სამართალი

მოქალაქის განცხადებით, პოლიციის თანამშრომლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

27 აპრილი, 2016 • 1470
მოქალაქის განცხადებით, პოლიციის თანამშრომლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

ომბუდსმენმა მოქალაქის მიმართ პოლიციის თანამშრომელთა მიერ განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების წინადადებით  საქართველოს მთავარ პროკურორს მიმართა.

ამის თაობაზე სახალხო დამცველის ოფისი ინფორმაციას 27 აპრილს ავრცელებს.

“მოქალაქის განმარტებით, იგი 2016 წლის 25 აპრილს თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, დაადეს ხელბორკილები და ჩასვეს პოლიციელთა ავტომანქანაში. როგორც გ.ა. აცხადებს, პოლიციელმა მ.ყ.–მ ჯერ სახის არეში დაარტყა ხელი, შემდეგ- სხეულზე რამდენჯერმე ფეხი. დაკავებული გადაიყვანეს პოლიციის განყოფილების ეზოში, სადაც რამდენიმე პოლიციელი სცემდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო მ.ყ. სექსუალური ხასიათის ძალადობრივი ქმედების განხორცილებით დაემუქრა. ამასთან, პოლიციელები ემუქრებოდნენ ოჯახის წევრების გაუპატიურებით,” – ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, თბილისისა და მცხეთა–მთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში შედგენილი გარეგნული დათვალიერებისა და გასაუბრებისას შედგენილი ოქმების მიხედვით, გ.ა.–ს სხეულის დაზიანებები აღენიშნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი