სამართალი

ივანიშვილის ადვოკატები მოსამართლის წინააღმდეგ

12 დეკემბერი, 2011 • • 2542
ივანიშვილის ადვოკატები მოსამართლის წინააღმდეგ
ეკატერინე ხვედელიძე და ბიძინა ივანიშვილი
ეკატერინე ხვედელიძე და ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძის ადვოკატებმა დღეს, 12 დეკემბერს, ორჯერ დააყენეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, შოთა გეწაძის აცილების საკითხი, თუმცა, უშედეგოდ. ადვოკატთა უკმაყოფილება იმანაც გამოიწვია, რომ მოსამართლე დარბაზში ჩამწერ მოწყობილობას იმ დროს თიშავდა, როცა მოსარჩელის შუამდგოლობებთან დაკავშირებით საკუთარ გადაწყვეტილებას კითხულობდა.

სასამართლო პროცესი, რომელზეც ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის კანონიერების საკითხი განიხილება, მოსარჩელის ადვოკატების შუამდგომლობის გაცნობით დაიწყო. ივანიშვილ-ხვედელიძის ინტერესებს თბილისის საქალაქო სასამართლოში ხუთი ადვოკატი იცავს: შალვა თადუმაძე, ეკა ბესელია, ალექსანდრე ბარამიძე, ზაქარია ქუცნაშვილი და არჩილ კბილაშვილი.

პირველი შუამდგომლობა ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე მოსამართლის – შოთა გეწაძის აცილებას ეხებოდა. სწორედ ის განიხილავს ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძის სარჩელს, რომლის მოპასუხეც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშილია. მომჩივანები პრეზიდენტის იმ ბრძანებულების ბათილად ცნობას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანშვილსა და ეკატერინე ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ.

სასამართლო დარბაზის პატარა ზომის გამო პროცესზე დასწრება 20-მდე ადამიანმა შეძლო. რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები, პროცესს ვერ დაესწრნენ.

მოსამართლის აცილების შესახებ პირველ შუამდგოლობის საფუძვლად მომჩივანის ადვოკატებმა წინა სასამართლო სხდომაზე დაუკმაყოფილებელი შუამდგომლობები დაასახელეს.  

მაშინ ადვოკატებმა მოითხოვეს, სასამართლოს დაევალდებულებინა პრეზიდენტი და სამოქალაქო რეესტრი, წარმოედგინათ ინფორმაცია იმის შესახებ, ივანიშვილის მსგავსად, მოქალაქეობამინიჭებულ პირთაგან გამონაკლისი წესით ვის შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა. აღნიშნული მოსამართლემ ნაწილობრივ დააკამყოფილა და სამოქალაქო რეესტრს დავალა, წარმოედგინა ზოგადი სტატისტიკა, 2004-2011 წლებში რამდენ ადამიანს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა. ეს ინფორმაცია ადვოკატებისთვის უსარგებლო აღმოჩნდა.

“ჩვენ გვინდოდა, მიგვეღო დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც ადმინისტრაციულმა ორგანომ დაიწყო საქმის წარმოება[ივანიშვილ-ხვედელიძის მოქალაქეობის შეწყვეტა]. რეესტრის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ მსგავსი დოკუმენტი არ აქვთ და ეს ჩვეულებრივი ამბავია. თქვენ მათი ნათქვამი მიიჩნიეთ მტკიცებულებად,” – უთხრა ადვოკატმა შალვა თადუმაძემ მოსამართლე შოთა გეწაძეს. მან მოსამართლეს ასევე განუცხადა, რომ ის “ნდობის მაღალი ხარისხით” განეწყო პრეზიდენტის წარმომადგენლისადმი, რომლის თქმითაც, პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ ფლობდა მოსარჩელის მიერ მოთხოვილ ინფორაციას.

ივანიშვილ-ხვედელიძის ადვოკატების თქმით, აღნიშნული ფატქები საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ მოსამართლე არის მიკერძოებული და “შინაგანი რწმენით კეთილგანწყობილია” მოპასუხის – პრეზიდენტის წარმომადგენლისადმი.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ პროცესს სასამართლო იწერს, დღეს მოსარჩელე მხარემ მაინც მოითხოვა აუდიოჩაწერის უფლება საკუთარი დიქტოფონით, რათა ადვოკატებს სწრაფად მუშაობის საშუალება მიეცეთ. შალვა თადუმაძის თქმით, სასამართლოს მიერ აუდიოჩანაწერის მომზადება და მხარეებისთვის გადაცემა დროში იწელება. თადუმაძემ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ასევე ითხოვა ვიდეოჩაწერის უფლებაც.

მოსამართლე შოთა გეწაძემ ორივე შუამდგომლობაზე უარი განაცხადა და თქვა, რომ აუდიოჩაწერა ისედაც ხორციელდება და შუამდგომლობებზე უარის თქმა სასამართლო სხდომის საჯაროობას ვერ დააზარალებს.

ამ დროს დარბაზში მყოფმა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, თამარ ოქრუაშვილმა ხმამაღლა გაიცინა, რის გამოც მას დარბაზი დაატოვებინეს.

გათიშული მიკროფონები
მაშინ, როცა მოსამართლე საკუთარ უარს ასაბუთებდა, სასამართლო დარბაზში ჩამწერი მოწყობილობა გაითიშა, მისი საუბრის დასრულების შემდეგ კი კვლავ ჩაირთო. ამ ფაქტს მოსარჩელეთა მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ადვოკატმა ზაქარია ქუცნაშვილმა მოსამართლე შოთა გეწაძეს რამდენჯერმე მოსთხოვა განემარტა, თუ რატომ არ იწერდა მოსამართლე საკუთარ საუბარს.

მოსამართლე შოთა გეწაძე
მოსამართლე შოთა გეწაძე

შოთა გეწაძემ თქვა, რომ შესაბამისი ინსტრუქციის საფუძველზე ის უფლებას იტოვებს, საკუთარი პასუხი საოქმო ჩანაწერში დააფიქსიროს და არა – აუდიოჩანაწერში. ქუცნაშვილმა მას დამატებით მოსთხოვა, მიეთითებინა ის ნორმატიული აქტი, რის საფუძველზეც მოსამართლემ გადაწყვიტა, სხდომის რომელი მონაკვეთი ჩაიწეროს და რომელი – არა.

მოსამართლემ აღნიშნული ნორმატიული აქტი არ მიუთითა, რის გამოც ივანიშვილ-ხვედელიძის ადვოკატებმა განმეორებით დააყენეს შოთა გეწაძის აცილების საკითხი. მოსამართლემ შუამდგომლობა ამჯერადაც არ დააკმაყოფილა.

“თქვენ იმის გამო არ იწერთ განჩინებებს, რომ მერე შეცდომის გამოსწორებას ვერ შეძლებთ. აცილებით ბევრ უხერხულობას აიცილებთ,” – მიმართა მოსამართლეს შალვა თადუმაძემ.

არგუმენტები
მოსარჩელეთა ადვოკატებმა შუადგომლობების წარდგენის შემდეგ სასამართლოზე მოხსენება წარმოადგინეს. მათ სასამართლოს კიდევ ერთხელ გააცნეს სარჩელის მოთხოვნები და ის არგუმენტები, რასაც ეს მოთხოვნები ეფუძნება.
ივანიშვილ-ხვედელიძის ადვოკატები მიიჩნევენ, რომ მაშინ, როცა ეკატერინე ხვედელიძეს მიხეილ სააკაშვილმა 2004 წელს გამონაკლისი წესით მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა, ის უკვე იყო როგორც საფრანგეთის, ისე რუსეთი მოქალაქე. შესაბამისად, მისთვის 2011 წლის 11 ოქტომბერს მოქალაქეობის შეწყვეტა, საფრანგეთის მოქალაქეობის მიღების საბაბით, უკანონო და პოლიტიზებული გადაწყვეტილებაა.

ამის საპასუხოდ პრეზიდენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა არაფერი იცოდა ეკატერინე ხვედელიძის საფრანგეთის მოქალაქეობის შესახებ. გარდა ამისა, მისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურა მას შემდეგ დაიწყო, რაც სამოქალაქო რეესტრმა ამის შესახებ შეიტყო, ანუ, 2011 წლის ოქტომბერში.

ადვოკატებმა ასევე განაცხადეს, რომ პრეზიდენტი არ იყო ის უფლებამოსილი პირი, რომელსაც უნდა გაეცა მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ ბრძანებულება, რასაც მოპასუხე არ დაეთანხმა.

ივანიშვილ-ხვედელიძის ადვოკატებმა სასამართლოზე თქვეს, რომ რადგან მათ კლიენტებს საქართველოს მოქალაქეობა გამონაკლისის წესით ჰქონდათ მიღებული, მათზე არ უნდა გავრცელებულიყო კანონის ის მოთხოვნა , რაც სავალდებულოა დაბადებითა და ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქისთვის. კერძოდ, კანონის მიხედვით, თუ საქართველოს მოქალაქე გახდება სხვა ქვეყნის მოქალაქე, მას შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა.

სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე კანონის წინაშე თანასწორია და მნიშვნელობა არა აქვს, ის რა გზით გახდა საქართველოს მოქალაქე – დაბადებით, ნატურალიზაციითა თუ გამონაკლისის წესით.

ადვოკატებმა სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენლებს ჰკითხეს, მოქალაქეობის შეწყვეტის საქმის წარმოების დაწყებისას რატომ არ აცნობეს ბიძინა ივანიშვილსა და ეკატერინე ხვედელიძეს. ამის საპასუხოდ რეესტრის წარმოადგენლებმა განაცხადეს, რომ რეესტრს ამის უფლება აქვს და არა – ვალდებულება, შესაბამისად, პროცედურები არ დარღვეულა.

ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 საათი, შესვენების გარეშე, მიდინარეობდა. პროცესი 20 დეკემბერს განახლდება.

ამავე თემაზე:

ივანიშვილ-სააკაშვილის სასამართლო დაპირისპირების პირველი რაუნდი

მასალების გადაბეჭდვის წესი