სამართალი

მაიკლ ჯექსონის სიკვდილში დამნაშავე პირადი ექიმია

8 ნოემბერი, 2011 • • 4047
მაიკლ ჯექსონის სიკვდილში დამნაშავე პირადი ექიმია

მაიკლ ჯექსონის ფანების ტრანსფარანტები სასამართლოსთან
მაიკლ ჯექსონის ფანების ტრანსფარანტები სასამართლოსთან

აშშ-ში ლოს-ანჯელესის სასამართლომ თბილისის დროით 8 ნოემბერს, 01:15 საათზე პოპვარსკვლავ მაიკლ ჯექსონის არაწინასწარგანზრახულ მკვლელობაში დამნაშავედ მისი პირადი ექიმი – კონრად მიურეი სცნო.

სასამართლო განხილვისას მტკიცბულებებით დადასტურდა, რომ კონრად მიურეი მაიკლ ჯექსონის პირადი ექიმი იყო მისი სიცოცხლის ბოლო ორი თვის მანძილზე. ექიმი ამ დროის განმავლობაში პოპვარსკვლავს ეხმარებოდა, რომ სცენას დაბრუნებოდა. მაიკლ ჯექსონს რომ დაეძინა, მიურეი მას ყოველ ღამე ქირურგიულ საანესთეზიო საშაულებას – პროფოფოლს უკეთებდა.

CNN-ის ინფორმაციით,  2009 წლის 25 ივნისს მაიკლ ჯექსონის სიკვდილის მიზეზი, ლოს ანჯელესის საგამოძიებო ბიუროს მტკიცებით, “პროფოფოლით გადაჭარბებული ინტოქსიკაცია” დაასახელა.

12 ნაფიც მსაჯულს, რომელთაგან 7 მამაკაცი იყო და 5 ქალი, საბოლოო ვერდიქტის გამოსატანად ლოს-ანჯელესის სასამართლოში 9-საათიანი თათბირი დასჭირდა. თათბირამდე კი მათ 49 მოწმე დაკითხეს 23 დღის მანძილზე. დაკითხულთა შორის იყვნენ: გამომძიებლები, სამედიცინო ექსპერტები, კონრად მიურეის პაციენტები, მაიკლ ჯექსონის თანამშრომლები და ა.შ.

სასამართლო პროცესის განმავლობაში სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე მაიკლ ჯექსონის ფანები იყვნენ შეკრებილი, რომლებსაც თან ჰქონდათ ტრანსფარანტები წარწერით “ჩვენ გვენატრება მაიკლი.”

ჯექსონის პირადი ექიმისთვის განაჩენის გამოტანამდე პროკურორი ამტკიცებდა, რომ კონრად მიურეის საქციელი იყო უგუნური და სამართლებრივად უპასუხისმგებლო, რადგან მაიკლ ჯექსონის უძილობის მკურნალობას ქირურგიული საანესთეზიო საშუალებით ცდილობდა.

კონრად მიურეის ადვოკატი სასამართლო პროცესზე ამტკიცებდა, რომ მიურეის შემთხვევა სამედიცინო დაუდევრობა იყო და ის სასამართლოს ნაცვლად სახელმწიფო სამედიცინო კომისიას უნდა შეესწვალა.

“მაიკლ ჯექსონის ნაცვლად ეს ნებისმიერ სხვა ადამიანს რომ მოსვლოდა, იქნებოდა დღეს კონრად მიურეი აქ?” – იკითხა ბოლო სასამართლო სხდომაზე ჯექსონის ექიმის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა.

CNN-ის ინფორმაციით, ამის შემედეგ ნაფიცი მსაჯულები სპეციალურ ოთახში გავიდნენ იმის გასარკვევად, ჯექსონის სიკვდილი საანესთეზიო საშუალების სტაბილურად, გადაჭარბებული დოზით მიღებამ გამოიწვია, თუ პოპვარსკვლავმა, ექიმის მიერ გაკეთებული ინექციის გარდა, თავად გაიკეთა მომაკვდინებელი დოზა, როგორც ამას ჯექსონის პირადი ექიმის ადვოკატი ამტკიცებდა.

კონრად მიურეის ადვოკატმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ “მიურეი იყო პატარა თევზი დიდ ბინძურ აუზში.”  მან ამ სიტყვების წარმოთქმისას, როგორც მაიკლ ჯექსონზე, ისე მის სხვა ექიმებზეც მიუთითა.

საინფორმაციო სააგენტოების ცნობითი, ჯექსონის ოჯახის წევრები ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებას ქვითინით შეხვდნენ, თავად ექიმი მიურეი კი – გაქვავებული სახით. მას ხელბორკილები დაადეს და 29 ნოემბრამდე, გირაოს გარეშე – სასჯელის დაკისრებამდე დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი