სამართალი

ხობის რაიონის გამგებელი კორუფციის ბრალდებითაა დაკავებული

4 ნოემბერი, 2011 • • 1459
ხობის რაიონის გამგებელი კორუფციის ბრალდებითაა დაკავებული

ხობის რაიონის გამგებელი იგორ ტყებუჩავა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა კორუფციის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ნეტგაზეთს რამდენიმე წუთის წინ შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხლემძღვანელმა შოთა უტიაშილმა განუცხადა.

შსს-ს ამ ეტაპზე არ ახმაურებს, კონკრეტულად რა საქმეს და რა რაოდენობის ქრთამის აღებას უკავშირდება გამგებლის დაკავება. ნეტგაზეთი ერთი კვირის მანძილზე უშედეგოდ ცდილობდა მიეღო ინფორმაცია ხობის გამგებლის დაკავების მიზეზების შესახებ, თუმცა, გასული დღეების განმავლობაში ინფორმაცია ვერც შსს-სგან მივიღეთ, ვერც პროკურატურისგან და ვერც თბილისის საქალაქო სასამართლოსგან. იგორ ტყებუჩავა სწორედ თბილისშია გადმოყვანილი.

იგორ ტყებუჩავას დაკავების შესახებ ნეტგაზეთს ხობის ერთ-ერთმა მცხოვრებმა რამდენიმე დღის წინ განუცხადა. წყაროს ცნობით, გამგებელი პარაკევს, 28 ოქტომბერს, გამგეობის წინ, შენობიდან გამოსვლის დროს კუდ-ის თანამშრომელბმა დააკავეს. მის დაკავებას ხობის მცოხვრებთა ნაწილიც შეესწრო.

ხობის რაიონის გამგებლის ორივე მოადგილე – რალა ჩემია და გიორგი გაწერელია – მთელი კვირის მანძილზე გამგებლის დაკავების ფაქტს არც უარყოფდნენ და არც ადასტურებდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ იგორ ტყებუჩავა სამსახურში 28 ოქტომბრის სამუშაო დღის დასრულების შემდეგ სამსახურში არ უნახავთ და მის მოვალეობას მოადგილე გიორგი გაწერელია ასრულებს.

წყარომ, რომელსაც ვინაობის საჯაროდ გამხელა არ სურს, ნეტგაზეთს უთხრა, რომ ხობის გამგეობის თანამშრომლები გამგებლის დაკავების დეტალებისა და მიზეზის  გაგებას მისი ოჯახიდან ამ დრომდე ცდილობენ, თუმცა, მათ ზარებს გამგებლის ოჯახში არავინ პასუხობს. ტყებუჩავას დაკავების ოფიციალური მიზეზის შესახებ ინფორმაცია არა აქვთ ხობელებსა და გამგებლის ახლობლებს.

ნეტგაზეთის წყაროს ცნობით, წლების განმავლობაში ხობის რაიონის გამგებლებს სამსახურეობრივი საქმიანობის გამო პრობლემები სამართალდამცავებთან არაერთხელ შექმნიათ. მაგალითად, სამართალდამცავები იძიებდნენ იგორ ტყებუჩავას წინამორბედის – რობერტ გვიჩიას საქმეს, რომელიც დაკითხვის შემდეგ თანამდებობიდან გაათავისულეს. ოფიციალურად მან პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. გვიჩია თანამდებობაზე 2006-2009 წლებში მუშაობდა. იგორ ტყებუჩავა კი ხობის რაიონის გამგებლის პოსტს სწორედ 2009 წლიდან იკავებს.

წლების წინ დააკავეს უკვე ყოფილი გამგებელი – ანგული მიქავა, რომელმაც სასჯელიც კი მოიხადა. კანონთან შექმნილი პრობლემების გამო ჯერ კიდევ ”ვარდების რევოლუციამდე” დააკავეს ხობის ერთ-ერთი გამგებელი თემური გერგაია.

მასალების გადაბეჭდვის წესი