სახალხო დამცველი: 2011 წლის პირველ ნახევარში 77 პატიმარია გარდაცვლილი

სახალხო დამცველის მონაცემით, 2011 წლის პირველ ნახევარში 77 პატიმარია გარდაცვლილი. გარდაცვალების ერთ–ერთ უმთავრეს მიზეზად სახელდება ტუბერკულოზი და ინფექციური დაავადებები. არის შემთხვევები, როდესაც მძიმედ დაავადებული პაციენტები არ გადაჰყავდათ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან შესაბამის სამკურნალო დაწესებულებებში.
დღეს, 13 დეკემბერს, საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა გამოაქვეყნა პრევენციის ეროვნული მექანიზმის სპეციალური ანგარიში, სადაც ასახულია 2011 წლის პირველ ნახევარში სასჯელაღსრულების დაწესებულებასა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში განხორციელებული მორიტორინგის შედეგები.

საანგარიშო პერიოდში საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განხორციელდა 36 გეგმიური და 241 არაგეგმიური ვიზიტი. ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორებში– 42 გეგმიური და 80 არაგეგმიური ვიზიტი.

სახალხო დამცველის მიერ მომზადებული ანგარიში მოიცავს 2011 წლის პირველ ნახევარს და მასში გამოვლენილია არასათანადო მოპყრობის ფაქტები, ჯანმრთელობის დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა. მასში დეტალურად არის აღწერილი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და შსს–ს დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული მდგომარეობა. თითოეულ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში შესაბამისი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავრობას, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, შსს–ს, მთავარ პროკურატურას, საქართველოს პარლამენტს.  

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ აღნიშნული კვლევების გაგრძელება ხელს შეუწყობს იმ პრობლემებისა და ხარვეზების აღმოფხვრას, რაც დღეის მდგომარეობით არსებობს თავისუფლების შეზღუდვისა და აღკვეთის დაწესებულებებში.

სახალხო დამცველმა პრობლემურ საკითხებს შორის დაასახელა გლდანის მე–8 და ქუთაისის მე–2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში თანამშრომლების მიერ პატიმართა ცემის ფაქტები, რაც სამედიცინო დოკუმენტაციით საბუთდება. გიორგი ტუღუშმა ასევე ისაუბრა პატიმარ ბარათაშვილზე, რომლის საქმის შესწავლისას აღმოჩნდა, რომ პატიმარმა დაზიანებები სწორედ იმ დროს მიიღო, როდესაც მას საოპერაციოდ ამზადებდნენ. სახალხო დამცველის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არასათანადოდ მოპყრობა სისტემურ პრობლემას არ წარმოადგენს ზოგიერთ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, არასათანადო მოპყრობის ფაქტები სხვა დაწესებულებებში უფრო ხშირად ხდება. მან არსებულ პრობლემებს შორის დაასახელა არასათანადო მოპყრობის ფაქტების არასრულყოფილი გამოძიებაც.    

ტუღუშის განცხადებით, მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯია ის, რომ 2010 წლის ანგარიშში ნახსენები პირები, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მუშაობდნენ და პატიმართა არასათანადო მოპყრობაში იყვნენ მხილებულნი, დღესდღეობით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ მუშაობენ.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2011 წლის პირველ ნახევარში, 2010 წლისგან განსხვავებით, არ დაფიქსირებულა მომაკვდინებელ პატიმართა გადაყვანა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან საქალაქო საავადმყოფოებში და, შესაბამისად, ყველა გარდაცვლილი პატიმარი სრულყოფილად აღერიცხა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ.

სახალხო დამცველის მონაცემით, 2011 წლის პირველ ნახევარში 77 პატიმარია გარდაცვლილი. გარდაცვალების ერთ–ერთ უმთავრეს მიზეზად სახელდება ტუბერკულოზი და ინფექციური დაავადებები. არის შემთხვევები, როდესაც მძიმედ დაავადებული პაციენტები არ გადაჰყავდათ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან შესაბამის სამკურნალო დაწესებულებებში.

ტუღუშმა ასევე ისაუბრა დროებით მოთავსების იზოლატორებზე და კონკრეტულად 26 მაისს დაპატიმრებულებზე. მისი თქმით, 26 მაისს დაპატიმრებულებს შეეზღუდათ სხვადასხვა უფლება, მათ შორის დაცვის უფლება, მათ არ მისცეს ახლობლებთან შეხვედრისა და დაკავშირების საშუალება.

სახალხო დამცველის ანგარიში 200– გვერდიანია და დღის მეორე ნახევარში გამოქვეყნდება. 2011 წლის სრული ანგარიში კი 2012 წლის მარტში გამოქვეყნდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თაზო კუპრეიშვილი