სამართალი

მალხაზ გულაშვილი დაკავებულია

27 ოქტომბერი, 2011 • • 2621
მალხაზ გულაშვილი დაკავებულია

მალხაზ გულაშვილი
მალხაზ გულაშვილი

დღეს, 27 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ 25 ოქტომბერს აზერბაიჯანი-საქართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე ქართველმა სამართალდამცველებმა ძებნილი მალხაზ გულაშვილი დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

მალხაზ გულაშვილი ტელეკომპანია “კავკასიის” სტუდიაში 2010 წლის მაისში მომხდარი ინციდენტისა და საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით იძებნებოდა. მასთან ერთად სამართალდამცავებმა დააკავეს მალხაზ გულაშვილის შვილი – ასევე საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ძებნილი დავით გულაშვილი.

პროკურატურის ცნობით, მალხაზ გულაშვილმა სრულად აღიარა დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან, რის საფუძველზეც მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და სასჯელის სახით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით.

დავით გულაშვილი კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს პატიმრობიდან.

მედიაჰოლდინგ ”ჯორჯიან თაიმსისა” და ”სახალხო მართლამდიდებლური მოძრაობის” დამფუძნებელ მალხაზ გულაშვილს სამართალდამცავებთან პრობლემები 2010 წელს, ტელეკომპანია ”კავკასიაში” მომხდარი ჩხუბის შემდეგ შეექმნა. ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში გადიოდა ტოქ-შოუ, რომლის მთავარი თემაც იყო ერეკლე დეისაძის წიგნის – ”საიდუმლო სირობის” გარშემო განვითარებული მოვლენების განხილვა. მაშინ ”სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა” ”საიდუმლო სირობას” ანტიეროვნულ ნაწარმოებად მიჩნევდა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს წიგნის პრეზენტაციის გამო აკრიტიკებდა. გარდა ამისა, ეწყობოდა აქციები ილიას უნივერსიტეტის წინ, რაც ხელჩართულ ჩხუბში არაერთხელ გადაზრდილა. თუმცა სამართალდამცავებმა მოძრაობის წევრები მხოლოდ ტელეკომპანია ”კავკასიის” პირდაპირ ეთერში დაწყებული ჩხუბის გამო დააკავეს და მოგვიანებით მათ სასამართლომ პატიმრობაც მიუსაჯა. მალხაზ გულაშვილმა კი საქართველოს ტერიტორია ცხინვალის რეგიონის გავლით დატოვა და ამ ხნის მანძილზე რუსეთში იმყოფებოდა. მისი წასვლის შემდეგ დაიხურა გაზეთი ”ჯორჯიან თაიმსი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი