სამართალი

ევროსასამართლო: მოქალაქის სიკვდილში დამნაშავე საქართველოა

22 ნოემბერი, 2011 • • 1350
ევროსასამართლო: მოქალაქის სიკვდილში დამნაშავე საქართველოა
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველომ 41 წლის ნიკო მახარაძის ფუნდამენტური უფლება – სიცოცხლის უფლება ხელყო. ამის გამო ქვეყანას გარდაცვლილი მეუღლის სასარგებლოდ კომპენსაციის – 15 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა.

სტრასბურგის სასამართლომ 22 ნოემბერს გამოაქვეყნა თავისი გადაწყვეტილება საქმეზე “მახარაძე და სიხარულიძე საქართველოს წინააღმდეგ.” აღნიშნული გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და მისი გადახედვის მოთხოვნა ნებისმიერ მხარეს შეუძლია 3 თვის ვადაში. გასაჩივრების შემთხვევაში, ევროსასამართლოს ხუთი მოსამართლე წყვეტს, საქმე უნდა გადაიხედოს თუ არა. დადებითი პასუხის შემთხვევაში, აღნიშნულ საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს და საბოლოო ვერდიქტსაც გამოიტანს.

22 ნოემბერს გამოტანილი გადაწყვეტილებით კი ევროსასამართლომ დაადგინა, რომ 41 წლის ნიკო მახარაძის მიმართსაქართველომ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი – სიცოცხლის უფლება და მუხლი 34 – ინდივიდუალური განაცხადი.  ამ მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მიიღოს განაცხადები ნებისმიერი ფიზიკური პირის, არასამთავრობო ორგანიზაციის ან ცალკეულ პირთა ჯგუფისაგან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ისინი არიან ერთ-ერთი მაღალი ხელშემკვრელი მხარის მიერ კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის მსხვერპლნი. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, არაფრით შეუშალონ ხელი ამ უფლების ეფექტიან განხორციელებას.

ტუბერკულოზის მძიმე, მულტირეზისტენტული ფორმით დაავადებული ნიკო მახარაძე ქართველმა სამართალდამცავებმა ნარკოდანაშაულის გამო 2006 წელს დააკავეს. ადვოკატი მისთვის წინასწარი პატირობის შეცვლას ითხოვდა, რადგან წინასწარი პატიმრობისას მახარაძე ვერ ისარგებლებდა იმ აუცილებელი სამკურნალო სერვისით, რაც მას სასიცოცხლოდ ესაჭიროებოდა. მსგავსი სიმძიმის ავადმყოფის სამკურნალო ინფრასტრუქტურა იმ დროისათვის ციხეში არ არსებობდა. მიუხედავად ამისა, ნიკო მახარაძეს წინასწარი პატიმრობა მაინც შუფარდეს, მალევე სცნეს დამნაშავედ და 7-წლიანი პატიმრობაც მიუსაჯეს. ეს გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2007 წელსაც ძალაში დატოვა.

ციხეში მოხვედრილი ნიკო მახარაძის მდგომარეობა 2006 წელსვე გაურესდა, რის გამოც ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნიკო მახარაძემ მოითხოვა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისთვის პატიმრობ შეეწყვიტათ, რადგან ციხეში არ არსებობდა ტუბერკულოზის მძიმე ფორმის მკურნალობის საშუალება, რაც პატიმრის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდა.  თბილისის საქალაქო სასამართლომ მახარაძის მოთხოვნები 2008 წლის ივლისში არ დააკმაყოფილა. მოტივი კი ის იყო, რომ ქართულ ციხეებში მალე დაინერგებოდა ტუბერკულოზის მძიმე, გართულებული ფორმების სამკურნალო პროგრამები.

დამატებითი გამოკვლევების ჩატარების მოთხოვნით ნიკო მახარაძემ შიმშილობა პირველად 2008 წლის შემოდგომაზე გამოაცხადა, შედეგად, ერთი თვის შემდეგ მას ეს გამოკვლევები ჩაუტარეს. პატიმარმა 2008 წელსვე მეორედ დაიწყო შიმშილობა და ითხოვდა, მისთვის მიეწოდებინათ ტუბერკულოზის მძიმე ფორმის სამკურნალო სპეციალური პრეპარატი და გადაეყვანათ სპეციალიზებულ სამკურნალო დაწესებულებაში. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის უკვე მზად იყო საქართველოს ეროვნული სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა ნიკო მახარაძის გართულებულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ის კვლავ რჩებოდა ციხის საავადმყოფოში. გარდა ამისა, 2008 წლის დეკემბერში სააპელაციო სასამართლომ არ შეცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნიკო მახარაძის სასჯელის შეწყვეტასთან დაკავშირებით და ის კვლავ პატიმრობაში დარჩა.

ამის პარარელურად, 2008 წლის ნოემბერში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, რეგლამენტის შესაბამისად, მიუთითა საქართველოს ხელისუფლებას, ნიკო მახარაძე გადაეყვანათ ტუბერკულოზის სამკურნალო სპეციალიზებულ დაწესებულებაში. ხელისუფლების პასუხი ამ შემთხვევაშიც უარყოფითი იყო. საქართველოს ხელისუფლების მტკიცებით, ეს აუცილებელი არ იყო, რადგან ციხის ახალ საავადმყოფოში პატიმარს ექნებოდა ადეკვატური პირობები ტუბერკულოზის მძიმე, მულტირეზისტენტული ფორმის სამკურნალოდ.

ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების გამო ნიკო ნიკო მახარაძე 2009 წლის იანვარში გარდაიცვალა, მისი სიცოცხლის უფლების დარღვევაში კი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველო დაადანაშაულა. ამის გამო ქვეყნის ბიუჯეტიდან ნიკო მახარაძის ცოლს, დალი სიხარულიძეს კომპენსაცია – 15 ათასი ევრო უნდა გადაეცეს.

სტრასბურგის სასამართლოში ჯერ არ გაუსაჩივრებიათ 34 წლის პატიმრის, გოჩა დეისაძის საქმე, რომელიც ტუბერკულოზის მძიმე ფორმით იყო დაავადებული. ის 2011 წლის 15 სექტემბერს გარდაიცვალა და ნეტგაზეთი მის შესახებ რამდენიმე დღის წინ წერდა.

გოჩა დეისაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მის ადვოკატს – მაია ჯულაყიძესა და ოჯახს აქვთ კითხვები, რომლებზეც პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. ისინი ექსპერტიზის ოფიციალურ პასუხს დღემდე ელიან. გარდა ამისა, ადვოკატს მიაჩნია, რომ გოჩა დეისაძეს ციხის სამკურნალო დაწესებულებებში არასათანადოდ მკურნალობდნენ, რამაც მისი სიკვდილი დააჩქარა.  შემდგომ სამართლებრივ ნაბიჯებს დეისაძის ადვოკატი მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზისა და ექსპერტიზის პასუხის მიღების შემდეგ გადადგამს.

მაია ჯულაყიძე ამბობს, რომ გოჩა დეისაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც აღწერილია სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში, იძლეოდა იმის საფუძველს, რომ დეისაძისთვის პატიმრობა შეეწყვიტათ.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, ადვოკატმა 2011 წლის 8 აგვისტოს მიმართა ჯანდაცვის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს ერთობლივ კომისიას, რომელიც განიხილავს მძიმე ავადმყოფი პატიმრების სასჯელისგან გათავისუფლების საქმეს.  ადვოკატმა განცხადებაში მიუთითა, რომ ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გოჩა დეისაძის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. მის განცხადებას თან ერთვოდა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნა.

კომისიიდან პირველი პასუხი მაია ჯულაყიძემ 2011 წლის 11 ოქტომბერს მიიღო. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ადვოკატს მსჯავრდებულის სამედიცინო ისტორიის ქსეროასლსა და სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმის მიერ გაცემულ ჯანმრთელობის ცნობას სთხოვდა. განცხადების განხილვას კი ამ დოკუმენტების მიღების შემდეგ დაიწყებდნენ. გოჩა დეისაძე 11 ოქტომბერს უკვე 1 თვის გარდაცვლილი იყო.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე “მახარაძე და სიხარულიძე საქართველოს წინააღმდეგ.”

მასალების გადაბეჭდვის წესი