სამართალი

პატიმრების სიმბოლური აქცია – შიმშილობა ერთი დღით

7 ნოემბერი, 2011 •
პატიმრების  სიმბოლური აქცია – შიმშილობა ერთი დღით

 

”პოლიტპატიმრებმა, მელორ ვაჩნაძემ და ლევან გოგიჩაიშვილმა 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებული მოვლენების გამო ერთდღიანი შიმშილობა გამოაცხადეს”, – განაცხადეს მოძრაობა ”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” და მოძრაობა ”არას” წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

 

აღნიშულ მოძრაობებს რუსთავის კოლონიდაან მელორ ვაჩნაძე და ლევან გოგიჩაიშვილი დაუკავშირდნენ და თავიანთი განცხადება გაუგზავნეს:

”საქართველოში 2007 წლის 7 ნოემბერს ხელისუფლებამ გადადგა ერთ-ერთი დიდი ნაბიჯი საქართველოში ავტორიტარული მმართველობის საბოლოოდ დასაკანონებლად, უკანონოდ იქნა დარბეული საპროტესტო აქციები პარლამენტთან, რიყეზე, ტელეკომპანია “იმედთთან”, უკანონოდ იქნა დარბეული და ჩამორთმეული კანონიერი მფლობელებისათვის ტელეკომპანია “იმედი”.  2007 წლის  7 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლებამ არაერთგზის დაარღვია ადამიანის უფლებების საქართველოს კანონმდებლობა და კონსტიტუცია. ამის მიუხედავად, ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი ამ დრომდე არ დასჯილა, უფრო მეტიც, საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს გადაავიწყდა 2007 წლის 7 ნოემბერი და ამ დღესთან დაკავშირებული ფაქტები და პოლიტპატიმრები. ამასთან დაკავშირებით მელორ ვაჩნაძე და ლევან გოგიჩაიშვილი შიმშილობის აქციას იწყებენ და აპროტესტებენ ხელისუფლების მიერ ჩადენილ ძალადობას 2007 წლის 7 ნოემბრის დროს”.

როგორც მოძრაობა ”არას” ხელმძღვანელმა ლევან ჩიტაძემ ჟურნალისტებს განუმარტა, შიმშილობის აქცია ამ ეტაპზე არის სიმბოლური, თუმცა ერთი კვირაა დაიწყო პოლიტპატიმრების ორგანიზება ამ საკითხთან დაკავშირებით:

”არასამთავრობო სექტორმა კარგად ვიცით, რომ 2003 წლიდან დღემდე 800 ადამიანზე მეტია დაკავებული პოლიტიკური ნიშნით, ამ დროისათვის 83 ადამიანი იხდის სასჯელს ამ ნიშნით, თუმცა გრძელდება საქმეების შესწავლა და დიდი ღონისძიებები იგეგმება ამ კუთხით. პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ყველა ადამიანი, რომელიც სასჯელს იხდის ორთაჭალის, ქსნისა და რუსთავის კოლონიაში, საქმის კურსშია ამ აქციასთან დაკავშირებით და სოლიდარულები არიან აქციის მიმართ, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ მოხერხდა მასობრივი შიმშილობის აქციის დაწყება,” – აღნიშნა ლევან ჩიტაძემ.

ლევან ჩიტიძემ განაცხადა, რომ პატიმრებზე ზეწოლა მოხდა, რათა მათ შიმშილობა არ დაეწყოთ, თუმცა მოძრაობა ”არას” წარმომადგენელი ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია ხვალ ექნება, მას შემდეგ, რაც ადვოკატი შევა ორთაჭალის ციხეში და გაარკვევს, განხორციელდა თუ არ ზეწოლა და რა ტიპის იყო ის.

მოძრაობა ”არას” ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ლევან გოგიჩიშვილი 2009 წელს დააკავეს ირინკა ბათიაშვილის დაბადების დღეზე მომხდარი ინციდენტის გამო, მას ბრალად დაედო არსრულწლოვნის დაჭრა. მელორ ვაჩნაძეც 2009 წელს დააკავეს, მას თაღლითობაში დაედო ბრალი და  4 წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა:

მოძრაობა ”არას” ხელმძღვანელმა ლევან ჩიტაძემ განაცხადა, რომ მელორ ვაჩნაძე და ლევან გოგიჩაიშვილი პოლიტპატიმრები არიან:

” რა თქმა უნდა, მათ სასჯელს არ წაუყენებდნენ პარტიის წევრობის ან ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლის გამო, ორივე მათგანი 2009 წლის  9 აპრილის გაერთიანების შტაბში იყვნენ  გაწევრიანებული, როგორც იტყვიან, რადიკალი ოპოზიცინერები იყვნენ და ზუსტად ამის გამო დააკავეს ისინი,”- აღნიშნა ლევან ჩიტაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ახსოვდეს ის ძალადობრივი ღონისძიებები, რაც ხელისუფლებამ საზოგადოების მიმართ გაატარა 2007 წლის 7 ნოემბერს, შემდეგ 2009 წელს და ბოლოს 2011 წლის 26 მაისს:

”როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, აუცილებლად უნდა დადგეს ყველა დამნაშავის, პოლიციელის, პოლიციის თანამშრომლის, სამმართველოს ხელმძღვანელის, ბრძანების გამცემის სამართლებრივი პასუხისმგებლობა თავისუფალი სასამრთლოს პირობებში, რადგან 3 შემთხვევაში მოხდა ძალის გადამეტება, საქართველოს კანონმდებლობის და კონსტიტუციის დარღვევით,”- აღნიშნა ლევან ჩიტაძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი