სამართალი

ბესელია: პარლამენტი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას გააკონტროლებს

24 მაისი, 2016 • 1205
ბესელია: პარლამენტი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას გააკონტროლებს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, პარლამენტში მალე შევა კანონპროექტი, რომელიც ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე საპარლამენტო კონტროლს დააწესებს.

ბესელიამ ეს განცხადება კონფერენციაზე “ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის იმპლემენტაცია საქართველოში” ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. კონფერენცია ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს ფუნიკულიორის საკონფერენციო დარბაზში.

ეკა ბესელიას განცხადებით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების კონტროლის გასაზრდელად პროექტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან ერთად უკვე ერთი წელია ხორციელდება.

“ვამზადებთ ცვლილებებს პარლამენტის რეგლამენტში, სადაც პირდაპირ ჩაიწერება, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე პარლამენტს ექნება ახალი და კარგი მექანიზმები. ეს არის კონტროლის მექანიზმი, პერიოდული ანგარიშის მოსმენა და აღსრულებაზე მუდმივი კონტროლი. ეს არის ერთ-ერთი კარგი შემოთავაზება, რაც ჩვენ მივიღეთ სიამოვნებით ევროსაბჭოს მხრიდან. ჩვენი კომიტეტი არის ამ იდეის სულისჩამდგმელი და ძალიან მალე, უახლოეს დღეებში ჩვენ ამ ცვლილებებს პარლამენტში ინიცირებას გავუკეთებთ,”- განაცხადა ბესელიამ.

ეკა ბესელიამ ასევე უპასუხა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დირექტორატის გენერალური დირექტორის, ფილიპ ბუაიას განცხადებებს იმის შესახებ, რომ საქართველოში კვლავ არის პრობლემები ეფექტურ გამოძიებასთან, ციხეებში არასათანადო მოპყრობასთან და სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.

“ადამიანის უფლებების კუთხით გვაქვს სრულიად ახალი სტანდარტი და ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც მძიმე მემკვიდრეობის შემდეგ დაგვჭირდა, რომ განგვეხორციელებინა, ვხედავთ, რომ პროგრესი არის და პროგრესი არის პირველ რიგში იქ, სადაც ყველაზე მეტად გვიჭირდა. ეს იყო პენიტეციური სისტემა, სასჯელაღსრულების დაწესებულება, რომელიც იყო ყველაზე მძიმე თემა. საქართველო ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებს შორის იყო პირველ ადგილზე პატიმართა რაოდენობით 2012 წლამდე, ახლა აღარ ვართ ამ ცუდი ქვეყნების ჩამონათვალში და პირიქით, ევროპის საბჭოს ბოლო ანგარიშებს თუ ნახავთ, უდავოდ არის პროგრესი რეფორმების მიმართ,”- განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელია საერთაშორისო კონფერნციაზე ადამიანის უფლებთა ევროპული კონვენციის იმპლემენტაცია საქართველოში". 24.05.2016 ევროსაბჭოს ფოტო.

ეკა ბესელია საერთაშორისო კონფერნციაზე ადამიანის უფლებთა ევროპული კონვენციის იმპლემენტაცია საქართველოში”. 24.05.2016 ევროსაბჭოს ფოტო.

მასალების გადაბეჭდვის წესი