სამართალი

70 მილიონად შეწყალებული ბიზნესმენები

2 დეკემბერი, 2011 • • 1504
70 მილიონად შეწყალებული ბიზნესმენები

რონი ფუქსი. ფოტო: ronyfuchsgeorgia.com
რონი ფუქსი. ფოტო: ronyfuchsgeorgia.com

14-თვიანი პატიმრობის შემდეგ ისრაელის მოქალაქე ბიზნესმენები, რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი, ქართული ციხიდან დღეს, 2 დეკემბერს, დაახლოებით 15:45 საათზე გამოვიდნენ, ქვეყანა კი 17:30- საათზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კერძო თვითთმფრინავით დატოვეს.

აღნიშნული ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ ფუქსისა და ფრენკელის ქართველმა ადვოკატმა, არჩილ კბილაშვილმა მიაწოდა.

2010 წლის შემოდგომაზე საქართველოში დაპატიმრებული ბიზნესმენების შეწყალებას წინ უძღოდა მათი კუთვნილი კომპანია „ტრამექსის“ მიერ საქართველოსთან საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის შეწყვეტა და 70 მილიონ აშშ დოლარზე უარის თქმა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა ისრაელის მოქალაქე ბიზნესმენები – რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი. ისინი ქართულ ციხეში სასჯელს სახელმწიფო მოხელისთვის ქრთამის შეთავაზების გამო იხდიდნენ.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა „ისრაელის მთავრობისა და პირადად ისრაელის პრეზიდენტის თხოვნის საფუძველზე – ჰუმანური მოსაზრებების, ასევე ფუქსისა და ფრენკელის ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება მათი შეწყალების შესახებ.“

თუმცა ბიზნესმენების შეწყალებას მათი შვილები ჯერ კიდევ 2011 წლის ზაფხულიდან, ბიზნესმენებისთვის განაჩენის გამოტანის შემდეგ, ითხოვდნენ, თუმცა პასუხი დღემდე არ ჰქონდათ მიღებული.

ისრაელის ორი მოქალაქე – რონ ფუქსი და ზეევ ფრენკელი ქართველმა სამართალდამცველებმა 2010 წლის 14 ოქტომბერს ბათუმში დააკავეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, 2011 წლის 1 აპრილს ისინი თბილისის საქალაქო სასამართლომ ქრთამის მიცემისთვის დამნაშავედ სცნო.

გამოძიების მასალებით, ბიზნესმენებმა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს 7 მილიონი აშშ დოლარის გადახდა შესთავაზეს ქრთამის სახით, რათა საქართველოს ხელისუფლებას არ გაეპროტესტებინა საარბიტრაჟო სასამართლოს – „საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრის“ გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას ბიზნესმენებისთვის 98 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.

1993 წელს კომპანია „ტრამექსს“, რომლის დამფუძნებლები არიან რონი ფუქსი და იოანის კარდასოპულოსი (ამ უკანასკნელზე საქართველოში ძებნაა გამოცხადებული იგივე ბრალდებით, რაც რონი ფუქსს დაედო), 30– წლიანი ექსპლუატაციის უფლებით საქართველოს ყველა ნავთობსადენი გადაეცა.

1996 წლიდან, მას შემდეგ, რაც შეიქმნა „საქართველოს ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კორპორაცია“, საქართველოში არსებული ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურის მართვის სრული უფლება სწორედ ამ კორპორაციამ მიიღო.  შესაბამისად, ისრაელელი ბიზნესმენები ქვეყნიდან გააძევეს. ამის შემდეგ კომპანია Tramex International Inc-ის წარმომადგენლებმა დაიწყეს დავა მათ მიერ გაფორმებული კონტრაქტების კანონიერების თაობაზე, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო არბიტრაჟში.

ბიზნესმენებმა კომპენსაციის მიღება ახალი პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის არჩევის შემდეგ უშედეგოდ სცადეს, რის შემდეგაც საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართეს ლონდონში. საარბიტრაჟო სასამართლომ კი ბიზნესმენთა სასრგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა 2010 წელს და საქართველოს ხელისუფლებას 98 აშშ მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა, რომელმაც მზარდი პროცენტის გამო 110 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.

ფუქსისა და ფრენკელის დაკავების პარალელურად, საქართველოს ხელისუფლებამ, რომელსაც საერთაშორისო დავებში იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს,   გაასაჩივრა საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმის განხილვა ამ დრომდე მიმდინარეობდა.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ საქართველომ და ებრაულ-ბერძნულმა კომპანიამ საარბიტრაჟო დავა შეწყვიტეს და მორიგდნენ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობით,  „ქვეყნისთვის ხელსაყრელ“ შეთანხება  კომპანია Tramex International In-სა და საქართველოს შორის 2011 წლის 29 ნოემბერს შედგა.

„შეთანხმების მიხედვით,  საქართველო გადაიხდის დაკისრებული თანხის, 98 მილიონი აშშ დოლარის მხოლოდ 1/3-ს, შესაბამისად, ბიუჯეტიდან დაიზოგა 70 მილიონი აშშ დოლარი, რაც ფინანსური თვალსაზრისით, საქართველოსთვის სასარგებლოა,“- წერია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.  იგივე სამინისტრო ასევე წერს, რომ „საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქვეყანას თავიდან აეცილებინა მძიმე ფინანსური სანქციები, რაც გამოწვეული იყო წინამორბედი ხელისუფლების უკანონო ქმედებებითა და ქვეყანაში იმ დროს არსებული კორუფციით. ამ მიზნით, საქართველოს მთავრობამ მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე საერთაშორისო იურიდიულ კომპანიებთან ერთად აწარმოა მოლაპარაკებები და მიღწეულია შეთანხმება, რომლის საფუძველზეც დასრულდა მრავალწლიანი დავა.“

ჯერჯერობით უცნობია, რა მოტივით თქვა უარი ათეულობით მილიონ აშშ დოლარზე კომპანია „ტრამექსმა”. რონი ფუქსის ადვოკატმა „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ ის ბიზნესმენის ლონდონის ოფისიდან გააფრთხილეს, რომ ამ საკითხზე მათი მხრიდან კომენტარი არ გაკეთდება.

რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი შეწყალებამდე აპირებდნენ, რომ საქართველოს შიდა ინსტანციებში რესურსის ამოწურვის შემდეგ, თავიანთ უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით, სამართლებრივი დავა გაეგრძელებინათ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

დღეს არჩილ კბილაშვილს არა აქვს პასუხი კითხვაზე, ბიზნესმენები გააგრძელებენ თუ არა აღნიშნულ დავას ევროსასამართლში. ბიზნესმენთა ადვოკატის თქმით, საჩივარი ამჟამად უზენაეს სასამართლოშია შეტანილი და ჯერ პასუხი მიღებული არ არის. გარდა ამისა, მან არ იცის, შეიცვალეს თუ არა პოზიცია ბიზნესმენებმა ამ კუთხით დავის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

ისრაელის მოქალაქე ბიზნესმენებს ქართულ საპატიმროებში სხვადასხვა სახის პრობლემები არაერთხელ შეექმნათ. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებდა როგორც მათი ადვოკატი, ისე საქართველოს სახალხო დამცველი და ისრაელის საელჩო საქართველოში.

ბიზნესმენთა დაკავებას საქართველო-ისრაელს შორის პოლიტიკური ურთიერთობების გაცივება მოჰყვა.  2011 წელს, ისრაელის მხარის ინიციატივით, გაურკვეველი ვადით გადაიდო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვერა ქობალიას ისრაელში ვიზიტი.

ფუქსისა და ფრენკელის შეწყალების შემდეგ, დღეს, ისრაელის ერთ-ერთ ინტერნეტ–გამოცემაში გამოქვეყნდა ცნობა იმის შესახებ, რომ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურთიერთობებისა და კავშირების განახლების მიზნით, ქვეყანაში მიიწვია ქართველი კოლეგა გრიგოლ ვაშაძე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ისრაელში უახლოეს ორ კვირაში ელოდებიან.

ამავე თემაზე:

ფრენკელის ადვოკატი ქუთაისის კლინიკის უკანონო ქმედებაზე საუბრობს

რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის პრობლემები ქართულ ციხეში

მთავრობის “განაჩენი” ებრაელ ბიზნესმენებს

მასალების გადაბეჭდვის წესი