სამართალი

ომბუდსმენი ზუგდიდისა და ქუთაისის ციხეების თანამშრომლების დასჯას მოითხოვს

25 ნოემბერი, 2011 • 1135
ომბუდსმენი ზუგდიდისა და ქუთაისის ციხეების თანამშრომლების დასჯას მოითხოვს
სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურორს, დაიწყოს წინასწარი გამოძიება მსჯავრდებულ მურმან კალანდიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით და განიხილოს ზუგდიდის N4 და ქუთაისის N2 დაწესებულებების თანამშრომელთა პასუხისმგებლობის საკითხი.
პატიმარი მურმან კალანდია 2011 წლის 31 ოქტომბერს ქუთაისის N2 დაწესებულებაში გარდაიცვალა. კალანდიას დის განცხადებით, რომელმაც 3 ნოემბერს მიმართა ომბუდსმენს, მსჯავრდებულს აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები.
16 ნოემბერს სახალხო დამცველის რწმუნებულები იმ მსჯავრდებულებს გაესაუბრნენ, რომელთა ეტაპირებაც მოხდა კალანდიასთან ერთად ზუგდიდის N4 დაწესებულებიდან ქუთაისის დაწესებულებაში. მათი თქმით, ეტაპირების დროს კალანდია თავს შეუძლოდ გრძნობდა, თუმცა, ამის მიუხედავად, ის ქუთაისის N2 დაწესებულებაში მოათავსეს F-107 საკანში, ე.წ. ბოქსში (,,ბოქსი“ წარმოადგენს დაახლოებით 2–3 მ2 ფართის მქონე საკანს, სადაც არ არის არც მაგიდა, არც სკამი და არც საწოლი).

ერთ–ერთი მსჯვარდებულის თქმით, რომელიც ამავე ბოქსში იმყოფებოდა, კალანდია იყო ძალიან ცუდად, თუმცა დაწესებულების ექიმმა მას მისცა მხოლოდ “ვალიდოლი”. მსჯავრდებულის თქმით, მან კვლავ მიმართა ექიმს და უთხრა, რომ მსჯავრდებული იყო უგონოდ და ესაჭიროებოდა დახმარება, რაზეც ექიმმა ,,რჩევა“ მისცა – ,,გაულაწუნე და გამოფხიზლდება“. მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ კალანდია ამის შემდეგ ცოტა ხანში გარდაიცვალა.

“ზემოთ აღწერილი ფაქტები ცხადყოფს ავადმყოფი პატიმრისადმი დანაშაულებრივ გულგრილობას ზუგდიდის N4 და ქუთაისის N2 დაწესებულებების სამედიცინო პერსონალის და, ზოგადად, ადმინისტრაციის მხრიდან”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ამავე განცხადებაში გიორგი ტუღუში აღნიშნავს, რომ “უმძიმესი ავადმყოფი ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურეს გაუარესებამდე ზუგდიდის N4 დაწესებულების პირობებში იმყოფებოდა, რომელიც ჯანმრთელი პატიმრების განთავსებისთვისაც კი არ არის ადაპტირებული. ტრანსპორტირებისას საჭიროდ არ იქნა მიჩნეული მძიმე ავადმყოფის სასწრაფო დახმარების მანქანით გადაყვანა სამკურნალო დაწესებულებაში. ამის მაგივრად მ. კალანდია საბადრაგო ავტობუსით იქნა გადაყვანილი N2 დაწესებულებაში, სადაც ასევე არ იქნა ადეკვატურად შეფასებული მსჯავრდებულის მდგომარეობა და იგი განათავსეს არა სამედიცინო ნაწილში, არამედ „ბოქსში“, სადაც ზოგადად არაადამიანური პირობებია, მით უმეტეს, მ.კალანდიას მდგომარეობაში მყოფი პირისთვის „ბოქსის“ პირობებში ყოფნა აბსოლუტურად დაუშვებელია.”

სახალხო დამცველის აზრით, სავარაუდოდ, ყოველივე ზემოაღნიშნულმა გამოიწვია ლეტალური შედეგი.

მასალების გადაბეჭდვის წესი