სამართალი

საია პატიმარზე განმეორებით განხორციელებული ზეწოლის შესახებ

6 დეკემბერი, 2011 • 1188
საია პატიმარზე განმეორებით განხორციელებული ზეწოლის შესახებ
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) მსჯავრდებულ კახა ბარათაშვილის მიმართ განმეორებით განხორციელებული ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
“საია კიდევ ერთხელ გმობს პატიმრის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას სასჯელაღსრულების დაწერებულებაში, მით უფრო, როდესაც აღნიშნულ ფაქტს ადგილი აქვს მსჯავრდებულთა და პატიმართა სამედიცინო დაწესებულებაში”, – ნათქვამია განცხადებაში.

საია მოუწოდებს:

– მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციას და მის მთავარ ექიმს, დაიცვან და უზრუნველყონ პატიმარ კ. ბარათაშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება
– სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება მის დაქვემდებარებაში არსებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარ ფაქტზე.
– საქართველოს მთავარ პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება კ. ბარათაშვილის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, რომელიც აშკარად შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.

მსჯავრდებულ კახა ბარათაშვილის ადვოკატმა კახა მუმლაძემ საია–ს პირევლად 2011 წლის 29 ნოემბერს მიმართა. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა. ცოტა ხნის წინ კი ადვოკატმა ახალგაზდა იურისტთა ასოციაციას განმეორებითი ძალადობის ფაქტის შესახებ აცნობა.

საიას განცხადებით, როგორც მათთვის ცნობილია, ფსიქოლოგიური ზეწოლა ოჯახის წევრებზეც მიმდინარეობს, რის გამოც მათ დღევანდელ პრესკონფერენციაში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადეს.

ძალადობის პირველ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს სახალხო დამცველმაც გაავრცელა, საია კი ითხოვდა სისხლის სამართლის საქმის აღძვრას.

2011 წლის 5 დეკემბრამდე სასჯელაღსრულების დაწესებულების მხრიდან საიას ადვოკატებს მჯავრდებულ კახა ბარათაშვილთან შეხვედრა ეზღუდებოდათ.

საია იმედოვნებს, რომ აღნიშნული ფაქტის გახმაურებით პატიმრის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქრება.

სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრეს–სამსახურში აღნიშნულ ფაქტებზე კომენტარს არ აკეთებენ.

ამავე თემაზე:

პატიმარი აცხადებს, რომ ცემეს

მასალების გადაბეჭდვის წესი