სამართალი

”შიშველი ფოტოსესიის” ნაცემი ავტორი პოლიციამ დაკითხა

1 ნოემბერი, 2011 • • 1781
”შიშველი ფოტოსესიის” ნაცემი ავტორი პოლიციამ დაკითხა

რობერტო ქველინი
რობერტო ქველინი

”შიშველი ფოტოსესიის” ავტორმა, ქუთაისელმა ფოტოგრაფმა რობერტო ქველინმა, რომელიც გუშინ, 31 ოქტომბერს, ქუთაისში ცემეს, დღეს პოლიციაში განცხადება შეიტანა. სამართალდამცავებმა ის დაკითხეს და სამედიცინო ექსპერტიზაც ჩაუტარეს.

რობერტო ქველინის დაკითხვა ქუთაისის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში დღეს, 1 ნოემბერს, რამდენიმე საათის მანძილზე გრძელდებოდა. როგორც ფოტოგრაფმა ”ნეტგაზეთს” განუცხადა, მისი ცემის მიზეზი ცხოვრების განსხვავებული წესი და გარეგნობა გახდა.

”დაახლოებით ორი კვირის წინ ოთხკაციანი ჯგუფი დამესხა თავს. გუშინაც იგივე ჯგუფი, იგივე სახეები მომმართავდნენ შეურაცხმყოფელი სიტყვებით, ”შენ, ასეთო ფოტოგრაფო, შენ, ერის გამრყვნელო. გამოირჩეოდნენ სისასტიკით. მახლდა ქალბატონი, რომლისკენაც წაიწიეს, მან კი გაასწრო. ასი მეტრის მანძილზე თან მომსდევდნენ და თან მცემდნენ, მერე გავითიშე.  აგრესიას გამოხატავდნენ იმიტომ, რომ მე მაქვს ბლანჟე, დავდივარ ფოტოაპარატით და განსხვავებული ცხოვრების წესით ვცხოვრობ და ამას მეუბნებოდნენ და მაძახებდნენ, რომ შენ ხარ ქალაქიდან გასაძევებელი ადამიანი და ა.შ.,” – უთხრა ფოტოგრაფმა ”ნეტგაზეთს”.

მისი თქმით, ინციდენტი 31 ოქტომბერს, საღამოს 6 საათზე, ქუთაისში, თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, გრიშაშვილის ქუჩაზე მოხდა.

დღესვე ფოტოგრაფი ფეისბუქში, საკუთარ კედელზე წერდა: ”ეხლა მხოლოდ ერთ რამეზე ვზრუნავ, რომ აქედან გავაღწიო საზღვრებს გარეთ. გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და დამეხმაროთ საქართველოდან გაქცევაში. ამ ქალაქში არასოდეს გაიხარევს მშენებელი, არასოდეს გაიხარებს კაცის გონება.. ამ ქალაქში არასოდეს იქნება ”ადამიანები”. ალბათ გაიგებდით ვინმე მაინც თეთრს ხიდთან რა მოხდა. მოგიტყანთ “georgia.”

რობერტო ქველინმა ”ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ის დაელოდება გამოძიების დასრულებას, სასამართლო პროცესის გამართვას და მხოლოდ ამის შემდეგ ისაუბრებს საზღვარგარეთ წასვლაზე.

რობერტო ქველინის მიერ გადაღებული ფოტოსესია საზოგადოების ყურადღების ცენტრში რამდენიმე კვირის წინ მოხვდა. მან მეგობარი გოგოს შიშველი ფოტსესია ქუთასის ცენტრში, მდინარე რიონის პირას, დღისით ხალხის თავლწინ გადაიღო, რასაც არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა.

ფოტოგრაფის მხარდასაჭერი აქცია დღესვე დაიგეგმა ფეისბუქში. აქცია 2 ნოემბერს, 16:00-დან 16:30 საათამდე, ქუთაისში, თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი