შსს ჟურნალისტებს მორიგებას სთავაზობს

26 მაისს დაზარალებულ ჟურნალისტებსა და მედიაორგანიზაციებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სასამართლოში საქმის არსებით განხილვამდე მორიგებას სთავაზობს, თუმცა, პირობები უცნობია.

26 მაისს დაზარალებულ ჟურნალისტებსა და მედიაორგანიზაციებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სასამართლოში საქმის არსებით განხილვამდე მორიგებას სთავაზობს, თუმცა, პირობები უცნობია.

შსს-ს წინააღმდეგ ჟურნალისტების სარჩელთან დაკავშირებით დღეს, 26 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მეორე მოსამზადებელ სხდომა გაიმართა. დღესვე გადაწყდა, რომ საქმის არსებითი განხილვა 22 ნოემბერს დაიწყება.

მოპასუხე მხარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ნინო წოწონავა,   დაგვიანების გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ მივიდა. პროცესზე მოსამართლემ მოსარჩელე მხარეს მოპასუხის შესაგებელი გადასცა, სადაც შსს წერს, რომ  წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება სამართალდამცავთა მხრიდან ჟურნალისტებისთვის მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი.

პროცესის დასრულების შემდეგ დაგვიანებით მოსულმა შსს-ს წარმომადგენელმა ჟურნალისტთა ინტერესების დამცველ იურისტ – ნათია კაპანაძეს გააცნო შსს სურვილი მორიგების თაობაზე, თუმცა ეს არ ყოფილა ოფიციალური შეთავაზება.

ნათია კაპანაძის თქმით, შსს წარმომადგენელი ჟურნალისტთა სარჩელს ნაწილობრივ აღიარებს, თუმცა მიიჩნევს, რომ ფაქტების რაღაც ნაწილი არ დასტურდება. ადვოკატებისთვის კი უცნობია, კონკრეტულად სარჩელის რომელი პუნქტია მისაღები და რომელი არა.

შსს-ს წარმომადგენელმა ჟურნალისტების ინტერესების დამცველს სასამართლომდე მორიგება შესთავაზა, თუმცა პირობები არ წარმოუდგენია. ადვოკატ ნათია კაპანაძის თქმით, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, როცა ადვოკატები იმ ჟურნალისტებს და მედიაორგანიზაციებს მოეთათბირებიან, ვინც უჩივის შსს-ს. ნათია კაპანაძისთვის ამ ეტაპზე უცნობია მედიაორგანიზაციებისა და ჟურნალისტების პოზიცია.

შპს ”გაზეთ ბათუმელების” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კატეგორიულად გამორიცხავს რაიმე სახის მორიგებას. მისი თქმით, გაზეთმა მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით იმიტომ მიმართა სასამართლოს, რომ ყველაფერი სამართლებრივად გაირკვეს.

იმ შემთხვევაში, თუ მომჩივანსა და მოპასუხეს შორის მორიგება შედგა და ისინი გარკვეულ პირობებზე შეთანხმდებიან, სასამართლო საქმის წარმოება შეწყდება.

ჟურნალისტებმა შსს-ს წინააღმდეგ სასამართლოში ადმინისტრაციული წესით სარჩელი 2011 წლის 26 მაისს, თბილისში ოპოზიციის აქციის დაშლისას სამართალდამცავების მიერ მიყენებული ფინანსური ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით შეიტანეს. ჟურნალისტების საერთო სარჩელი სულ შვიდი მოსარჩელის მოთხოვნას აერთიანებს, ესენი არიან: ნეტგაზეთის ჟურნალისტები თაზო კუპრეიშვილი და კონსტანტინ სტალინსკი, გაზეთ „გურია ნიუსის“ ჟურნალისტი ნატო გოგელია, შპს „გაზეთი ბათუმელები“, შპს „ჩოხატაურის მაცნე“, შპს „ახალი ამბები“, შპს „ცენტრ პლიუსი“ და ინტერენეტ გამოცემა media.ge. ჟურნალისტების ინტერესებს სასამართლოში იცავენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის იურისტები თამარ კორძაია და ნათია კაპანაძე.

პირველ მოსამზადებელ სხდომაზე, რომელიც 4 ოქტომბერს გაიმართა, მოსამართლემ განიხილა და დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა მოწმეების დაკითხვასთან დაკავშირებით. მოსარჩელის თხოვნით, სულ ათი მოწმე უნდა დაიკითხოს, რომლებიც დაადასტურებენ იმ ფაქტს, რომ კონკრეტულმა ჟურნალისტებმა ნამდვილად დაკარგეს პროფესიული აპარატურა 26 მაისის აქციის დაშლისას, ასევე მიიღეს ფიზიკური დაზიანებები. საქმეს მტკციებულებების სახით თან ახლავს ექიმის ცნობები, სადაც აღწერილია ჟურნალისტების ფიზიკური დაზიანებები 26 მაისის შემდგომ, ასევე ვიდეომასალა, რომელზეც აღბეჭდილია ერთ-ერთი ჟურნალისტის, კონსტანტინ სტალინსკისთვის რეზინის ტყვიებით მიყენებული დაზიანებები.

საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თეა თადაშვილი განიხილავს.

ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით ნეტგაზეთის ჟურნალისტებმა საქართველოს მთავარ პროკურორს განცხადებით მიმართეს, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი