სამხედრო პოლიციის თანამშრომელი არჩილ სამადაშვილი. მხოლოდ მან აჩვენა თამარ ჩხეიძეს ამის დამადასტურებელი საბუთი. სამადაშვილმა ჟურნალისტს განუცხადა, რომ ხიდზე გადაღების უფლება მას არ ჰქონდა, რადგან იქ არის თავდაცვის სამინისტრო.

ჟურნალისტმა კამერის გადაცემაზე კვლავ უარი განუცხადა, რის შემდეგაც სამხედრო პოლიციელმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა, ადგილზე პოლიციის ორი ეკიპაჟი მივიდა. ერთ–ერთმა პოლიციელმა, რომელიც თამარ ჩხეიძეს მხოლოდ სახელით – ზაზა – გაეცნო, მოსთხოვა, მისთვის მიეცა ფოტოკამერა.

თამარ ჩხეიძე ამბობს, რომ პოლიციელს მოსთხოვა, მისთვის გაეცნო ის კანონი, რის საფუძველზეც არ შეიძლებოდა თამარ მეფის ხიდზე ფოტოგადაღება. საპასუხოდ პოლიციის თანამშრომელმა ჟურნალისტს უთხრა, რომ გადაიყვანდნენ განყოფილებაში და იქ გაარკვევდნენ ყველაფერს. გარდა ამისა, მას წასვლის საშუალებას არ აძლევდნენ.

ამის შემდეგ თამარ ჩხეიძემ “ნეტგაზეთში” დარეკა და დახმარება ითხოვა. შემთხვევის ადგილზე გასულმა “ნეტგაზეთის” ჟურნალისტებმა პოლიციელებს ჰკითხეს, რის საფუძველზე არ აძლევდნენ თამარ ჩხეიძეს თამარ მეფის ხიდზე ფოტოგადაღების საშუალებას და რატომ ართმევდნენ მას კამერას.

ერთ–ერთმა პოლიციელმა გვიპასუხა, რომ სადაც ამკრძალავი ნიშანია, იქ გადაღება არ შეიძლება. კითხვაზე, არის თუ არა მსგავსი აკრძალვა თამარ მეფის ხიდზე, პოლიციელის პასუხი იყო: “ვარკვევთ!”  თუმცა თამარ მეფის ხიდზე რაიმე ამკრძალავი ნიშანი დამაგრებული არ არის.

რამდენიმეწუთიანი სატელეფონო საუბრის შემდეგ პოლიცელებმა თქვეს, რომ “ყველაფერი გარკვეულია” და ტერიტორია დატოვეს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, თამარ კორძაია განმარტავს, რომ საქართველოში არ არსებობს კანონი, რომელიც ქუჩაში გადაღებას კრძალავს.

“შეიძლება, აკრძალვა მოქმედებდეს თავდაცვის სამინისტროს შენობის ან ეზოს შიგნით და არავითარ შემთხვევაში მიმდებარე ტერიტორიაზე. მითუმეტეს, თამარ მეფის ხიდზე არ შეიძლება ფოტო–ვიდეო გადაღება აკრძალული იყოს, მერე რა, რომ თავდაცვის სამინისტროს შენობა ჩანს,” – განუცხადა თამარ კორძაიამ “ნეტგაზეთს.”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი