სამართალი

კალმახელიძის ინიციატივას საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მხარს უჭერს

7 დეკემბერი, 2011 • • 1205
კალმახელიძის ინიციატივას საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მხარს უჭერს

სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ხათუნა კალმახელიძის ინიციატივას ახალი ტიპის – თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების შექმნასთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიცია მხარდაჭერას უცხადებს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას კი კანონპროექტის ზოგიერთ პუნქტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს.

მინისტრმა კალმახელიძემ საკუთარ ინიციატივას სისხლის სამართლის კოდექსის ლიბერალიზაციის პოლიტიკაში მნიშვნელოვანი მღწევა უწოდა. როგორც მან აღნიშნა, სასჯელაღსრულების სამინისტროს დელეგაცია გარკვეული დროის განავლობაში მოგზაურობდა ევროპაში და იქაური საუკეთესო პრაქტიკა მოარგეს ქართულ რეალობას.

საკანონმდებლო ინიციატივა კალმახელიძემ პარლამენტის ადმიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების სხდომაზე დღეს, 7 დეკემბერს,  წარმოადგინა.

თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება იქნება ღია ტიპის ანალოგი, გისოსებს გარეშე დაწესებულება, სადაც სასჯელს პრობაციის ეროვნული სააგენტო აღასრულებს.

თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში განთავსდებიან ის პირები, რომლებსაც სასამართლომ მიუსაჯა თავისუფლების შეზღუდვა და ის მსჯავრდებულები, რომლებსაც ადგილობრივი საბჭოს მიერ, მათივე თანხმობის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა შეეცვლებათ თავისუფლების შეზღუდვით.

თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მსჯავრდებულებს არ ექნებათ შეზღუდული ერთმანეთთან ურთიერთობა და გადაადგილება დაწესებულების ტერიტორიის ფარგლებში. ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე მსჯავრდებულებს შესაძლებლობა ექნებათ, შაბათ–კვირას დატოვონ დაწესებულების ტერიტორია. ისინი ჩართულნი იქნებიან საგანმამანათლებლო, სამუშაო და სარეაბილიტაციო პროგრამებშიც.

მსჯავრდებულები უქმე დღეებში, ასევე, ისარგებლებენ შეუზღუდავი ხანმოკლე პაემნების უფლებით.

მინისტრი ხათუნა კალმახელიძე საკომიტეტოს მოსმენაზე მულტიმედიური მასალის თანხლებით წარსდგა. ვიდეოკოლაჟში ნაჩვენები იყო თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების კომპიუტერული მოდელი – შენობის შიდა და გარე ფასადი, ტექნიკური აღჭურვილობა და ა.შ. კალმახელიძემ სხდომაზე მყოფთ აჩვენა ელექტრონული სამაჯურიც, რომლითაც გააკონტროლებენ იმ მსჯავრდებულებს, რომლებიც დროებით დატოვებენ თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებას.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმოადგენელმა თათული თოდუამ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა დახმარების მინისტრს ჰკითხა,  რატომ არ იყო კანონპროექტში გაწერილი ის სტანდარტები და პირობები, რაც კანონით იქნება გათვალისწინებული თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში.

თათული თოდუას აზრით, მხოლოდ ვიდეომასალის ჩვენება საკმარისი არ არის იმაზე წარმოდგენის შესაქმნელად, სინამდვილეში როგორი გარემო იქნება აღნიშნულ დაწესებულებაში.

საიას-ს წარმოადგენელმა ასევე განაცხადა,  კანონპროექტში გათვალისწინებულია, რომ ადგილობრივ საბჭოს შეუძლია გააკეთოს წარდგინება, რომლის მიხედვითაც, მსჯავრდებულისთვის „თავისუფლების აღღვეთის“ შეცვლა შესაძლებელია „თავისუფლების შეზღუდვით.“ ამისთვის უნდა არსებობდეს ორი საფუძველი. პირველი საფუძველია, როცა მსჯავრდებულმა, შესაძლოა, თავი აარიდოს დაკისრებული მოვალეობის შესრულებას(რაც მისაღებია), ხოლო მეორე საფუძვლად მითითებულია  „სხვა მიზეზი.“ თათული თოდუა მიიჩნევს, რომ „სხვა მიზეზი“ საკმაოდ ბუნდოვანი ცნებაა და მრავალგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

მინისტრმა კალმახელძემ საიას-ს საპასუხოდ განმარტა, რომ კანონპროექტში ვერ მოხვდებოდა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში არსებული ნორმებისა და სტანდარტების გაწერა. მინისტრის თქმით, ის ამ საკითხს აუცილებლად დაარეგულირებს შესაბამისი დებულების გამოცემით. „თუმცა ზოგადი კონცეფცია იქნება იმის მსგავსი, რაც ვიდოეზეა აღბეჭდილის,“ – განაცხადა თათული თოდუამ.

საკომიტეტო განხილვისას მინისტრის პრეზენტაციის მოსმენის შედეგ ოპოზიციონერმა პარლამენტარმა ჯონდი ბაღათურიამ აღფრთოვანება ვერ დამალა და ხათუნა კალმახელიძის გამოსვლას „შთამბეჭდავი“ უწოდა და საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერის მზადყოფნაც გამოხატა. ბაღათურიამ იქვე დაამატა, რომ მას არ აკმაყოფილებს სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციის,  სასჯელაღსრულების სისტემის განვითარების და მსჯავრდებულთა შეწყალების ნელი ტემპი.

საპასუხოდ მინისტრმა კალმახელიძემ განაცხადა, რომ „რეფორმა ძალიან სწრაფი ტემპით მინდინაროებს და მსჯავრდებულთა შეწყალების მხრივაც ორმაგი პროგრესია მიღწეული.“

„ჩვენ გვაქვს 100%-იანი პროგრესი, შეგიძლიათ ნახოთ სტატისტიკა ჩვენს ვებგვერდზე. თუ არ შევადარებთ, ადრე რა იყო და ახლა რა გვაქვს, პროგრესს ვერ დაინახავთ“ – უთხრა ხათუნა კალმახელიძემ ჯონდი ბაღათურიას.

დეპუტატმა მოგვიანებით განაცხადა: “კარგია, რომ პროგრესი გვაქვს, მე არ ვიცოდი ეს სტატისტიკა, გამოდის, ინფორმაციული ჩავარდნა გვქონია.“

კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ ხათუნა კალმახელძის ინიციატივასთან დაკავშირებით რამდენიმე შენიშვნა გამოთქვა. კერძოდ, მას აინტერესებდა ის სამართლებრივი პროცედურები და წინაპირობები, რომლის მიხედვითაც, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ბრალდებით გასამართლებულ პირებს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გადაიყვანენ თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში.

პარლამენტარმა ლაშა თორიამ განაცხადა, რომ მსგავსი ტიპის „ტექნიკურ საკითხებს“ ისინი შემდეგ საკომიტეტო განხილვებზე განიხილავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი