ბიძინა ივანიშვილის შვილის, მომღერალ ბერას მეგობარი ლევან მდინარაძე სამართალდამცავებმა ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა–შენახვის გამო დააკავეს, აცხადებს შსს.
მის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახურის უფროსმა ზურაბ გვენეტაძემ გააკეთა: “ლევან მდინარაძე 260–ე მუხლითაა დაკავებული ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონოდ შეძენა–შენახვის ფაქტთან დაკავშირებით.” გვენეტაძემ უარყო მომღერლის “ქართული ოცნების” მაისურების დარიგების გამო დაკავება.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლევან მდინარაძე (DJ Rembo) მაისურების დარიგების გამო დააკავეს, ბერას ოფიციალურ ფეისბუქ– გვერდზე გავრცელდა.
”ლევან მდინარაძე (DJ Rembo) ქართული ოცნებისთვის დაიჭირეს! გუშინ საღამოს დააკავეს ჩემი და თქვენი მეგობარი, ცნობილი დიჯეი ლევან მდინარაძე (DJ Rembo). ის „ქართული ოცნების“ მაისურებს არიგებდა… ვერ შევჩერდებით, მთელი თაობა მოგვყვება!” – წერს ბერა ფეისბუქზე. ბერას პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თამთა ასლამაზიშვილმა დაადასტურა ფაქტი, რომ ლევან მდინარაძე ბერასთან მეგობრობდა და გუშინ “ქართული ოცნების” მაისურებს არიგებდა, თუმცა მან განაცხადა, რომ მდინარაძის დაკავების მიზეზი მისთვის უცნობია.
DJ Rembo-ს და ფეისბუქზე წერს, რომ სამართალდამცავებმა მდინარაძის საცხოვრებელი გაჩხრიკეს, თუმცა არაფერი უპოვიათ.